თითოეული ნახატი განსაკუთრებულ სათქმელს ატარებს. ამის მიუხედავად, ბექა დვალმა გადაწყვიტა ნახატები უსახელოდ დაეტოვებინა. ნახატების დათვალიერებას 15/16/17 მარტს შეძლებთ, მხატვრის პირველ პერსონალურ გამოფენაზე, Hermit Space-ში. გამოფენა 15 მარტს, გაიხსნება. მხატვრობის პარალელურად, საკუთარ არქიტექტურულ კომპანიას ხელმძღვანელობს. პირველი გამოფენის შემდეგ, მალევე, მეორე პროექტის შესრულებას გეგმავს. მხატვრის თქმით, გამოფენაზე სტუმრებს უბრალოდ საინტერესო გამოცდილება ელით. როგორი იყო შემოქმედებასთან პირველი შეხება, რა გზა გაიარა დასაწყისიდან პერსონალურ გამოფენამდე და რას გადმოსცემს მხატვრობით, ბექა დვალმა გვიამბო.
M: დღესდღეობით, როგორია შენი სტილი? რის გადმოცემას ცდილობ შენი ნამუშევრებით?
ნახატებით გადმოვცემ გარკვეულ ინფორმაციას რომელიც რეალური და ირეალური სამყაროს ნაზავია. ინსპირაცია მოდის სიზმრებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რაც ხდება ჩვენ გარშემო.
პატარა ასაკიდან მესიზმრება ძალიან ცხადი სიზმრები, რომლებიც დეტალებში მამახსოვრდება – ფაქტობრივად ყველა დეტალი, გარემო, ამინდი, სუნი…
სიზმრებიდან მრჩება ძალიან მძაფრი ემოციები. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხანდახან მაქვს გრძნობა, რომ სხვა სამყაროშიც ვცხოვრობ.
ხატვის პროცესი ძალიან საინტერესოა. არის მომენტები, როცა ხატვის პროცესი არ მახსოვს – ვიწყებ, ვამთავრებ და გეგონება ძილბურანში ვარ. მაქვს ისეთი ნახატებიც, რომლებსაც არ ვუყურებ და შეტრიალებულად მიდევს, რადგან კონკრეტულ გრძნობას ან შიშს მიღვიძებს. გეგონება, ჩემგან დამოუკიდებლად დაიხატა, თითქოს დავიცალე გარკვეული ინფორმაციისგან.ზუსტად ამის გამო, ნახატებს სახელები არ დავარქვი. მინდა, მნახველსაც გაუღვიძოს ემოცია და დააფიქროს, თუ რა ხდება ამ ნახატებში. ჩემს წარმოდგენაში ბევრ ნახატს რა თქმა უნდა, აქვს სახელი და პირდაპირ დევს იდეა, მაგრამ არის ნახატები, სადაც უბრალოდ ხატავ, რადგან მოგაწვა რაღაც ემოცია და საბოლოოდ შედეგის შემხედვარე ხვდები, რა დაგიხატავს სინამდვილეში.
M: როგორ აირჩიე ის შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?
მგონი, აქეთ ამირჩია ხატვამ. რაც თავი მახსოვს, ვხატავ. უბრალოდ, ბოლო 8 წლის მანძილზე სერიოზულად გადავწყვიტე, ამ საქმით დავკავდე. მივხვდი, ძალიან დიდ სიამოვებას მანიჭებდა ხატვა და ასევე ვამბობდი სათქმელს ამ ფორმით ,რომელიც ჩემტვის ყველაზე საინტერესო ფორმაა.
M: როგორი იყო შენთვის პირველი შეხება მხატვრობასთან?
არ მახსოვ ,ერთი ვიცი მშობლებისგან რომ როგორც კი აზრზე მოვედი ხატვაც მაშინ დავიწყე. ძალიან პატარა ასაკიდან ვხატავ, რეალურად რაც თავი მახსოვს ხატვაც მახსოვს პარალელურად.
M: როგორია შენს გონებაში პირველი ნახატი, რომელიც შეასრულე?
სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ესე დეტალურად. ცოტა ხნის წინ, დედაჩემმა ძველი ნახატები გამოიტანა და დავათვალიერე. ერთი ის შევამჩინე, რომ მაშინაც უცნაურ რაღაცებს ვხატავდი, ალბათ, ბევრი მშობელი შეშინდებოდა. ბევრი ჩემი ნახატი მაშინაც საკმაოდ დატვირთული იყო ბავშვის კვალობაზე. ეგეთი იდეაც დაიბადა ჩემმა ძმაკაცმა მირჩია რომ რამოდენიმე გამოფენის მერე ბავშობის ნახატების გამოფენა გამეკეთებინა.
M: ხატვის გარდა, რა მიმართულებები გაინტერესებდა?
არქიტექტურა, რომელიც ძალიან მიყვარს ჩემი ნაწილია და დღემდე დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ საქმით. ჩემი კომპანიაც აქტიურად მუშაობს ამ სფეროში.
ასევე, მაინტერესებდა სპორტი. მათ შორის, ავტოსპორტიც. დღემდე სპორტის გარეშე ვერ ვცხოვრობ და დიდი ნაწილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.
ვარჯიშსა და სპორტზეც ჩემმა მშობლებმა იქონიეს დიდი გავლენა, დედაჩემი პროფესიონალი ტანმოვარჯიშე იყო, მამაჩემი – მორაგბე და მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა. მაგალითი მათგან ავიღე.
M: ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს მხატვრად ჩამოყალიბებაში?
პირველ რიგში, ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჩემმა ოჯახმა. დავიბადე არქიტექტორების ოჯახში, სადაც ხელოვნებას ძალიან დიდი ადგილი ეჭირა, ხატვიდან დაწყებული, მუსიკითა და არქიტექტურით დამთავრებული. ყოველთვის მაგრძნობიებდნენ, რომ ხატვა მნიშველოვანი იყო. პატარა ასაკშივე მეგონა, რომ ხატვით დიდ საქმეს ვაკეთებდი. პარალელურად მივხვდი, რომ არქიტექტურა შემიყვარდა და ისიც გავაანალიზე, რომ ეს ორი ერთმანეთს არ უშლიდა ხელს, პირიქით, ავსებდა.
მშობლებთან ერთად, მამიდებმა იქონიეს დიდი როლი, რადგან ბავშობაში მათთან ყოველი მისვლა მთავრდებოდა ხატვით ან თამაშით, რომელიც ხელოვნებასთან იყო კავშირში.
განვითარების პერიოდში, გვერდში მედგნენ საოცარი მეგობრები, რომელებიც დღემდე მამოტივირებენ. მათ დამაჯერეს, რომ შემეძლო ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშობაში პირველ რიგში მშობელმა სწორად აღიქვას ბავშვის სურვილები. ხშირად, მშობლები საკუთარ პროექციას ახდენენ, სადაც ბავშვის მოთხოვნას არ ითვალისიწებენ და თავიანთ შეხედულებებს აძალებენ. ამ დროს მოზარდში კვდება ყველა ოცნება. გამიმართლა, რომ მსგავს სიტუაციას ადგილი არ ჰქონია.
M: როგორ შეისწავლე ხატვა?
როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურაზე ვაბარებდი ხატვაზე მაკა გოცირიძესთან დავიწყე მომზადება. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, მასთან რომ მოვხვდი. საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მაკამ. ის ორიენტირებული იყო ჩემი შესაძლებლობების განვითარებაზე და არ მახვევდა თავს სხვა ტექნიკას ან მიდგომას. ამავდროულად, თავისუფლება მქონდა. არ ვგრძნობდი, რომ მარტო არქიტექტურაზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, რეალურად ხატვას ვსწავლობდი.
სახელოსნოში ძალიან კარგი ურა იყო. იქ მისვლა ყოველთვის მიხაროდა. თავდაჯერებულობაც მომემატა საგრძნობლად. მაკა არასდროს იშურებდა შექებას, ბუნებრივია ადამიანს პატივს რომ სცემ და გაქებს, დიდი მოტივატორია.
ჩაბარების პროცესში და მის შემდეგ, ბევრ ძალიან მაგარ მასწავლებელს შევხვდი. მათ შორის გამოვარჩევდი მაია სეხნიაშვილს, რადგან იმ პატარა პერიოდში ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და ძლიერი მუხტი რომელიც გამომყვა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ზეთში ხატვა შემესწავლა და მაკა გოცირიძის რჩევით, მივედი მამუკა ცეცხლაძესა და ლია შველიძესთან. მათთან საკმაოდ ცოტა დრო გავატარე, თუმცა ამ პატარა მონაკვეთში ზეთის საღებავებთან მუშაობა ძალიან შემაყვარეს. ვფიქრობ, მათი დამსახურებაც არის, რომ დღეს ზეთში ვხატავ.
M: როგორ ჩამოაყალიბე კომპანია და რა სერვისებს უზრუნველყოფს ის?
სწავლის პროცესში უკვე მინდოდა ჩემი კომპანია მქონოდა. ველოდებოდი, რომ დავამთავრებდი სწავლას პირდაპირ გავხსნიდი ფირმას, მამაჩემის მსგავსად. სწავლის დამთავრების შემდეგ, ოცნება ვერ ავისრულე, ოჯახური პრობლემების გამო, თუმცა ამ პერიოდში ჩემმა ძმამ დააარსა საკუთარი არქიტექტურული კომპანია “Georgianhouse”, სადაც მიმიღო და ბევრი რამ მასწავლა. მოგვიანებით, როცა მზაობა ვიგრძენი, ბავშვობის მეგობართან ერთად დავაფუძნე არქიტექტურული კომპანია “Architectonics”. მალევე საქმეში ჩემი დეიდაშვილიც ჩაერთო და დავიწყეთ კომპანიის შენება. დღეს, სრულ არქიტექტურულ მომსახურებას უზრუნველვყოფთ.
M: გვიამბე შენს გამოფენაზე – როგორია მისი მთავარი იდეა და რა ელით სტუმრებს?
გამოფენას დიდი ხანია ვგეგმავ. საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ზუსტად ჩემი ხედვის მიხედვით მინდოდა გამეკეთებინა. თბილისში ბევრი დიდი გალერეა არ გვაქვს. არსებულებთან მოლაპარაკება კი საკმაოდ რთულია, როდესაც არ ხარ საკმარისად ცნობილი.
ნახატების რაოდენობისა და გაბარიტების გამო, საკმაოდ დიდი სივრცე მჭირდებოდა და მივაგენი კიდეც Hermit Space-ს.
არსებული სივრცე ღვინის ქარხანაშია განთავსებული. შესასვლელი მელიქიშვილის მხრიდან აქვს. ადგილმდებარეობაც მომეწონა, სივრცეც და ხალხიც ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია. გამოფენა იქნება 15/16/17 მარტს, გახსნა – 15 მარტს 18:00 საათზე.
ვფიქრობ, სტუმრებს ელით საინტერესო სანახაობა ნახატების მხრივ, იმის მიუხედავად, უყვართ მხატვრობა თუ არა,დარწმუნებული ვარ, დიდი ემოციით დაიმუხტებიან.
M: მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე?
ამ გამოფენის დაგეგმვის დროს, გონებაში გადავწყვიტე, ნახატების ეს სერია უკვე დასასრულისკენ გადიოდა და ამ პერიდშივე, მეორე გამოფენის იდეა მოვიდა. მეორე გამოფენაზე უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, მსგავსი გამოფენა რაზეც ვმუშაობ, ხალხს არ უნახავს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად. პირველი გამოფენის შემდეგ, უკვე გადავლ აქტიურ რეჟიმში, რომ წლის ბოლომდე მოესწროს მეორე გამოფენა.
მთლიანობაში, ძალიან ბევრი საინტერესო და განსხვავებული იდეა მაქვს. ეს უბრალოდ, დასაწყისია, რომ საზოგადოებამ გამიცნოს სამხატვრო სივრცეში.
[R]