in

BeReal ჩატის ფუნქციის ტესტირებას იწყებს

ანუ, მალე RealChat-ში ჩაერთვებით…

„Time to BeReal“-ის შეტყობინება თუ ყოველდღიურად თქვენც მოგდით, ახალი ამბავი გვაქვს — BeReal ჩატის ფუნქციის დამატებაზე მუშაობს. მართალია, ჯერ სატესტო რეჟიმში ირლანდიელი მომხმარებლებისთვის გაეშვება, მაგრამ ამის შემდგომ მალევე გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ დროს კი უკვე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მისწერონ ერთმანეთს, გაუგზავნონ პირადი BeReal და გამოხატონ ემოციები RealMoji-ს დახმარებით. 

BeReal შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ფოტოების გადაღებას გთხოვთ, რათა რეალური სახე აჩვენოთ და არა ისეთი, როგორიც ინსტაგრამზე გვხვდება… მართალია, ამ რამდენიმე წუთში სურათისთვის გამზადებას მაინც ვასწრებთ, მაგრამ ფილტრებისა და არარეალური გამოსახულებებისგან მაინც დაცლილია. ამიტომ, აქ ხშირად შეხვდებით ფოტოებს მეგობრების სამუშაო ან სასწავლო რუტინიდან, ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანებს ფილმის ყურების დროს და ა. შ. 

თუმცა RealChat-ში მომხმარებლებს მხოლოდ მაშინ შეეძლებათ ერთმანეთისთვის შეტყობინების გაგზავნა, თუ ისინი პლატფორმაზე უკვე მეგობრები არიან. საინტერესოა ისიც, რომ ჩატს თავიდანვე ექნება დაბლოკვისა და დარეპორტების ფუნქცია. მართალია, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი შეტყობინებების წაშლა, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ შეტყობინება მეგობრების აპლიკაციებიდანაც გაქრება. ამ უკანასკნელისთვის საჭიროა, კონკრეტული შეტყობინება ორივე მათგანმა წაშალოს, რის შემდეგაც იგი სისტემიდან 30 დღის განმავლობაში გაქრება. ასე რომ, დაფიქრდით, რამდენად ღირს BeReal-ში საიდუმლოების ერთმანეთისთვის გაზიარება…

როგორც ამბობენ, მომხმარებლები ყველაზე მეტად ჩატის დამატებას ითხოვდნენ. მართალია, ეს კომფორტული იქნება, მაგრამ ამ გზით მომხმარებლები აპლიკაციაში უფრო დიდხანს გაჩერდებიან და პოსტის დასადებად დღეში მხოლოდ ერთხელ აღარ ესტუმრებიან პლატფორმას…

საინტერესოა ისიც, რომ აპრილში BeReal-მა Spotify-სთან თანამშრომლობა დაიწყო — აჩვენებდა, რას უსმენდით, როცა BeReal-ზე პოსტავდით. შემდგომ კი Bonus BeReal-ის ფუნქციაც შემოგვთავაზა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთი დღის მანძილზე ერთზე მეტი BeReal დაპოსტონ. კარგი კი ის არის, რომ ჯერჯერობით აპლიკაციაში რეკლამები საერთოდ არ გვხვდება და საბედნიეროდ, ჯერ კომპანიაში ამაზე არც კი საუბრობენ. ხოლო, BeReal-ის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, აპლიკაციას 20 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს… 

JWT Metro-ს ნამუშევარი KIAF-ის შორთლისთში მოხვდა

თბილისი პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესს -„კოლხიდა 2023“-ს მასპინძლობს