18
Jun
2019

NASA-ს ხომალდმა ასტეროიდ ბენუს, 6.5 კილომეტრიდან, ფოტო გადაუღო

18 Jun 2019

Alta
Alta


NASA-ს ხომალდმა OSIRIS-REx, ასტეროიდ ბენუს ფოტო, 6.5 კილომეტრის სიშორიდან, 13 ივნისს გადაიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხომალდმა ბენუს ორბიტისთვის შემოვლა მეორედ დაიწყო. ასტეროიდი რომელიც დედამიწასთან 130 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული 492 მეტრის დიამეტრისაა. მის შესასწავლად Nasa-მ ხომალდი 2016 წლის 9 სექმეტბერს გაუშვა, დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2018 წლის 31 დეკემბერს, OSIRIS-REx-მა ბენუს ორბიტამდე მიაღწია, მანამდე კი 2018 წლის 2 დეკემბერს, ბენუდან 24 კილომეტრით დაშორებულმა მას ფოტო გადაუღო.

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს, OSIRIS-REx-ის მიერ გადაღებული ფოტო ყველაზე ახლო მანძილიდან გადაღებული ფოტოა, რომელიც ასტერორიდის ზედაპირის დათვალიერების საშუალებას გვაძლევს.

ბენუსნაირი ასტეროიდები მზის სისტემის შექმნის პროცესის ნარჩენებია და 4.5 მილიარდი წლის წინანდელ ინფორმაციას ინახავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ინფორმაციის ნაწილი, მეტეორიტების სახით, დედამიწაზე სამეცნიერო ჩარევის გარეშეც ხვდებოდა, თუმცა, ეს ინფორმაცია ატმოსფეროში შემოსვლის პროცესისა და სხვა მოვლენებიდან გამომდინარე, ბინძურდებოდა. ხომალდ OSIRIS-REx-ის მთავარი მისიაა, ბენუს ზედაპირიდან აღებული მასალა დედამიწაზე ჩამოიტანოს, შესაბამისად კი, კაცობრიობას მიეცემა დაუბინძურებელი და ნედლი მასალის დამუშავების შესაძლებლობა. ხომალდი ბენუდან ნიმუშებს 2020 წელს მოიპოვებს და დედამიწისკენ აიღებს გეზს. მასალას ხომალდი OSIRIS-REx დედამიწაზე 2023 წელს ჩამოიტანს.

გასული წლის ბოლოს, OSIRIS-REx-იდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ბენუზე წყალია – ასტეროიდის ზედაპირზე თიხის მსგავსი მინერალებია მიმოფანტული, რაც ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში ასტეროიდზე თხევადი წყალი არსებობდა. მეცნიერების აზრით, დედამიწასა და სხვა პლანეტებზე, წყლისა და ორგანული მოლეკულების წყაროები სწორედ ასტეროიდები იყო. სხვადასხვა პლანეტასა თუ ასტეროიდზე წყლის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მომავლის კოსმოსურ მისიებს საშუალებას მისცემს საწვავი დედამიწისგან დამოუკიდებლად დაამზადონ.

ხომალდმა ბენუს პირველი სურათები აგვისტოში გადაუღო, რომლებზეც ის მკრთალი წერტილის სახით ჩანდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბენუ პატარა ასტეროიდად შეჯახების შედეგად იქცა.

განხილვა