„ბანკი რესპუბლიკას“ ინიციატივით, სამმა სტუდენტმა ჩაატარა კამპანია, რომელიც ბანკის საკრედიტო პოლიტიკაში სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს და საქართველოში არსებულ მწვავე პრობლემას, სესხების დაუფიქრებლად აღებას უკავშირდებოდა. კამპანიის მიზანი იყო მომხმარებლისთვის იმის ახსნა, რომ დაუფიქრებლად და ნაჩქარევად არ აიღონ სესხი. ამის შედეგად, შეიქმნა ფიქტიური ორგანიზაცია „ლურა ჯგუფი,“ აბსურდული პირობებითა და ვებ-გვერდით, რომელიც ფინანსური ორგანიზაციის სიმულაციას წარმოადგენდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, დაემატა facebook-ის გვერდიც, საიდანაც კომპანიის რეკლამირება ხდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, კამპანიის ანკესზე 4000-მდე მომხმარებელი წამოეგო, რომელიც გაუაზრებლად აწერდა ხელს სესხის აბსურდულ პირობებს. ნაწილს უარს ეუბნებოდნენ სესხის გაცემაზე, ნაწილი კი, ფილიალში დაიბარეს, სადაც მათ ხელახლა მოაწერინეს ხელშეკრულებაზე ხელი, რომლის მიხედვითაც, მათ უწევდათ ორგანიზაციის სადღეგრძელოს ყანწით შესმა, ძმობის შეფიცვა და 25 ბუქნის გააკეთებაც კი.
კამპანიის მთავარი „დამნაშავეები“ ESM-ის მარკეტინგის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, ცოტნე მაზმანიშვილი, მიხეილ წიკლაური და ბასა მეტრეველი არიან, რომელთაც მარკეტერთან “ლურა ჯგუფის” შექმნის შესახებ ისაუბრეს და არსებული საკითხის მოგვარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/bankrepublic/videos/vb.496401113715939/1128360453853332/?type=2&theater” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]
M: რა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად კამპანია?
ცოტნე: ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა ფინანსური ორგანიზაციების რაოდენობა და სულ უფრო მეტი მაცდური შეთავაზებები ჩნდება ჩვენს გარშემო. ამ სახიფათო ტენდენციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას, გადაწყვეტილების მიღებამდე, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის მიუხედავად, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, ხშირად, მომხმარებელი ხელშეკრულებას გაუცნობიერებლად აწერს ხელს, არ კითხულობს პირობებს, ვერ აფასებს რისკებს, ან არ ფიქრობს, თუ როგორ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ გვინდოდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგვეფიქრებინა არსებულ პრობლემაზე და დავხმარებოდით მათ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
M: როგორ გაჩნდა კამპანიის წამოწყების იდეა?
ცოტნე: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენ სამმა გავიმარჯვეთ “ბანკი რესპუბლიკას” პროექტში “Innovations Lab”. ამის შემდეგ მათ ერთობლივი პროექტის იდეა მოგვაწოდეს და შევთანხმდით, გაგვეკეთებინა კამპანია, რომელშიც წარმოვაჩენდით, თუ რატომ იყენებს პასუხისმგებლიან მიდგომას “ბანკი რესპუბლიკა,” რა პრობლემებია ამ მხრივ დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ფიქტიური ფინანსური ორგანიზაციის შექმნა კი, უშუალოდ ამ მიზნით მოფიქრებული კამპანიის დაწყების იდეა იყო. კამპანიის დასაწყისის მიზნად კი პრობლემის რეალური სახის დანახვა და მისი წარმოჩენა დავისახეთ.
M: როგორ შეიქმნა „ლურა ჯგუფი“?
ბასა: ლურა ჯგუფის (LURA) შექმნის მიზანი არსებული პრობლემის წარმოჩენა იყო. მიზნის შესაბამის ფორმად იუმორი და სატირა ჩავთვალეთ. გავაკეთეთ ფიქტიური ფინანსური ორგანიზაცია თავისი ბრენდინგით, ოფიციალური საიტით, ფეისბუქ გვერდით და მეტი დამაჯერებლობისათვის ქალაქში ბილბორდებიც კი გავაკარით. ერთი შეხედვით, ყველა გარეგანი ნიშანი სერიოზული ფინანსური ორგანიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა, შინაარსი აბსურდული იყო და კარგად აშარჟებდა არსებულ სიტუაციას. სესხის უმარტივეს ფორმად facebook-ის სესხი მოგვაფქირდა. შემდეგ, გავაკეთეთ ხელშეკრულება შეუძლებელი და სასაცილო პირობებით, დაწყებული ოლიმპოს მთიდან ღვთიური ცეცხლის ჩამოტანით, დამთავრებული ყანწით ორგანიზაციის სადღეგრძელოს შესმით. გვინდოდა, სატირული ხერხებით და ხუმრობით რეალური პრობლემები წარმოგვეჩინა და მომხარებლამდე ჩვენი მთავარი მესიჯები მაქსიმალურად პოზიტური ხერხებით მიგვეტანა.
M: რამდენი ადამიანი გაება თქვენს მახეში და როგორ პასუხობდით მათ მოთხოვნას სესხზე?
მიხეილი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, LURA-ს ხელშეკრულება ადვილად შესამჩნევი, იუმორისტული პირობებით გავავსეთ, ტელეფონის ნომერი და მისამართიც არანაკლებ აბსურდული იყო. ბევრმა ეს ყველაფერი შეამჩნია და კარგად გაერთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, 10 დღის განმავლობაში, დაახლოებით 4000 ადამიანი დარეგისტრირდა, ჯამში კი, 9 000 000 ლარის ოდენობის სესხი მოითხოვეს. ჩვენ ყველა მათგანს განსხვავებულად და მხიარულად ვუპასუხეთ, რომ სესხის მოთხოვნა უარყოფილი იყო.
საბოლოოდ, უამრავი ადამიანი დავაფიქრეთ და დავაინტერესეთ არსებული პრობლემით. რაც მთავარია, ბანკი რესპუბლიკას გუნდთან ერთად შევქმენით პლატფორმა http://beresponsible.ge/, რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება თავისი ფინანსური განათლების ამაღლებაში; შესაბამისად, ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს.