United Colors of Benetton – ეს სახელი ხასხასა ფერების მთელ პალიტრას აღვიძებს ჩვენში. თუმცა ბენეტონის ამბავი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ტანსაცმელი. ეს გახლავთ ერთი ოჯახის ამბავი, ინოვაციებისა და თამამი მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ, რომელმაც ხელახლა გადააფასა რეკლამა მოდის სფეროში. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ United Colors of Benetton-ზე მოგიყვებით.
ეს ამბავი დაიწყო 1950-იანი წლების იტალიაში, სადაც ახალგაზრდა ჯულიანა ბენეტონმა, თავის ძმას, ლუჩიანოს ღია ყვითელი სვიტერი მოუქსოვა. გარშემომყოფების სადა სამოსის ფონზე, ეს სვიტერი ფერის ნამდვილი აფეთქება იყო. ლუჩიანომ სხვა ძმებთან, ჟილბერტოსთან და კარლოსთან ერთად, ამაში საინტერესო შესაძლებლობა დაინახა. 1965 წელს, ბენეტონებმა პირველი მაღაზია გახსნეს იტალიის ქალაქ ბელუნოში, სადაც ფერადი სვიტერების კოლექციას ყიდდნენ. ასე აღნიშნეს United Colors Of Benetton-ის დაბადება.
ბენეტონის მიდგომა იყო მარტივი, მაგრამ რევოლუციური. მათ კლასიკური სამოსი გაამდიდრეს ფერების სპექტრით, რაც 70-იანი წლების ახალგაზრდულ კულტურას იდეალურად ეხმიანებოდა. ხარისხზე ფოკუსირებამ და წარმოების გამარტივებულმა სისტემამ მათ საშუალება მისცა ეს ფერადი სიახლე ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის. მალე, ბენეტონის მაღაზიები მთელ იტალიაში გამოჩნდა და 1969 წლისთვის, ბრენდმა პარიზამდეც მიაღწია.
ბრენდის წარმატების საიდუმლო მხოლოდ სამოსი არ იყო. მთავარი გახლავთ იდეა. „ბენეტონს“ სჯეროდა ერთიანობისა და მრავალფეროვნების. ეს ფილოსოფია ჩანს კიდეც 1982 წლის გადაწყვეტილებაში, როცა კრეატიულ დირექტორად ფოტოგრაფი ოლივიერო ტოსკანი დაიქირავეს. ტოსკანიმ უარყო ტრადიციული მოდის რეკლამა და მის ნაცვლად, გამოიყენა საკუთარი ხედვა შოკისმომგვრელი კამპანიების შესაქმნელად, რომლებიც სოციალურ საკითხებს ეხმიანებოდა. 1984 წელს, ბენეტონმა გაარღვია ბარიერები მულტირასობრივი რეკლამით, რომელშიც ბავშვების ჯგუფი ჩანდა ხელჩაკიდებული. ამას მოჰყვა ფოტოსერია, რომელიც ეხმიანება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ომი, აივ-ინფექცია, გარემოს განადგურება და რელიგია. ამ კამპანიებმა გამოიწვია აღშფოთება და კამათი, მაგრამ ასევე მიიპყრო დიდი ყურადღება და ბრენდს მსოფლიო პოპულარობისკენ გაუკვალა გზა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.