სოციალურ მედიას ჩვენს ციფრულ ყოველდღიურობაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ონლაინ სივრცეში უამრავი სოციალური აპლიკაციაა, ზოგი ერთმანეთს უფრო მეტად ჰგავს, ზოგსაც თავისი ინდივიდუალური ნიშა აქვს. ამჯერად, სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ BeReal-ზე გიამბობთ.
BeReal ციფრულ სივრცეში 2020 წლის იანვარში გამოჩნდა და სულ რაღაც, ორ წელიწადში, დიდი პოპულარობა მოიპოვა. აპლიკაციის დაბადების ადგილი პარიზია. მისი შექმნის იდეა უკავშირდება კევინ პეროსა და ალექსის ბარეას, რომელიც GoPro-ს ყოფილი ვიდეოპროდიუსერი იყო. GoPro-ში მუშაობის პერიოდში, ბარეა ხშირად იღებდა ვიდეოებს ცნობილ ადამიანებთან, რომლებსაც Instagram-ზე მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ის დააკვირდა, როგორ ვრცელდება ინფლუენსერული კონტენტი. შენიშნა, რამდენად დიდი იყო სხვაობა იმას შორის, რაც ჩანდა კამერის წინ და მის უკან. სწორედ ამიტომ გადაწყვტა აპლიკაცია BeReal-ის შექმნა. ამასთან, სურდა მეგობრებთან ისეთი პლატფორმის საშუალები ეკონტაქტა, რომლითაც Instagram-ის ჭარბ მოხმარებას აარიდებდა თავს.
სწორედ ასე შეიქმნა BeReal – პლატფორმა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ზეტ თაობას. მისი იდეაა, მომხმარებლები წაახალისოს გააზიარონ თავიანთი მოულოდნელი და მნიშვნელოვანი მომენტები, განსჯის გარეშე. BeReal-ის ფუნქციების უმეტესობას სხვა სოციალურ ქსელებში ვერ წააწყდებით. მომხმარებლებს პასუხის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ სმაილიკით ან საკუთარი სურათით. ყოველი წინამდებარე ფოტო ავტომატურად იშლება ყოველ 24 საათში. ასევე, თუკი თქვენი მეგობრების ფოტოების ნახვა გსურთ, ჯერ საკუთარი უნდა გააზიაროთ.
ციფრულ სამყაროში, სადაც TikTok, Snapchat, Facebook და Instagram დომინირებს, BeReal-მა შეძლო გამორჩეული ადგილის დაკავება და განხილვის საგნად იქცა, სპეციფიკური კონცეფციის გამო.
BeReal-ში არ არის სარეკლამო ან მარკეტინგული სერვისები. აქ Word of Mouth-ს სამყაროა, სადაც მომხმარებელი ინფორმაციას მეგობრების აპლიკაციაში მოწვევის საშუალებით ავრცელებს. მომხმარებლები პლატფორმას სახალისოდ მიიჩნევენ, სხვა სოციალურ მედიასთან შედარებით. ამ აპლიკაციაში არ არის ფილტრები, ამის მიუხედავად, მომხმარებლები აქ საკმაოდ დიდ დროს ატარებენ.
მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ BeReal შეიქმნა ესთეტიკური სრულყოფილებისა და ონლაინ პოპულარობის აკვიატების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ დამახასიათებელია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram ან TikTok. დღეში მხოლოდ ერთხელ დაპოსტვის საშუალებამ და შესაბამისად, ახალი კონტენტის აშკარად შემცირებული მოცულობის ნახვის შესაძლებლობამ შეიძლება გამოიწვიოს იმ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, რომლიც გვაიძულებს საათებს ვხარჯოთ სოციალური მედიის არხებში. მეტიც, BeReal არ აჩვენებს არც გამომწერების რაოდენობას, არც ინდივიდუალურ პოსტებზე რეაქციების რაოდენობას, რაც ამცირებს პერფორმანსის განცდას, ასე ხშირად რომ გვაღელვებს ხოლმე.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.