in

Red Bull-ის ათლეტის „ფრთაშესხმული“ ოცნება

„ისეთი რამის გაკეთებას ვგეგმავ, მთელ მსოფლიოს რომ აალაპარაკებს“, — 5 წლის წინ ამ სიტყვებით დაასრულა ჩვენთან ინტერვიუ ბექა გოლეთიანმა, რედ ბულის სპორტის მარკეტინგის მენეჯერმა შუა აღმოსავლეთში. დღეს კი სწორედ იმ ამბავზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც მართლა მთელი მსოფლიო აალაპარაკა სპორტული გამბედაობით თუ სანახაობრივი მომენტებით.

სულ რამდენიმე დღის წინ Wakeskating-ის პიონერი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ბრაიან გრუბი ინოვაციური პროექტის სახედ მოგვევლინა, რომლის განხორციელებაზეც სწორედ ბექამ და რედ ბულის საერთაშორისო გუნდმა იზრუნა. კერძოდ, დუბაის Address Beach Resort-ის აუზში, რომელიც ზღვის დონიდან 294 მეტრზე მდებარეობს, ჯერ დრონზე გამობმული დაფით მოძრაობდა, შემდეგ კი პარაშუტით გადმოეშვა. ეს რამდენიმეწამიანი ეპიზოდი ნამდვილ საოცრებად იქცა, როგორც მოულოდნელობის თუ წარმოუდგენლის განხორციელების მაგალითი.

ვინაიდან Red Bull არა მხოლოდ სასმელთან, არამედ ცხოვრების წესთან ასოცირდება, რომელიც ფრთებს გასხამს, ბრენდს ყველაზე მეტად აკავშირებენ თავგადასავლებთან და სწორედ ამიტომ მიმართა ბრაიანმა ბექას გუნდს. „სპორტსმენებს შესაძლებლობას ვაძლევთ, თავიანთი მისწრაფებები განახორციელონ. რაღაც მომენტში გამოწვევის წინაშეც ვაყენებთ იმისთვის, რომ ოცნებები აიხდინონ, გაგვანდონ, რისი გაკეთება უნდათ. თუკი ეს სურვილები საინტერესოა, მაქსიმალურად ვეხმარებით. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. თან ისეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს“, — აღნიშნავს ბექა გოლეთიანი.

ერთია თავად რედ ბულის ხედვა და მეორეა დუბაიში შექმნილი ფართო შესაძლებლობები. როგორც ბექა გვიყვება, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ გაცილებით ხელმისაწვდომია ნებისმიერი პროექტის განხორციელება. ყველაფერი სწრაფად ხდება — მთავარია რაღაც იდეა გაჩნდეს, შემდეგ კი ვისაც შესაბამისი კომპეტენცია და უნარი აქვს, ამ იდეას ხორცს ასხამს. „უშუალოდ რედ ბულში ის უპირატესობა გვაქვს, რომ სწორ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, რათა საინტერესო პროექტები რეალობად ვაქციოთ“.

ბრაიანს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ეს სურვილი, ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდოდა. უბრალოდ, ლოკალურად რაღაც უზუსტობები იყო — თავიდან სხვა აუზზე ფიქრობდნენ, რაც არ გამოვიდოდა. შემდეგ კი „მსოფლიოში ყველაზე მაღალი აუზის“ წოდებით ცნობილი ალტერნატივა შესთავაზეს. ასე შედგა შესანიშნავი მიღწევა WakeBASE — შვიდწლიანი ოცნების ხორცშესხმა და ისტორიული ეტაპი. „მინდოდა, ვყოფილიყავი პირველი ადამიანი, რომელიც სპორტის ორ სახეობას ერთ მომენტში გააერთიანებდა. შვიდი წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ გასულა, ამ იდეაზე რომ არ მეფიქრა“,განმარტავს ბრაიან გრუბი.

ტექნიკურად საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი უძღოდა წინ: ჯერ ბექას სასტუმროს ხელმძღვანელობა უნდა დაერწმუნებინა პროექტის უსაფრთხოებაში, დუბაი ტურიზმი პარტნიორად ექცია, ტექნოლოგიურად უზრუნველეყოთ როგორც უშუალოდ განხორციელების ნაწილი, ისე გადაღების. „გულწრფელად გითხრათ, ადამიანების დარწმუნება, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ შესრულდებოდა, რთული სულაც არ ყოფილა. მარტში Burj Al Arab-ის 26-მეტრიან ჰელიპადზე დავსვით თვითმფრინავი… მას შემდეგ მთელი მსოფლიოდან გვირეკავენ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილით — ყველა გვენდობა და ყველგან „მწვანე შუქია“ ანთებული“, — გვიყვება ბექა.

ალბათ, რედ ბულის გუნდის პროფესიონალიზმში სწორედ იმიტომ არ ეპარებათ ეჭვი, რომ ყოველთვის თითოეულ დეტალზე მაქსიმალური ყურადღებით ზრუნავენ. ამ პროექტისთვის სპეციალური დრონიც კი შექმნეს, რომელიც, ერთი მხრივ, სპორტსმენისა და დაფის სიმძიმეს გაუძლებდა; მეორე მხრივ კი, იდეალურად გადაიღებდა სანახაობას. რეალურად, დიდი საშიშროება იყო ამ დრონის ჩამოვარდნის და რადგანაც საკმაოდ მოცულობითია, მასაც ცალკე პარაშუტი ეკეთა, რათა უსაფრთხოდ დაშვებულიყო მიწაზე, ვინმესთვის ზიანის მიყენების გარეშე. თან დაფაც დრონზე იყო გამობმული.

გიჟობას კი ჰგავს, მაგრამ ამ სიგიჟეს ბევრი რამ უძღვის წინ — საბოლოო სახის მიღებამდე, 130-მდე ნახტომი გააკეთა ბრაიანმა, მანამდე მთელი ზაფხული შვეიცარიაში ემზადებოდა, ერთი თვით ადრე სასტუმროდან ხტებოდა, ოღონდ დაფის გარეშე. უბრალოდ, მიუხედავად ამდენხნიანი მზადებისა, 100%-ით გარანტირებული მაინც არაფერია. წინასწარ არავინ იცის, როგორი ამინდი იქნება, რა სიმძლავრით იქროლებს ქარი… ესეც რომ არა, სპორტსმენის მხრიდან მოძრაობის მინიმალური ცვლილებაც კი შეიძლება პრობლემად იქცეს. მოკლედ, მთელი პროექტი ყველა კომპონენტის იდეალურ ბალანსზეა აგებული.

ამჟამად Red Bull-ის პროექტებიდან ბრაიანისას ყველაზე დიდი გამოხმაურება აქვს სოციალურ მედიაში. „თავიდანვე ვამბობდით, ნომერ პირველები ვიქნებოდით ამ პროექტით, ზოგს კი არ სჯეროდა, შეუძლებელიაო ამბობდნენ… არადა, რედ ბულში ზუსტად იმას ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ზოგადად, დუბაიში ეს მიდგომაა — თუ რამეს აკეთებ, უნდა იყოს საუკეთესო. სხვა შემთხვევაში, საერთოდ უნდა შეეშვა“.

აღსანიშნავია, რომ მოდის სახლი Prada რედ ბულის გლობალური პარტნიორია. ამ პროექტის ფარგლებშიც ითანამშრომლეს და შედეგად, ბრაიანს სპეციალურად სპორტსმენებისთვის შემუშავებული კოსტიუმი, Prada Linea Rossa ეცვა.

მთლიანობაში, WakeBASE-ის პროექტზე საერთაშორისო გუნდი ერთი მიზნისთვის მუშაობდა. დრონზე გერმანელები მუშაობდნენ, პროექტი ამერიკელების იყო, დუბაიში ქართველი და შოტლანდიელი… „მიუხედავად სხვადასხვა წარმომავლობისა თუ მსოფლმხედველობისა, ყველანი ერთ გუნდად ვმუშაობდით და ზუსტად ვიცოდით, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა სასურველი შედეგის მისაღებად“, — ამბობს ბექა გოლეთიანი.


ავტორი: ქეთია ბელქანია

რას ხედავენ ადამიანები სიკვდილის შემდეგ? — კვლევა

„ვოლტის” მისიაა, გავხადოთ ქალაქები უკეთესი ერთი პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებისთვის, კურიერებისთვის და ბიზნესის მფლობელებისთვის – ნატალია ხიზანიშვილი