9
Apr
2019

მწერალი ბექა ადამაშვილი, თოლიებთან ერთად, ახალ სიმაღლეზე იწყებს ფრენას!

9 Apr 2019

სააგენტო „ლივინგსტონს“ (თოლიებს) ახალი კრეატივ დირექტორი ჰყავს და ეს პოზიცია, ამჟამად უკვე, ამავე სააგენტოს ყოფილმა სენიორ კოპირაიტერმა, ბექა ადამაშვილმა დაიკავა.

M: ბექა, კოპირაიტერი იყავი, დღეს უკვე კრეატივ დირექტორი ხარ! როგორ განსხვავდება შენი ამჟამინდელი კომპეტენციები იმისგან, რასაც ადრე აკეთებდი?
განსხვავება, მაინცდამაინც, დიდი არ არის. უბრალოდ, ემატება სიტყვა „მეტი“, ანუ, თუ ადრე რაღაცას ვაკეთებდი პასუხისმგებლობით, ახლა უნდა გავაკეთო მეტი პასუხისმგებლობით. თუმცა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს სიტყვა „ნაკლებიც“. მაგალითად, თუ ადრე უშუალოდ ვწერდი ტექსტებს კამპანიებისა და კომპანიებისთვის, ახლა, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მომიწიოს ამის გაკეთება და მეტი დრო ამ ნაწერების შეკვრას დავუთმო. 

M: შენს რა რესურსს/უნარებს მოითხოვს კრეატივ დირექტორობა?
მე მგონია, რომ ეს საქმე არამხოლოდ ჩემგან, ზოგადად, ყველა კრეატივ დირექტორისგან გუნდური მუშაობის უნარს მოითხოვს, იდეათა სიმრავლეში სწორი იდეების დანახვას, ამ იდეების ერთ კონცეფციად შეკვრას, კარგ უკუკავშირს და იმ დანარჩენ სახელმძღვანელოდან ამოკრებილ სტანდარტულ ტერმინებს, რომელიც ამ ჩამონათვალს დაუმშვენებდა გვერდს. M: როგორ მიხვდით გუნდში, რომ ამ სიახლისთვის მზად იყავი?
სინამდვილეში, მე ვერაფერს მივხვდი. ლეფსვერამ (ლევან ლეფსვერიძე – ბ.ა.) მიიღო ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, იმ მოტივით, რომ სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე საქმის კეთების შემდეგ, რაღაც ახლის ცდის დროა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ უფრო ჩახლართული მიზეზიც არსებობდეს.

ლევან ლეფსვერიძე, სააგენტო Leavingstone-ის დამფუძნებელი და დირექტორი: ბექა უკვე სამი წელია, ჩვენს კრეატიულ გუნდს შემოუერთდა. ამ პერიოდში არაერთი დიდებული პროექტი დაგროვდა მის შემოქმედებით ანგარიშზე. მაგალითად, ლომის წვლილი მიუძღვის ზაზუნების კამპანიაში, რომელმაც სხვა სიკეთეებთან ერთად გრან პრიც დაიმსახურა Golden Hammer-ის საერთაშორისო ფესტივალზე. ის ერთ-ერთი იმ იშვიათგანია, ვისი ყოველი მომდევნო პროექტიც წინაზე მნიშვნელოვნად უკეთესია. მისი შრომისმოყვარეობა და დეტალებზე ორიენტირებულობა სამაგალითოა ჩვენთან. შემოქმედებით ხალხში რთულად მოიძებნება ხოლმე მისნაირად მოწესრიგებული ტალანტი. მოკლედ, ბექას აქვს კრეატიული დირექტორისთვის აუცილებელი ყველა თვისება და მჯერა, რომ ძალიან მაღლა აფრინდება.

M: ბექა, რა შესაძლებლობებს გაძლევს ახალი პოზიცია?
ზუსტად იმავეს, რასაც ძველი პოზიცია მაძლევდა, გამომდინარე იქიდან, რომ „ლივინგსტონში“ იდეა უფრო ფასობს, ვიდრე – პოზიცია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს, ამ შემთხვევაში, მეტი დამოუკიდებლობა გაქვს.

M: ლევან, რას ნიშნავს სააგენტოსთვის ახალი კრეატივ დირექტორი?
ლევან ლეფსვერიძე:
ეს ცვლილება ბექასთვის ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობასა და შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო „ლივინგსტონისთვის“ – ზრდასა და ახალი შესაძლებლობების დამატებას. დარწმუნებული ვარ, ბექას უნიკალური ხედვა და შემოქმედებითი ხმა უფრო გაამდიდრებს „ლივინგსტონის“ იდეებსა და კამპანიებს.

ცოტაოდენი ბექას შესახებ ბექასგან: პროფესიით ვარ არშემდგარი ჟურნალისტი, ცრუფსიქოლოგი და ჯერ კიდევ პოტენციური ლიტერატურათმცოდნე. თუმცა, თითქმის არასოდეს მიმუშავია იმ სფეროებში, რაც ვისწავლე. „ლივინგსტონში“ მოხვედრის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ წერა მიყვარს და სიყვარულთან ერთად, ლეფსვერას (ლევან ლეფსვერიძე – ბ.ა.) აზრით, გამომდის კიდეც. შესაბამისად, შემომთავაზა, რომ ეს წერა „ლივინგსტონში“ გამეგრძელებინა და კიდევ უფრო შესაბამისად, დავთანხმდი. შემეძლო უფრო დრამატული ისტორიაც მომეგონებინა, მაგრამ ჩემმა წარსულმა არ მომცა ამის საშუალება.

ცოტაოდენი ბექას შესახებ ინტერნეტიდან: ბექა ადამაშვილი (დ. 1990, თბილისი) — თანამედროვე ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი. ცნობილი გახდა პირველივე სატირული რომანით – „ბესტსელერი“ (2014). დღეს კი, 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ერთ-ერთი ფინალისტია წიგნით: „ამ რომანში ყველა კვდება“.

მისი ერთ-ერთი მოთხრობა „წვიმის წვეთი“ ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოშია შესული. 2009–დან 2013 წლამდე ბექა სატირულ–იუმორისტულ სტატიებს აქვეყნებდა საკუთარ ბლოგზე www.doin.ge. 

2013 წელს, ლიტერატურულ კონკურსში „შემოდგომის ლეგენდა“ ფარგლებში შექმნილმა მოთხრობამ „XXVIII: წერტილი“ პირველი ჯილდო მოუტანა.

განხილვა