in ,

რა სარგებელს მოუტანს კარიერული გამოფენა „Hiring the Future” ახალგაზრდებს?!

17 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კარიერული გამოფენა „Hiring the Future” გაიმართება. პროექტის მენეჯერის ნინა ოდიშვილის თქმით, ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგება:

„პირველი ნაწილი დაეთმობა კონფერენციას თემაზე: „ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები საქართველოში.“მოწვეული სპიკერები არიან: საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და გაეროს წარმომადგენლები. ღონისძიების მეორე ნაწილში კი ახალგაზრდებსა და მოწვეული კომპანიების HR მენეჯერებს შორის კომუნიკაცია შედეგბა. ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე, 6 ოქტომბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ჩატარდება სემინარები შემდეგ თემებზე: როგორ მოვამზადოთ რეზუმე და სამოტივაციო წერილი; როგორ წარვსდგეთ ეფექტურად დამსაქმებლის წინაშე და წარმატებული გასაუბრების ძირითადი მექანიზმები. აღნიშნული სემინარებისთვის მოწევულნი იქნებიან ექსპერტები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.

M: ვინ და რატომ გადაწყვია გამოფენის ჩატარება?  nina odishvili

ღონისძიების ორგანიზატორები საერთაშორისო სავაჭრო პალატა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არიან, პარტნიორი კი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება. ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოში. განათლების ხარისხი, გაზრდილი უმუშევრობა და დასაქმების მექანიზმის არარსებობა უარყოფით გავლენას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე, მთლიანად საზოგადოებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში უმუშევრობის არსებობას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ შესაბამისი გამოცდილების, ცოდნისა და კვალიფიკაციის უქონლობის გამო დამსაქმებლები უარს აცხადებენ ახალგაზრდებისათვის სამსახურის შეთავაზებაზე და უპირატესობას უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებენ. ვაკანსიების გამოცხადებისას, უმეტეს შემთხვევაში, სავალდებულო მოთხოვნაა გამოცდილება. გასული წლების მანძილზე, საქართველოში რამდენჯერმე ჩატარდა სხვადასხვა ტიპის დასაქმების ფორუმი. თუმცა, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აღმოსაფხვრელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ განსხვავებული ფორმატის კარიერული გამოფენის ორგანიზება, რომელიც ეფექტურ შედეგზეა ორიენტირებული. თითოეული მონაწილე კომპანია სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს რეალურ მოკლევადიან და გრძელვადიან დასაქმების პერსპექტივას. აქვე უნდა აღინიშნოს. რომ საქართველოში დასაქმების პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ კარიერული გამოფენების ჩატარებით არ არის რეალისტური, ვინაიდან დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი ბარიერი მაღალი ხარისხის განათლებას არქონას უკავშირდება; სწორედ ამ საკითხების განხილვასა და გადაჭრის გზების ძიებას დაეთმობა ღონისძიების პირველი ნაწილი; აგრეთვე, 6 ოქტომბერს დაგეგმილი სემინარიც, რომელიც მიზნად ისახავს ფორუმისთვის დარეგისტრირებული აპლიკანტების გასაუბრების უნარ-ჩვევების განვითარებას დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

M: ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეივსოს სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე :                                       https://docs.google.com/forms/d/1O_K5ZZI9e0lO9eIS9BQ_y83BKSmIE8OWWu7_voFDSWI/viewform?c=0&w=1

რეგისტრაციის დასრულების თარიღია 2 ოქტომბერი.

career-fair-icc

M: რა მიზანი აქვს ამ გამოფენას?

დასაქმების პრობლემა კომპლექსურია, რომლის მოგვარებას კარგად დაგეგმილი სტრატეგია ესაჭიროება. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ახალგაზრდებს სჭირდებათ წახალისება, რათა მათ თავისი პოტენციალის რეალიზება შეძლონ. სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის არის ღონისძიება დაგეგმილი.

 M: რას ელოდებით ამ ღონისძიებისგან?

გვსურს, რომ ამ ღონისძიების შედეგად გამოვავლინოთ ის დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდების დასაქმებას, რათა სამომავლოდ ვიზრუნოთ მათ აღმოფხვრაზე. რაც მთავარია, ღონისძიებაზე მოწვეული არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც რეალურად არიან პოტენციური დამსაქმებლები და ღონისძიება არ ემსახურება მხოლოდ კომპანიების „პრომოუშენს“. მსგავსი მიდგომა აქვთ კომპანიის წარმომადგენლებსაც.

M: რა სარგებელს მოუტანს და სამომავლოდ რა შესაძლებლობებს მისცემს გამოფენა მონაწილეებს?

გვაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით სამომავლოდაც ჩავატაროთ მსგავსი ღონისძიებები და კომპანიებს კვალიფიციური კადრები შევთავაზოთ. გარკვეულწილად მედიატორის როლის ფუნქციას შევითავსებთ. გამოფენის შედეგად, ვფიქრობთ, ბევრი კადრი დასაქმდება, რაც ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კარიერული გამოფენის შემდეგ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი შეაფასებს ფორუმის შედეგებს და მის ეფექტურობას. გარდა ამ ღონისძიებისა, სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ახალგაზრდების განათლების კუთხით, რადგან, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და შემდგომ მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის რეალიზების საშუალება არის წარმატების საწინდარი.

სიმფსონის კოსმეტიკა M.A.C-ისაგან

სად ისვენებს თბილისის მოსახლეობა ზაფხულობით ?