ESA-ს მიერ მერკურის შესასწავლად გაშვბებულმა კოსმოსურმა ზონდმა BepiColombo ახალი ფოტოები გადაიღო. მან 19 ივნისს მესამედ ჩაუარა ციურ სხეულს და მისი ზედაპირისგან 3 500 კილომეტრით იყო დაშორებული, უმცირესი დისტანცია კი 236 კილომეტრი იყო.
მისია ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, მერკურის გარშემო საბოლოო ორბიტაზე კი BepiColombo 2025 წელს შევა. ამისათვის მოწყობილობა დედამიწის, ვენერასა და მერკურის გრავიტაციას იყენებს, რათა სწორი ტრაექტორიისა და სიჩქარის შენარჩუნება შეძლოს. სწორედ აღნიშნული მანევრის ჩავლისას დააფიქსირა საოცარი კადრები, რომლებზეც კრატერის ლანდშაფტია გადაშლილი. საუბარია Edna Manley-ზე, რომელმაც ეს სახელწოდება 1987 წელს გარდაცვლილი ბრიტანელ-იამაიკელი ხელოვანის პატივსაცემად მიიღო.
გარდა ამისა, ხომალდმა Beagle Rupes გადაიღო — 600 კილომეტრზე გადაჭიმული კლდოვანი წარმონაქმნი. ეს უკანასკნელი მილიარდობით წლის წინ, მერკურის გაგრილებისას გაჩნდა და NASA-ს Messenger-ის მისიის დროს აღმოაჩინეს. „ეს რეგიონი წარმოუდგენლად საინტერესოა მერკურის ტექტონიკური ისტორიის შესასწავლად. ესკარპებს შორის კომპლექსური ურთიერთქმედება გვიჩვენებს, რომ პლანეტის გაციებისა და შეკუმშვის შედეგად, ზედაპირის ქერქი შეიცვალა“, — განმარტავენ მეცნიერები.