in

ბექა ადამაშვილი: „კრეატიული დირექტორობა ნიშნავს, იყო კომპეტენტური ჟიური იდეების სფეროში“

„თუ დაიძინებ, გაიღვიძებ და იდეა ისევ ისეთი დიდებული გეჩვენება, ესე იგი, სწორ გზას ადგახარ“…

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა: 

ბექა ადამაშვილი, კრეატიული დირექტორი – 

M: ბექა, რას ნიშნავს შენი პროფესია? რას აკეთებს კრეატიული დირექტორი?
თუ ოდნავ მხატვრულად ვიტყვით, კრეატიული დირექტორობა ნიშნავს, იყო კომპეტენტური ჟიური იდეების სფეროში, ანუ აარჩიო ან ზოგჯერ, თავადვე მოიფიქრო უნიკალური იდეა, რომელზეც მცირე ან მასშტაბური კამპანიის დაშენება იქნება შესაძლებელი. იდეის შერჩევის შემდეგ კი დაგეგმო და მართო ეს კამპანია ისე, რომ თითოეული დეტალი თავდაპირველ იდეას მჭიდროდ იყოს მორგებული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ (და თუ უფრო მარტივად იყო შესაძლებელი, პირდაპირ ამით რატომ არ დავიწყე, ვერ გეტყვით), კრეატიული დირექტორობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ შენ მიერ შერჩეული, დაგეგმილი და განხორციელებული იდეა კლიენტის მიერ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

M: რა უნარ-ჩვევები/ცოდნაა საჭირო (ფორმალური თუ არაფორმალური) შენს პროფესიაში?
პირველ რიგში, კარგად უნდა იცნობდე აქამდე განხორციელებულ იდეათა უმეტესობას, რადგან თითქმის რვამილიარდიან სამყაროში, მაღალია ალბათობა იმისა, რომ შენს თავში მოსული იდეები, უკვე დიდი ხნის შესრულებულია. შესაბამისად, მომავალში იმ არგუმენტით თავის მართლებას, რომ „ბრწყინვალე გონებები ერთნაირად ფიქრობენ“, ჯობს უფრო ადრე იცოდე, თუ რისი მოფიქრება დაგასწრეს ამ ბრწყინვალე გონებებმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტუიცია და მყარი შინაგანი ხმა, რადგან ყოველთვის რაციონალურად და არგუმენტირებულად ვერ ახსნი, რატომ გგონია, რომ ესა თუ ის კამპანია წარმატებული იქნება. კიდევ სხვა რაიმეც იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ იმას „აი, როგორ ვფიქრობ“ რუბრიკისთვის შევინახავ, თუკი ოდესმე იქნება ასეთი.

M: თავად როგორ აირჩიე ეს პროფესია და რა გამოცდილებებით დააგროვე კომპეტენცია შენს საქმიანობაში?
ყველაფერი მარტივად მოხდა. მკითხეს – კრეატიული დირექტორი იქნებიო? ვუპასუხე – რა ვიცი, ვცდი – მეთქი. ან, შეიძლება, სხვა რამეც ვუპასუხე, მაგრამ იმდენად ისტორიული დიალოგიც არ ყოფილა ჩემთვის, თითოეული სიტყვის დამახსოვრებაზე რომ მეზრუნა. მას შემდეგ ვცდილობ, უკეთ გავერკვე ამ საქმეში და ძირითადი ცოდნა, რაც დავაგროვე, სხვადასხვა დროს დაშვებულ იმ შეცდომათა შედეგია, რასაც გამოცდილების სახელით ვფუთავთ ხოლმე.

M: გაგვიზიარე შენი გამოცდილება.. როგორ გამოვიწვრთნათ, როგორც კრეატიული დირექტორები? საიდან დავიწყოთ?
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა პირველად აუცილებლად უნდა იყოს სიტყვა. თანაც, არაერთი სიტყვა, რომელსაც ქოფირაითერობის პერიოდში დაწერ, რადგან წინა შეკითხვაში ნახსენები გამოცდილების დიდ ნაწილს სწორედ ქოფირაითერობის პერიოდში აგროვებ. მომდევნო ეტაპი შენამდე განხორციელებული წარმატებული იდეების ანალიზია, რათა კრიტიკული აზროვნების უნარი გამოიმუშავო და თან გაიაზრო, ზოგადად, რა და როგორ მოქმედებს პოტენციურ სამიზნე აუდიტორიაზე – რატომ გაამართლა კონკრეტულმა იდეამ, რა იყო მთავარი აზრი, როგორ დაშენდა მცირე ამოსავალ წერტილზე უზარმაზარი კამპანია, დღესაც ისევე წარმატებული იქნებოდა ამის განხორციელება, თუ იმ დროისთვის იყო სწორად შესრულებული და მისთ.M: როგორი იყო შენი მუშაობის სტილი პანდემიამდე და ახლა რამე თუ შეიცვალა?
იდეებზე ან მათ გაშლაზე ფიქრს ერთი უპირატესობა აქვს, სულ რომ მთელი სამყარო ჩაიკეტოს, ერთი ბლოკნოტით ან უკეთეს შემთხვევაში, ერთი ლეპტოპით შეიარაღებული, იდეებზე ფიქრს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებ. სხვა საქმეა, ვის რაში დასჭირდება შენი იდეები, თუ მთელი სამყარო ჩაიკეტა, მაგრამ ვინაიდან ეს მეტაფორისთვის გამოგონილი ამბავია და არა შეკითხვის ნაწილი, შეგვიძლია, ეგ ფაქტორი უგულებელვყოთ. ასე რომ, მუშაობის სპეციფიკა პანდემიის ფარგლებში დიდად არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბრეინშტორმინგები ოდნავ უფრო მოუხერხებელი გახდა და შეხვედრათა ნაწილი ოდნავ უფრო არაფრისმომცემი.
M: შეგიძლია, გაიხსენო ამბავი, როცა შენი პროფესიით ყველაზე მეტად იამაყე…
ამ შეკითხვაზე რამდენიმეწუთიანმა ფიქრმა ერთი ორცვლადიანი წუხილი გამოკვეთა – ან ძალიან ცუდი მახსოვრობა მაქვს, ან ძალიან ცოტა რამ მეამაყება და ის ცოტა რამ, ჯერ არ მომხდარა. თუმცა, როდესაც მოხდება, მისი აღწერისას აუცილებლად გამოვიყენებ სიტყვებს: „მე კი ვიდექი ბედნიერი და იმ წამს მეგონა, რომ სამყაროში ყველაფრის მიღწევას შევძლებდი“.M: რას გვეტყვი შენს მეთოდებსა თუ ტაქტიკებზე, სამუშაო პროცესში რომ გამოგიმუშავდა და კრეატიული დირექტორის საქმეს, რაღაც კუთხით, ამარტივებს?
რაიმე მეთოდი ან ტაქტიკა ნამდვილად იქნება, თუმცა, გამომუშავების ეს პროცესი დროში იმდენადაა გაწელილი, რომ ვერ იაზრებ, რაიმე კონკრეტული მეთოდი თუ გაქვს. არ ვიცი, რამდენად გამომუშავებული მეთოდია, მაგრამ „მეორე დღის პრინციპზე“ უკეთესი ბევრი არაფერი მახსენდება. ანუ, თუ დაიძინებ, გაიღვიძებ და იდეა ისევ ისეთი დიდებული, ან მინიმუმ, კარგი მაინც გეჩვენება, როგორც წინა დღეს – ბრეინშტორმინგისას, ესე იგი, სწორ გზას ადგახარ და შეგიძლია, ბოლომდე მიაწვე.

M: შენი გამოცდილებით, ინფორმაციის მიღების რა რესურსების გარეშე ვერ უნდა გაძლოს კრეატიულმა დირექტორმა?
კონკრეტული წყაროები/აპლიკაციები/რესურსები არ მახსენდება. ერთადერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მგონია ჩაღრმავებული ძიება (რისერჩად წოდებული) იმ სფეროში, რომელზეც კონკრეტულ მომენტში მუშაობ. მნიშვნელობა არ აქვს, მარკეტინგული კუთხით იქნება ეს ძიება, სტრატეგიული თუ ზოგადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ამგვარი არქეოლოგიური წიაღსვლებისას ყოველთვის აგნებ რაღაც ისეთს, რაზეც შეგიძლია მთელი კამპანია დააშენო. ეს რაღაც შეიძლება ყოველთვის ტუტანხამონის აკლდამა არ იყოს, მაგრამ არქეოლოგიას ისეთი ამბებიც ახსოვს, ერთი პატარა ძვლიდან დინოზავრის მთელი ჩონჩხის აღდგენაც რომ მოხერხდა.

Twitter-ს შესაძლოა პრემიუმ მომსახურება დაემატოს

ბიტკოინმა ბაზრის კაპიტალიზაციით, Facebook-სა და Tesla-ს გადააჭარბა