ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ახალი ვიდეო მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტის, მერკურის კრატერებით სავსე ზედაპირს გვაჩვენებს. დიახ, BepiColombo-ს კოსმოსური ხომალდი მასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა.
ეს უკანასკნელი კი, ESA-სა და JAXA-ს ერთობლივი მისიაა და იგი ამჟამად მზის შიდა სისტემაში 7-წლიან მოგზაურობაში იმყოფება. იყენებს მერკურის, ვენერასა და დედამიწის გრავიტაციას, რათა შეანელოს სვლა ისე, რომ 2025 წლისთვის მერკურის ორბიტაზეც აღმოჩნდეს.
მერკური კოსმოსურ ხომალდს 23 ივნისს მიუახლოვდა და ეს მისთვის მეორე შემთხვევაა. დიახ, პირველად BepiColombo 2021 წლის 1 ოქტომბერს მიუახლოვდა მას, თანაც 200 კილომეტრის მანძილზე. ეს კი იმ ორ ორბიტერზე ახლო მანძილზეა, რომელიც BepiColombo-ს ხომალდს ჩვენს პლანეტაზე დააბრუნებს.
რაც შეეხება ESA-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, იგი 56 სურათს აერთიანებს, რომელიც კოსმოსური ხომალდის სამი დაბალი რეზოლუციის კამერით 15 წუთშია გადაღებული. მან პირველი სურათი 920 კილომეტრის მანძილზე გადაიღო და ეს თანმიმდევრობა პლანეტისგან 6099 კილომეტრის მანძილზე გადაღებული გამოსახულებით დამთავრდა. თუმცა ყველაზე ახლო მანძილზე ფოტოს გადაღება ვერ მოახერხა, რადგან იგი მერკურს ღამის მხრიდან მიუახლოვდა, მაგრამ ამ დროს BepiColombo-ს ორი ინსტრუმენტი აქტიური იყო და იგი მზის ქარს ზომავდა — ეს მზისგან გამოსხივებული დამუხტული ნაწილაკების ნაკადია, რომელიც მთელ მზის სისტემაში გვხვდება და ამასთან, კოსმოსურ ამინდებს დედამიწასა და სხვა პლანეტებზე იწვევს.
ახალ სურათებში გეოლოგიური მახასიათებლების სიმრავლეც იგრძნობა, რაც მოიცავს მრავალ კრატერს, ვულკანურ დაბლობებსა და კლდის მსგავს ტექტონიკურ ბზარებს. კოსმოსური ხომალდის მიერ დაფიქსირებულ კრატერებს შორის Caloris Planitia-ც შეგხვდებათ — გიგანტური ასტეროიდის მიერ შექმნილი 1550-კილომეტრიანი კრატერი, რომელსაც 100-კილომეტრიანი დიამეტრიც აქვს, იგი მერკურზე ყველაზე დიდი და მზის სისტემაში ერთ-ერთი უდიდესი დარტყმის შედეგად შექმნილი აუზია. შედარებისთვის, ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, მხოლოდ 10 კილომეტრი სიგანის იყო…
BepiColombo მეორე მისიაა ისტორიაში, რომელიც მერკურის ორბიტაზე მოსახვედრად შეიქმნა და მესამე, რომელმაც მისი გადაღებაც მოახერხა. თანაც, პლანეტასთან მიახლოება საკმაოდ რთულია, რადგან ნებისმიერ კოსმოსურ ხომალდს მზის გრავიტაციულ ძალასთან გამკლავება უწევს. სწორედ ამიტომ, მისიის ინჟინრებმა ისეთი ტრაექტორია შეადგინეს, რომელსაც კოსმოსური ხომალდი სხვადასხვა ციური სხეულების დახმარებით გადაჰყავდა, გრავიტაცია კი მას ანელებდა კიდეც.
საინტერესოა ისიც, რომ NASA-ს Messenger-ის მისიამ მერკური 2011 და 2015 წლებში შეისწავლა. კოსმოსურმა ხომალდმა მრავალი ფენომენი აღმოაჩინა, იქნებოდა ეს გასაოცარი მაგნიტური ველი თუ კრატერებში ყინულის არსებობა, რომელიც დღემდეა შემონახული, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მზის მხარეს პლანეტაზე ტემპერატურამ 420 გრადუსსაც შეიძლება მიაღწიოს… რაც შეეხება BepiColombo-ს მისიას, იგი ახლა სწორედ ამ საიდუმლოებების გამჟღავნებას ცდილობს, მომავალ თვეში კი მზეს ყველაზე ახლო მანძილზეც მიუახლოვდება.