in

ნახეთ: „ბერიკაობა 2023“-ის ფოტოები

გუშინ დიდ ჩაილურში ბერიკაობა 2023 გაიმართა, რომელიც ქართული, ძველი, ტრადიციული დღესასწაულია და დღემდე მცირედი ცვლილებებით, მაგრამ მაინც შემორჩა რამდენიმე ქართულ უბანს.

დიდ ჩაილურში ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან: კერავენ ფორმებს, არჩევენ ბერიკებს, წერენ სცენარს, აცხობენ სპეციალურ ქადებს და ელოდებიან სტუმრებს. ამ დღესასწაულის ასახვა კი ფოტოგრაფმა თიკა ჯაბანაშვილმა გადაწყვიტა. „როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ეს დღესასწაული ყველიერის ბოლო კვირას იმართება და გაზაფხულის შემოსვლასთან, ბარაქასთან და იღბალთან ასოცირდება“, — აღნიშნავს თიკა.

ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი

ბერიკებს ყველა ოჯახი ელოდება: შაშხით, ღვინით და ამ დღისთვის განკუთვნილი ქადებით (სუფრის გაფორმება, დამატებით, მასპინძელზეა დამოკიდებული). ბერიკები არჩევენ ოჯახებს, შედიან შიგნით, ულოცავენ და ძღვენით ხელდამშვენებულები უკან ბრუნდებიან. თანაც, მონაწილეების ვინაობა დაფარულია და არ შეიძლება ვინმემ ამოიცნოს ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტალახის აბაზანები არ ასცდებათ. „მიუხედავად იმისა, რომ მე ბერიკა არ ვყოფილვარ, ტალახით მონიშვნა არ ამცდა, ესეც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ამ დღის“.

ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი

ბერიკებს უზარმაზარი შოლტები აქვთ და სირბილის დროს შეძახილებით იქნევენ. არასდროს გამიზნულად, თუმცა შემთხვევით მოხვედრილი საკმაოდ მწარეა. ასე შემოივლიან მთელ სოფელს. გაჩერდებიან სოფლის ეკლესიასთან, სკოლასთან და ბოლოს მოედანზე, სადაც წინასწარ არის გამზადებული საჭიდაო სივრცე და საქანელა (კაჩაია). კაჩაია ხისაა, გირიანი სასწორის პრინციპით დაპროექტებული. მთავარი ღერძი ღრმად არის მიწაში ჩაფლული და ხის სკამები ბაწრით დამაგრებული.

თიკას თქმით, ბერიკები მსვლელობას მოედანზე, წინასწარ გამზადებულ საჭიდაო ტატამზე ასრულებენ სარიტუალო ცეკვით ასრიალებენ — დოლ-გარმონისა და დუდუკის ფონზე. „თურმე ადრე როლური გათამაშებებიც ყოფილა. ჰყოლიათ პატარძალი, რომლის როლსაც მამაკაცი ასრულებდა (ბერიკი არ შეიძლება იყოს ქალი), ატამანი-ტახის ტყავში გადაცმული თანამოსახლე. მათი სახლში შეპატიჟება-შესვლა ხვავის, იღბლისა და ბარაქის მაუწყებელია. თუ ვინმესთან არ შევიდოდნენ (თუ ვინმე არაკეთილსინდისიერად ცხოვრობდა), იმ წელს უიღბლობა არ აცდებოდა. პატარძალს რაც შეეხება, მას განსაკუთრებით იცავენ სხვა ბერიკები, რათა სხვებმა არ გამოსტაცონ“, — გვიზიარებს თიკა ადგილობრივებისგან მიღებულ ინფორმაციას. 

ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი

„რაც მთავარია ყველაფერი ზომიერად საინტერესოდ, ლამაზად და სახალისოდ ტარდება. ერთმანეთისა და სხვისი პატივისცემის ფარგლებში. მიღებული ემოციების, კარგი ამინდის, სიხალისისა და აღტაცების ფონზე, ვეცადე ყველაფერი დამემახსოვრებინა“.

ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი
ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი
ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი
ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი

ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი

რატომ არის ფინანსური განათლება მნიშვნელოვანი?

როგორ ვაქციოთ მოსაწყენი სიტყვა საინტერესოდ?