ნეტავ რას შევცვლიდით, დროში მოგზაურობა რომ შეგვეძლოს და იმ მომავლის ნახვა, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ნაბიჯებს მოჰყვება? ერთი მხრივ, დიდი პრივილეგია იქნებოდა, მაგრამ „გაურკვევლობის ჯადოსნურობას“ დავკარგავდით.
ჰოლანდიური ლატარიის კომპანიამ საშობაო ვიდეორგოლი სწორედ ამ ნარატივზე ააგო. მთავარი გმირი ანტიკვარიატის მაღაზიაში შედის, სადაც დროში მოგზაურობისთვის განკუთვნილ ნივთს გადააწყდება და ხედავს, როგორ იცვლება მისი ცხოვრება ათწლეულებიდან ათწლეულებამდე… ბოლოს კი არჩევანის გაკეთება უწევს: გოგონას გაჰყვეს, რომელიც მომავალში მისი მეუღლე უნდა გახდეს თუ გაფრენილ ბილეთს გაეკიდოს? ალბათ, დამკვეთი კომპანიიდან გამომდინარე, ბევრი ბილეთს აირჩევდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „სიყვარულმა გაიმარჯვა“. აქ იმაზეცაა მინიშნება, რომ იღბალი თავად გიპოვის და აუცილებელი არაა, ყველაფერს ერთიანად გავეკიდოთ…