უკვე წლებია, რაც „ბენე ექსკლუზივი“ მომხმარებლებისთვის პრემიალურ სატრანსპორტო სერვისს უზრუნველყოფს. ეტაპობრივად, კომპანია გაიზარდა და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო განვითარება. დღეს, მას ახალი მიმართულებები და პროდუქტები აქვს. „ბენეს“ ახალ პროექტებს შორისაა ჟურნალი Benefit, რომელიც „ბენეს“ მეგზურებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ჟურნალი ხელმისაწვდომია კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ავტომობილში. ეს მოიცავს როგორც პრემიუმ ხაზს, ისე აეროპორტების ოფიციალურ ტაქსებს – Fly Taxi. ჟურნალი ასევე შეგხვდებათ კომპანიის პარტნიორ სასტუმროებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეებში. ჟურნალში გაეცნობით საინტერესო სიახლეებს ბიზნეს სამყაროს შესახებ და აღმოაჩენთ ყველაზე განსხვავებულ და ექსკლუზიურ ლოკაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მის პარალელურად, გამოჩნდა სრულიად ახალი კონცეფციის პროდუქტი Bene Experience. კომპანიას დიდი გეგმები აქვს ღონისძიებების ორგანიზების და სხვადასხვა სახის კოლაბორაციების მიმართულებითაც. „ბენეს“ ახალი პროექტების შესახებ კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თამარ ბობოხიძე გვესაუბრა.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ ახალი მიმართულებები. მათ შორისაა „ბენეს“ ჟურნალი Benefit…
„ბენე ექსკლუზივი“ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი სახელია. იგი იყო პირველი პრემიუმ სატრანსპორტო კომპანია ქართულ ბაზარზე და წლების განმავლობაში საკმაოდ რთული გზა გაიარა. დღეს, „ბენე“ წარმატებული ბრენდია, რომელსაც უამრავი ადამიანი ენდობა. შესაბამისად, ახალი მიმართულებების დრო დადგა. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს და პარტნიორებს, აქედან გაჩნდა ახალი პროექტების იდეებიც.
ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩავუყარეთ ბოლო პერიოდში, არის „ბენეს“ ჟურნალი Benefit. Benefit არის ლიმიტირებული ტირაჟის ბეჭდური გამოცემა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ავტომობილებში, მათ შორის პრემიუმ-კლასში, აეროპორტის fly-taxi-ში, სპრინტერებსა და ავტობუსებში. გარდა ამისა, ჟურნალი ხელმისაწვდომია ჩვენს პარტნიორ სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეებში, ჟურნალი გათვლილია არა მხოლოდ უცხოელ სტუმრებზე, არამედ ქართულ აუდიტორიაზეც.
M: როგორია Benefit-ის კონტენტი?
ესაა “Lifestyle” ჟურნალი, რომელშიც გაეცნობით სიახლეებს ბიზნესის, მოდის, პრემიუმ სასტუმროების, გასტრონომიის, სტუმარ-მასპინძლობის თემებზე. ჟურნალის მთავარი მიზანია, რომ მგზავრობისას ჩვენს სტუმრებს გავაცნოთ მათთვის საინტერესო და ექსკლუზიური ადგილები, ხოლო ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ საკუთარი სივრცეების სამიზნე აუდიტორიაზე პოზიციონირებაში. მსგავსი ტიპის პროდუქტზე უკვე არსებობდა დიდი ინტერესი, როგორც პარტნიორი კომპანიების, ისე „ბენე ექსკლუზივის“ მომხმარებლების მხრიდან. პირველი ნომრის პრეზენტაცია 2024 წლის აგვისტოში გაიმართა, Sheraton Batumi-ში Mercedes-Benz-ის დახურულ ღონისძიებაზე. ჟურნალი სეზონური ხასიათის იქნება.
M: როგორ გეგმავთ ჟურნალის განვითარებას?
გარდა ბეჭდური ვერსიისა, დიდი გეგმები გვაქვს ჟურნალის ციფრულად განვითარების მიმართულებითაც. ჩვენი სოციალური არხების მეშვეობით გაგაცნობთ პარტნიორ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის კოლაბორაციების სახით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიას მივაწოდოთ ექსკლუზიური სიახლეები, ჩვენს პარტნიორებს კი, მაქსიმალური ბენეფიტი შევთავაზოთ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჟურნალის სახელწოდებაც. შესაბამისად, ყველა ის წამყვანი კომპანია, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ხშირად გამოჩნდებიან სპეციალურად შექმნილ კონტენტში.
M: რას გულისხმობს Bene Experience მიმართულება?
Bene Experience არის სრულიად ახალი კონცეფციის პროდუქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ვიზიტორებისათვის უნიკალური და მრავალფეროვანი გამოცდილებების შეთავაზებას. კატალოგში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა აქტივობები, შექმნილი და მორგებული სპეციალურად ჩვენს პრემიუმ სეგმენტზე. Bene Experience მოიცავს ექსკლუზიურ გასტრო და შოპინგ ტურებს, საინვესტიციო ტურებს, სპორტულ, ექსტრემალურ აქტივობებს, ვერტმფრენითა თუ იახტით გასეირნებას, და ა.შ. ეს პროდუქტი ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ სამიზნე აუდიტორიას, შესთავაზონ განსაკუთრებული აქტივობები და საქართველოს სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილება შეუქმნან. ამ თემებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც Bene Experience-ის პრეზენტაციას მიეძღვნება.
M: „ბენეს“ გუნდისთვის რატომაა მნიშვნელოვანი ასეთი მიმართულებების განვითარება?
Bene Experience შექმნილია ჩვენი სტუმრების მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი მომხმარებლების და პარტნიორი კომპანიების ინტერესებს. ეს პროდუქტი, ერთი შეხედვით, უფრო უცხოელი ვიზიტორებისთვისაა, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქტის განვითარებას აპლიკაციის სახით, რაც ადგილობრივ სეგმენტსაც მისცემს ამ სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კორპორაციული მიმართულებით.
უკვე ვმუშაობთ Bene Experience-ის ძალიან საინტერესო სარეკლამო რგოლზეც იმ მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებსაც საქართველო სთავაზობს სტუმრებს, თუმცა შეიძლება ყველამ არ იცოდეს. ვფიქრობ, ეს ვიდეორგოლი ძალიან ბევრ ახალი ვიზიტორს მოიზიდავს საქართველოში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საიმიჯო ვიდეორგოლს იხილავთ „ბენესგან“, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ პრემიუმ ბრენდებთან პარტნიორობით.
M: როგორც ვიცით, „ბენეს“ ღონისძიებების სერიაც აქვს დაგეგმილი…
წელს ასევე დავიწყეთ Bene Exclusive-ის ივენთების სერია. პირველი იყო ბათუმის დახურული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც წარვადგინეთ ჟურნალი Benefit. ღონისძიება ძალიან წარმატებული გამოდგა. ჩამოყვანილი გვყავდა რამდენიმე უცხოელი არტისტიც. მსგავსი ტიპის ბიზნესს ღონისძიებები ჩვენი ორგანიზებით მომავალში ხშირად გაიმართება. დაგეგმილია როგორც დახურული, ასევე მასშტაბური ივენთებიც, რომლის შესახებაც დეტალებს წლის ბოლოს გავაცნობთ აუდიტორიას.
M: თქვენი ხედვით, როგორ შეცვლის ეს პროექტები „ბენეს“ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე?
„ბენე“ უკვე დიდი ხანია მაღალი სანდოობით სარგებლობს და ვფიქრობთ, ის გამოცდილება და რესურსები, რაც გვაქვს შეგვიძლია განვავითაროთ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით და არსებული შესაძლებლობები მრავალმხრივ გამოვიყენოთ. ყველა ზემოხსენებული პროექტები მიმართულია იქით, რომ ერთი მხრივ, შევქმნათ ჩვენი მომხმარებლისთვის ექსკლუზიური, პრემიალური გამოცდილებები და მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალური სარგებელი შევთავაზოთ.
[R]