106-კილომეტრიანი მონაკვეთი მანნჰეიმიდან ფორცჰეიმამდე სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, სადაც პირველად გაიარა ავტომობილმა გრძელი დისტანცია. ავტომობილს ქალი მართავდა – პირველი ავტომობილის ავტორის – კარლ ბენცის მეუღლე – ბერტა ბენცი. ეს ამბავი 1888 წელს მოხდა.
კარლ ბენცი დიდებული ტექნიკოსი იყო. 1880-იან წლებში მან თავისი ეპოქალური გამოგონება – პირველი ავტომობილი ააწყო და დააპატენტა. Benz Patent Motorwagen ძრავზე მუშაობდა და სამ ბორბალს ეყრდნობოდა. მომდევნო წლებში მან მე-2 მოდელიც შექმნა. ავტომობილი კი, რომელიც ისტორიული მოგზაურობის თანამონაწილედ იქცა, 1888 წელს ააწყო, სახელწოდებით Motorwagen Model III. მას ორი გადაცემა ჰქონდა და ყველაზე მაღალი სიჩქარე – 10 მილი საათში!
სამწუხაროდ, კარლს თავად არ სჯეროდა, რომ ქმნილება გრძელი გზისთვის მზად იყო. სამაგიეროდ, ენთუზიაზმით იყო სავსე მისი მეუღლე – ბერტა ბენცი, რომელიც ყველანაირად უჭერდა მხარს მეუღლეს წამოწყებაში.
კარლს საქმოსნის ალღო არ ჰქონდა და ავტომობილის გაყიდვა გაუჭირდა. არავის სურდა შეეძინა, ჯერ კიდევ, გამოუცდელი ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ მცირე დისტანციაზე შეეძლო გაადადგილება. კარლი საგონებელში ჩავარდა – ეგონა, ამ ყველაფერს შედეგი არ ექნებოდა. თუმცა, აქ, მხსნელად ბერტა მოევლინა.
ბერტამ მეუღლისთვის გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ავტომობილი გრძელ დისტანციაზე მოგზაურობისთვისაც იყო მზად. ერთხელაც, ის კარლის გაუფრთხილებლად წავიდა ავტომობილით მანნჰეიმიდან ფორცჰეიმში, სადაც თავად დაიბადა. აგვისტოს დასაწყისი იყო. სკოლაში არდადეგები დაწყებულიყო, ამიტომ ბერტამ შვილებიც ჩართო თავის გეგმაში. დედამ და შვილებმა, დილაადრიანად მიაშურეს ქარხანას, ჩუმად გამოიყვანეს ავტომობილი და გზას გაუდგნენ. ბერტამ მეუღლეს ბარათი დაუტოვა სამზარეულოს მაგიდაზე, სადაც ამცნობდა, რომ ფორცჰეიმში გაემგზავრა. „ტესტ დრაივის“ შესახებ წერილში არაფერი ეწერა. მოგვიანებით, კარლმა შენიშნა, რომ ავტომობილი სადგომში არ იყო და მიხვდა, რომ ოჯახის წევრები მატარებლით არ გამგზავრებულან. ბერტა რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა. მისი მოგზაურობა კი ისტორიაში შევიდა, როგორც ავტომობილით პირველი მგზავრობა გრძელ დისტანციაზე.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი