BeReal სხვა სოციალური ქსელებისგან თავისი მთავარი პრინციპით განსხვავდება — სურს, ციფრულ სამყაროში გულწრფელი რეალურობა დანერგოს. მის უკან მდგომი ადამიანების აზრით, არავის არაფერი გვაქვს დასამალი და ყოველთვის არ გვჭირდება ფოტოებისთვის საგანგებოდ მომზადება. ზოგჯერ უბრალოდ ისეთები უნდა ვიყოთ სოციალურ მედიაშიც, როგორიც რეალურად ვართ.
მიუხედავად ამ მკაფიო მიზნისა, რომელიც ბევრი ადამიანის დადებით შეფასებასაც იღებს, BeReal-ს მაინც აკლია პოპულარობა. ახლა კი პლატფორმის წარმომადგენლებს სურთ, პირველ გლობალურ კამპანიაზე იმუშაოს. და ვინაიდან მისი არსებობის ფუნდამენტურ იდეას სინამდვილე წარმოადგენს, კამპანიასაც მსგავსი პრინციპით ქმნის — ნაცვლად წინასწარ დადგმული სიუჟეტისა და საგანგებოდ შერჩეული მსახიობისა, მთავარ სახეს სწორედ რეალურ ადამიანებს შორის ეძებს. შერჩეულ კანდიდატს კი მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება: „ბრენდის თანამშრომლებიც და სხვა მომხმარებლებიც უნდა დაარწმუნოს, რომ დასამალი აბსოლუტურად არაფერია“.
„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მომხმარებლებს გულწრფელ, კომფორტულ პლატფორმას ვთავაზობთ. მათ თავს უსაფრთხოდ ვაგრძნობინებთ და შთავაგონებთ, რომ სინამდვილე ერთადერთია, რაც ყველას სჭირდება. ამ იდეის წასახალისებლად, მალე ახალ ფუნქციებსაც შევიმუშავებთ და მთელ პროცესს სახალისო გამოცდილებად ვაქცევთ“, — ამბობს მარკეტინგული სტრატეგიის ხელმძღვანელი, ჯულიან ჰისლოპი.
უშუალოდ კამპანიის ნაწილი უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, „ყველაზე რეალური ადამიანის“ ბილბორდი Times Square-ზე გამოჩნდება. მიზანი კი გულწრფელობის მასშტაბური წახალისებაა, რათა სხვებსაც გაუჩნდეთ საკუთარი თავის ამ გზით წარმოჩენის სურვილი.