ნაყინის ბრენდი Ben & Jerry’s ბაზრის იმ მოთამაშეებს შორისაა, რომელმაც კარგად იცის, რა როლი აქვთ ხოლმე პასუხისმგებლიან კომპანიებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა ბრენდი, რომელიც თავის თავში იტევს გემრიელ პროდუქტსაც და სამოქალაქო აქტივიზმსაც. სანამ გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ სწორედ მასზე გიამბობთ.
ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც ბენ კოენმა და ჯერი გრინფილდმა, ნაყინის პირველი ობიექტი გახსნეს. ერთმანეთი მეშვიდე კლასიდან გაიცნეს, ლონგ-აილენდზე განთავსებულ სპორტულ კლასში. ბიზნესი $12,000-იანი ინვესტიციით დაიწყეს და მაღაზია ბურლინგტონში, განახლებულ ბენზინგასამართ სადგურში მოაწყვეს.
თავდაპირველად, ლონგ-აილენდის ცნობილი ბაგელების ნიუ-იორკში გადატანა განიზრახეს. ბაგელის ტიპის ობიექტები ნიუ-იორკში ბევრი იყო, თუმცა გემრიელ ნაყინს ასე მარტივად მაინც ვერ იპოვიდით. ხუთწლიანი დაუღალავი შრომისა და წარმატებული ოპერირების შემდეგ, კოენმა და გრინგილდმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს. გახსნეს Scoop Shop-ები და საცალო მაღაზიებშიც აქტიურად დაიწყეს ნაყინის გაყიდვა.
საინტერესოა, რომ ბიზნესის კეთებისას გამოიკვეთა ერთი პრობლემა – კოენს ანოსმია ჰქონდა, ეს კი ნიშნავს, რომ სუნის ან გემოს აღქმა არ გააჩნდა. ბუნებრივია, ეს საკვები პროდუქტის წარმოებისთვის შეუთავსებელი პრობლემა უნდა ყოფილიყო. თუმცა, სწორედ აქ აღმოაჩინა ბრენდმა თავისი ხელწერა და კოენმა არომატის შეზავება შეგრძნებით შეძლო.
Ben & Jerry-ის პირველი არომატი, რომელიც მაღაზიის თაროებზე მოხვდა, შოკოლადის ნამცხვრის ცომი გახლდათ. ეს არომატი კლასიკურია და თითქოს ნაცნობიც, მაგრამ Ben & Jerry’s-მა სრულიად განსხვავებული პროდუქტები შექმნა. ბრენდი იმდენად სასურველი იყო, რომ კონკურენტებმა მის წინააღმდეგ ბინძური თამაში წამოიწყეს. მაგალითად, Haagen Dazs-მა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეებს Ben & Jerry’s-თან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა.
Ben & Jerry’s-ს უკან არ დაუხევია და საპასუხოდ, ბრძოლა გადაწყვიტა. მან წამოიწყო კამპანია Haagen-Dazs-ის მშობელი კომპანიის წინააღმდეგ. მან მიმართა ნაყინის მოყვარულებს, დაერეკათ Pillsbury-ში და ეკითხათ, რისი ეშინოდათ მათ. Haagen-Dazs-მა უკან დაიხია და Ben & Jerry’s-მა ზრდა განაგრძო.
1988 წელს, კომპანიამ შექმნა არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის 1%-ის წარმართვა მშვიდობის ხელშემწყობი საქმიანობების კუთხით.
2005 წელს, კომპანიამ ალიასკის შტატის ფორმის 900-ფუნტიანი ნამცხვარი გამოაცხო და აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის გარშემო უმასპინძლდებოდა ადამიანებს. ეს იყო პროტესტი არქტიკაში ნავთობის ჭაბურღილების წინააღმდეგ. ბრენდს არაერთ სხვა აქტივობაშიც თამამად მიუღია მონაწილეობა, რადგან კარგად ესმის, კომპანია არ არის ცალკეული სუბიექტი, ის ადამიანების ცხოვრების ნაწილია და მათი ღირებულებებისთვის გულწრფელად უნდა იბრძოლოს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.