Ben & Jerry’s-ის ნაყინები 35-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. თამამი არომატებისა და ბრენდული ღირებულებების გამო ის ბევრ ადამიანს უყვარს. 1978 წლიდან, დაარსების დღიდან, კომპანია მაღალი ხარისხის ნაყინს სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობისადმი ღრმა ერთგულებით აწარმოებს, რაც მას, ნაყინთან ერთად, კიდევ უფრო საინტერესო ბრენდად ხდის.
ამ სტატიაში მოგიყვებით ვერმონტში გახსნილი პატარა მაღაზიის შესახებ, რომელიც გლობალურ ბიზნესად გადაიქცა.
თავმდაბალი დასაწყისი
ისევე როგორც ბევრი სხვა ბრენდის სახელი, ამ კომპანიის სახელწოდებაც დამფუძნებლებისგან მოდის. ორმა ბავშვობის მეგობარმა, ბენ კოენმა და ჯერი გრინფილდმა დააარსეს Ben & Jerry’s. ისინი არ იყვნენ ტიპური მეწარმეები და არ ჰქონდათ ბიზნესგამოცდილება. ბენმა ხელოვნების სკოლა მიატოვა, ჯერი კი უშედეგოდ ცდილობდა სამედიცინოზე ჩაბარებას.
1977 წელს მათ გადაწყვიტეს, ერთად დაეწყოთ ბიზნესი და პენის შტატის უნივერსიტეტში ნაყინის დამზადების 5-დოლარიანი კურსი გაიარეს. მათი პირველი ინვესტიცია 12 000 დოლარი იყო, აქედან 4000 სესხად აიღეს და გახსნეს ნაყინის მაღაზია ვერმონტის შტატში, გარემონტებულ ბენზინგასამართ სადგურზე.
მათი ნაყინი არ იყო სტანდარტული, რადგან არ ერიდებოდნენ ახალი არომატების მოსინჯვას. ამან მალე მოუტანა მაღაზიას პოპულარობა. გარდა ამისა, ბენი და ჯერი ცნობილი გახდნენ გულუხვი ულუფებით და მომხმარებლისადმი თბილი დამოკიდებულებით.
უნიკალური ბიზნესფილოსოფია
თავიდანვე Ben & Jerry’s გამოირჩეოდა არა მხოლოდ თავისი პროდუქციით, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის ღრმა რწმენით, რომელმაც მისი ბიზნესფილოსოფია განსაზღვრა და მთავარ ხაზად იქცა.
ბრენდს სამი ძირითადი მიმართულება ჰქონდა:
- საუკეთესო ნაყინის დამზადება
- კომპანიის გავლენის გამოყენება ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ადგილობრივებში და არამარტო
- ეკონომიკური მისია – ფოკუსირება მომგებიან ზრდაზე
იმ დროისთვის მოგებისა და მიზნის ეს ბალანსი რევოლუციური იყო, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობდა კორპორაციული პასუხისმგებლობა, როგორც ჩამოყალიბებული ცნება და Ben & Jerry’s, ფაქტობრივად, პიონერები იყვნენ.
სწრაფი ზრდა
1980-იან წლებში Ben & Jerry’s ადგილობრივი კომპანიიდან ეროვნულ ფავორიტად გადაიქცა. ბრენდის შემოქმედებითმა მარკეტინგმა, როგორიცაა „უფასო კონუსის დღის“ ორგანიზება ან არომატებისთვის მუსიკოსებისა და პოლიტიკოსების სახელების დარქმევა, მას ერთგული მომხმარებლების მოგროვებაში დაეხმარა.
1985 წელს Ben & Jerry’s-მა დააარსა Ben & Jerry’s Foundation და მოგების 7.5% საქველმოქმედო მიზნებს მოახმარა. იმავე ათწლეულში კომპანია სწრაფად გაფართოვდა.
წარმატების მიუხედავად, ბრენდს ყოველთვის ეცალა სოციალური საქმიანობებისთვის. ისინი იბრძოდნენ სამართლიანი ვაჭრობისთვის, გარემოსდაცვითი თემებისთვის, არაგენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისა და მდგრადი შეფუთვის დამკვიდრებისთვის.
Unilever-ის მიერ შეძენა
2000 წელს Ben & Jerry’s შეიძინა მრავალეროვნულმა ბრენდმა Unilever, რაშიც მან, არც მეტი არც ნაკლები, 326 მილიონი დოლარი გადაიხადა. გაყიდვას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან ბევრს ეშინოდა, Ben & Jerry’s-ს უარი არ ეთქვა თავის ღირებულებებსა და პრინციპებზე.
თუმცა შენაძენს უნიკალური სამართლებრივი სტრუქტურა მოჰყვა: Ben & Jerry’s-მა შეინარჩუნა დამოუკიდებელი საბჭო სოციალური მისიის ზედამხედველობისთვის. ამან კომპანიას საშუალება მისცა, გაეგრძელებინა აქტივისტური პოზიცია და, ამავდროულად, ესარგებლა Unilever-ის გლობალური მასშტაბით.
XXI საუკუნის აქტივიზმი და ინოვაციები
თანამედროვე ეპოქაში ბრენდი კვლავ თავისი პირვანდელი პოზიციების ერთგულად რჩება და აგრძელებს სოციალური თემებისთვის ბრძოლას, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, რასობრივი დისკრიმინაცია, ლგბტქ+ უფლებები, სისხლის სამართლის რეფორმა, ლტოლვილთა უფლებები და ა.შ. თითქმის არ რჩება არცერთი საკითხი, რომელსაც Ben & Jerry’s არ ეხმაურება.
მათ გამოუშვეს შეზღუდული გამოშვების ნაყინები, რომლის შეფუთვაზეც ეწერა Pecan Resist, Justice ReMix’d და სხვა, რათა ყურადღება მიეპყროთ და დაეფისქსირებიან საჯარო პოზიცია ისეთ თემებზე, რომლებსაც სხვა კომპანიები ერიდებიან.
Ben & Jerry’s არც დავებს გაურბის. 2021 წელს მას ბევრი კრიტიკა მოჰყვა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყიდვების შეწყვეტის გამო. ამ ნაბიჯმა გლობალური დებატები გამოიწვია – ბევრმაც მოუწონა საქციელი, თუმცა ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რასაც ბრენდი არ შეუშინდა.
2025 წლის მონაცემებით, Ben & Jerry’s ხელმისაწვდომია 35-ზე მეტ ქვეყანაში, მისი მაღაზიები განთავსებულია თითქმის ყველა კონტინენტზე, პროდუქცია კი ხელმისაწვდომია როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე პატარა, კუთხის მაღაზიებსა და აეროპორტებში.
მიუხედავად ამ გლობალური გავრცელებისა, ბრენდმა შეინარჩუნა ვერმონტის იდენტობა – მისი შტაბ-ბინა სამხრეთ ბერლინგტონში რჩება, ხოლო უოტერბერიში მდებარე ქარხნის დათვალიერება ტურისტებისთვის ახლაც შესაძლებელია.
დღეს Ben & Jerry’s წარმოადგენს მიზანდასახული ბიზნესის იშვიათ მაგალითს, რომელიც გლობალურად გაფართოვდა ავთენტური სულის დაკარგვის გარეშე. მან ყველას დაანახა, რომ შეუძლია, ერთდროულად იყოს ფერადი, ხალისიანი და, ამავდროულად, ცვლილებების წინაშე მდგრადი და სერიოზული ბრენდი.
მიუხედავად იმისა, რომ ბენ კოენი და ჯერი გრინფილდი აღარ არიან ჩართულნი ყოველდღიურ ოპერაციებში, ისინი აქტიურად რჩებიან ბრენდის ცხოვრებაში და უზრუნველყოფენ, რომ მათი დაწყებული ბიზნესი იმ ფესვების ერთგული დარჩეს, რაც თავდაპირველად იყო დანერგილი.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.












