in

როგორ შეუძლიათ ბრენდებს BeReal-ის სწორად გამოყენება?

BeReal ახალი პლატფორმაა, რომელიც თავისი არსით ერთგვარი ანტიდოტია სოციალური მედიისთვის. აქ არ შეგხვდებათ ინფლუენსერები, ფილტრები, მოწონებები და, რაც მთავარია, რეკლამები. მარტივად რომ ვთქვათ, მისი მიზანი ახალი და უნიკალური გზის შექმნაა იმის გასარკვევად, თუ ვინ არიან ირგვლივმყოფები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან BeReal-ის ჩამოტვირთვები 315%-ით გაიზარდა, ხოლო აპრილის მდგომარეობით პლატფორმას ყოველდღიურად 2,9 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

როგორ მუშაობს?

აღნიშნული აპლიკაცია საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. ის ყოველდღიურ შეტყობინებებს რანდომიზებულ დროს უგზავნის მომხმარებლებს და სთხოვს, წინა და უკანა კამერიდან ფოტო გადაიღონ, სადაც ნაჩვენები იქნება, რას აკეთებთ. თქვენ მხოლოდ ორი წუთი გაქვთ დავალების შესასრულებლად და სხვის BeReal-ს ვერ ნახავთ, სანამ საკუთარს არ გამოაქვეყნებთ.

როგორ შეუძლიათ ბრენდებს BeReal-ის პოტენციალის ათვისება?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პლატფორმაზე ბრენდებისა და რეკლამების განთავსება სრულიად ეწინააღმდეგება BeReal-ის სულისკვეთებას. შესაბამისად, ამჟამად არ არსებობს სარეკლამო გადახდის ვარიანტებიც.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. Chipotle იყო პირველი ბრენდი, რომელმაც ანგარიში შექმნა და ფასდაკლების კოდი გამოაქვეყნა — მისი გამოყენება პირველ 100 ადამიანს შეუძლია. როგორც კომპანიის ციფრული მარკეტინგის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ისინი უზარმაზარ შესაძლებლობას ხედავენ, რათა ბრენდის გამჭვირვალობას გაუსვან ხაზი.

მექსიკურმა სწრაფი კვების ქსელმა გაითვალისწინა BeReal-ის ღირებულებები — დარწმუნდა, რომ მათ მიერ განთავსებული კონტენტი ზედმეტად „დამუშავებული“ არ არის და ამის სანაცვლოდ, დაბალი ხარისხის ფოტოებს მიანიჭა უპირატესობა. ეს ტაქტიკა განსაკუთრებით ეფექტურია Gen Z მომხმარებლებისთვის, რადგან ისინი მეტ ბუნებრიობას, იუმორსა და გულწრფელობას ითხოვენ ბრენდებისგან.

ახალ პლატფორმაზე გადასვლისას სჯობს, კარგად შეისწავლოთ, რას აკეთებენ სხვა მომხმარებლები და სცადეთ, რაც შეიძლება საუკეთესოდ მოერგოთ კონტენტს.

რას ნიშნავს ეს სხვა პლატფორმებისთვის?

Chipotle-მა შეძლო BeReal-ზე წარმატების მიღწევა, რადგან ის ქმნის კონტენტს, რომელიც პლატფორმის შესაბამისია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბრენდმა უნდა იჩქაროს BeReal ანგარიშის გახსნა. ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანია ამ ახალი სოციალური ქსელის სამი ძირითადი გაკვეთილი გაითვალისწინოთ და იმ პლატფორმებს მიმართოთ, რომლებზეც უკვე მუშაობთ:

1. პირველად ადგილას თქვენი აუდიტორია დააყენეთ

თქვენი ბრენდი არ უნდა იყოს ყველა პლატფორმაზე — ამის ნაცვლად, არხები იმის მიხედვით შეარჩიეთ, თუ სად ატარებს თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე დიდ დროს.

2. იყავით გულწრფელი

ბევრი ბრენდი დაუფიქრებლად ქმნის დიდი რაოდენობის კონტენტს და მათ არხებზე მცირე ჩართულობაა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანია იმაზე არ ფიქრობს, თუ რა აინტერესებს მის მომხმარებლებს. ვიდრე კონკრეტულ პლატფორმას შეუერთდებით, დარწმუნდით, რომ თქვენი კრეატიული სტრატეგია ზუსტად შეესაბამება ავთენტური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

3. იყავით ავთენტური, როდესაც საქმე კონტენტის შემქმნელებთან პარტნიორობას ეხება

ზოგიერთი ბრენდი განსაკუთრებით სუსტად აყალიბებს ნამდვილ პარტნიორობას იმ შემქმნელებთან, რომლებთანაც მუშაობენ. აირჩიეთ შემქმნელები, რომლებიც ნამდვილად შეესაბამებიან თქვენს ბრენდს. პრიორიტეტი მიანიჭეთ გრძელვადიან ექსკლუზიურ პარტნიორობას, ერთჯერადი რეკლამების ნაცვლად.

როზალინდ ფრანკლინი და დნმ სამყაროს ახალი ერა

„საგზაო მოძრაობა არის საზოგადოების სარკე“ — ანდრო დგებუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიას შეუერთდა