in

„გაერთე მანამ ახალგაზრდა ხარ“ – ალკოჰოლური სასმლის, Benjy’s ბრენდინგი BRID-ის შესრულებითს

გიფიქრიათ როგორი იქნებოდა გემრიელი ალკოჰოლური არომატების, მაგიური რეალიზმისა და თავბრუდამხვევი მოგზაურობის მიქსი ?

თუ კი, მაშინ Benjy’s ლაბორატორიაში საოცარ სასმელებს სწორედ თქვენთვის ქმნიან.

სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩვენს ონლაინ სივრცეში ახალი ალკოჰოლური ბრენდი, Benjy’s გამოჩნდა. Benjy’s – სრულ ბრენდინგზე კრეატიულმა სააგენტომ და დიზაინ სტუდია Brid-მა იმუშავა.

“გქონდეს სასწაულმოქმედი ალკოჰოლური რეცეპტი და არ იყენებდე, – ეს მშრალ კანონზე უარესი სიბრიყვეა„
ასე იწყება ბენჟის მოგზაურობის ისტორია და ალბათ ეს სიტყვები ყველაზე ზუსტად ეხმიანება ლაბორატორიისა და ბრენდის შექმნის მთავარ მოტივაციას.

ტერმინი „გემოებით მოგზაურობა“ და არომატების თავგადასავალთან დაკავშირება ბოლო ხანებში არაერთ კომპანიას გამოუყენებია სტრატეგიულ კომუნიკაციაში, თუმცა ბრენდი, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ალბათ, ყველაზე მეტად იმსახურებს ამ მეტაფორებს.

თუ როგორი იყო Benjy’s ბრენდინგზე მუშაობის პროცესი და რა გზა გაიარა ამ პერიოდში სააგენტომ, ამაზე BRID-ის კრეატიულ დირექტორსა და დამფუძნებელს, ია დარახველიძეს გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი – რა ამოცანა და მიზანი გქონდათ თავიდან?

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ, სწორედ სასწაულმოქმედი ალკოჰოლური რეცეპტის აღმოჩენით დაიწყო, შემდეგ კი ძალიან შრომატევადი, თუმცა საინტერესო სამუშაო პროცესით გაგრძელდა.

პირველ რიგში, აუცილებელი იყო იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ქართულ ალკოჰოლურ ბაზარზე ნამდვილად გამორჩეული და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი იქმნებოდა, შესაბამისად, ბრენდინგზე მუშაობის კლასიკური ხერხები ამ შემთხვევაში საკმარისი ვერ იქნებოდა.

ჩვენმა სააგენტომ იმუშავა ბრენდის სახელდებაზე (Naming), ბრენდის ისტორიის, საკომუნიკაციო სტრატეგიის, შეფუთვის, ვიზუალური იდენტობისა და ვებგვერდის შექმნაზე. ჩვენი მიზანი იყო, ბრენდი ყოფილიყო, ერთი მხრივ, უნივერსალური, თუმცა, მაქსიმალურად ცოცხალი და ნამდვილი.

M: როგორია იდეა ვიზუალის მიღმა და როგორი სიმბოლოთი გამოხატეთ ეს იდეა?

Benjy.„ბენჟი“, ბენჟამენის შემოკლებული ვერსიაა. სამყაროს უამრავი გამორჩეული ბენჟამენი ახსოვს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ინსპირაცია რომელიმე კონკრეტული პერსონაჟისგან არ წამოსულა. სიმსუბუქე, იუმორი, ახლის შექმნის დაუოკებელი სურვილი, დახვეწილი მანერები, გულწრფელობა და უანგარო სიყვარული, – სწორედ ამ თვისებების გარშემო შეიქმნა ბენჟის პერსონაჟი.

ბენჟი რაინდული წარმომავლობის, დაუდგენელი ასაკის, გართობის, თავგადასავლებისა და ალკოჰოლის მოყვარული ტიპია.
სასწაულმოქმედი ალკოჰოლური რეცეპტის დახმარებით მას შეუძლია ფიზიკურად იმოგზაუროს ეპოქიდან ეპოქაში, ქალაქიდან – ქალაქში, სამყაროდან – სამყაროში. ის დროის მიღმა ცხოვრობს, ყოველდღიური მოცემულობა მისთვის პირობითობაა, სხვადასხვა გემოს დახმარებით ის, ერთი მხრივ, ქმნის საკუთარ ისტორიას, და, ამავდროულად, იხსენებს მას.
ის სიძველისა და სიახლის ერთდროულად მატარებელი პერსონაჟია და წარმოების ტრადიციულ ცოდნაზე შექმნილი თანამედროვე, მოდერნისტული პროდუქტის ელჩი XXI საუკუნეში.

უნიკალური ტიპოგრაფიით შექმნილილოგო, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულობას, სისადავესა და სოლიდურობას, ხოლო ლოგოს სიმბოლოები ბენჟის სახის ანფასის გრაფიკული ალუზიაა. ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ, სასმელი მხოლოდ განსაკუთრებულ ბოთლებში ჩამოგვესხა, რაც, თავის მხრივ, კონცეპტუალურად გააგრძელა ბოთლის შეფუთვამ. „სმანკეტა“ „თრობის დღიურია“, მოგონებების ერთგვარი მატიანე, რომელიც benjy’s ნებისმიერი სასმლის დაგემოვნების თითოეულ შემთხვევას მართლაც დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

ბოთლზე დატანილი ილუსტრაციები შესრულებულია ურთულესი, lineart ტექნიკით და მასზე ილუსტრირებულია ის ისტორიები, რომელიც ბენჟის კონკრეტული სასმლის გასინჯვისას გადახდა თავს.

M: მოგვიყევით ბენჟიზე, როგორც პერსონაჟზე – როგორი თვისებები აქვს მას და როგორ ვლინდება ეს ბრენდის ვიზუალში?

მიუხედავად ახალგაზრდული სულისა, ბენჟი უნივერსალური ბრენდია, ყველა სასმელსა და ისტორიას მომხმარებლისთვის აქვს კონკრეტული გზავნილი, ბენჟის ღირებულებითი სისტემის ერთგვარი ექო, რომელიც ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანმა შეიძლება გაიზიაროს და გაითავისოს.

საწყის ეტაპზე არსებული სასმელების ყველა ტიპს მისი ნაყოფისა და თვისებების მიხედვით შევურჩიეთ ერთი განსაკუთრებული, კონცეპტუალური მახასიათებელი.

რა გასაკვირია, რომ ბენჯის თავგადასავალი (benjourney) სწორედ ვაშლის ბრენდის აღმოჩენით იწყება, როგორც შეუპოვრობის, აკრძალვების უგულებელყოფის და დაუდგრომელი სულის სიმბოლო, სწორედ ამიტომაც, პირველი ისტორიის მთავარი გზავნილი ასეთია: „მიჰყევი შენ შინაგან ხმას“, სწორედ ამ ხმამ მიიყვანა ბენჟი ატმის ბრენდის აღმოჩენამდე, რომელიც სინაზისა და თბილი გრძნობების, ბენჟის პიროვნების რომანტიკული მხარის წარმოჩენაა, „უხეშობა – ბლაგვია, სინაზე – ბასრი“ , – ეს გზავნილი ჩვენს საზოგადოებაში ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისა თუ მამაკაცისთვის, ფეიხოა – მარადმწვანე სიცოცხლის, ახალგაზრდული ენერგიის უშრეტი წყაროა, ცაში ფრენისა და რაღაც მოუხელთებლის დევნის, „მეტი ცხოვრების“ შეგრძნების ჟინი. ჭეშმარიტება, რომელიც ბენჯიმ ამ სასმლის გასინჯვისას შეიგრძნო, ასე ჟღერს : ელის

ქლიავი ჯანმრთელი სულისა და სხეულის, მიწაზე დაშვების სიმბოლოა, რადგან, ბენჟის აზრით, სიხარული და ეიფორია, რომელსაც ახალგაზრდული, თავბრუდამხვევი გართობისას განვიცდით, დროებითია, ეტაპია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დამიწება და სიცოცხლით ტკბობის გაცნობიერებული სიმშვიდე, – „ნამდვილი ბედნიერება საკუთარი თავის ფლობაა“, – ასე სწამს ბენჟის.

ბენჟის მოგზაურობის კულმინაცია ჭაჭის რეცეპტის აღმოჩენაა, როცა ის ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს ემსგავსება და პიროვნების გაორება სჭირს, თუმცა, საკუთარ თავში იოლად ამარცხებს მხეცს, რადგან გამოცდილებით იცის, რომ „ყველა სიმწარეს სიტკბო ჩაიტანს“.

ამ თავგადასავლის შემდეგ ბენჟი, როგორც ალკოჰოლის მოყვარულთა დიდი ნაწილი, „გადადის“ რბილ სასმელებზე და ქმნის ლიქიორის რეცეპტს, რომლითაც საკუთარ სასიყვარულო თავგადასავლებს იხსენებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბენჟი ნებისმიერი თავგადასავლის განუყრელი ნაწილია. სადაც საინტერესო ადამიანები , ლამაზი ქალები და ხიფათია, ბენჟიც იქ არის.

Credits:

Client: Benjy’s

Creative & Art Director: Ia Darakhvelidze

Art Director & Graphic Designer: Mariam Tevzadze

3D Artist: Akaki Kapanadze

Animation: Ana Abashidze

Brand Strategist: Tamara Basilaia

Copywriter: Nika Garsenishvili

Web design: Levan Lortkipanidze

Details on Behance: https://www.behance.net/gallery/110080117/Benjys-Packaging

დედოფალ ელისაბედ II-ის ცეკვა – ალტერნატიული საშობაო მესიჯი

„ვთამაშობთ ჭადრაკს“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge-ს ახალი პროექტი