21
May
2019

“მუსიკის შესაქმნელად მჭირდება, რაიმე მქონდეს ამოსათქმელი..” – ბესო ბაბალაშვილი #თაობა

21 May 2019

ემოციური ტექსტები, ყოველდღიური განცდები, ამა ცხოვრების ამაოება თუ უბრალოდ წამიერად განცდილი ბედნიერება – ბესო ბაბალაშვილის მუსიკა ყველაფერ ამის კომბინაციაა. FB საზოგადოებას ყველაზე ხშირად საკუთარი ოთახიდან ასმენინებს საკუთარ შემოქმედებას, ისე კი – სხვადასხვა ადგილას უკრავს და საკუთარი სათქმელის გულწრფელად გამოხატვას ამგვარად ახერხებს. მისი შემოქმედების შესახებ Marketer.ge-ს ბესოს გაესაუბრა:

M: ვინ არის ბესო ბაბალაშვილი? – გაგვაცანი შენი თავი..

ბესო ბაბალაშვილი არის მოყვარული მუსიკოსი, რომელიც ქმნის საკუთარ მუსიკას ინდი და ფოლკ სტილში. აქვს პროექტი B.Band და უკრავს ლოკალურ ბარებში მარტო ან მეგობრებთან ერთად..

M: შენი პირველი შეხება მუსიკასთან..

ჩემი უფროსი ძმა 90-იან წლებში უსმენდა ისეთ ჯგუფებს როგორებიცაა: Nirvana, The Doors, Pink Floyd და სხვებს.. უამრავი კასეტა მოჰქონდა სახლში და მეც ვუსმენდი. აქედან იწყბა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაც..

M: შემდეგ უკვე როგორ დაიწყე და განვითარდი?

შემდეგ იყო მუსიკალური შვიდწლედი, სადაც ფორტეპიანოზე ვუკრავდი. მოგვიანებით შევეცადე ჩემით მესწავლა გიტარაზე დაკვრა, მგონი გამომივიდა..

ბავშვობიდანვე ვწერდი კომპოზიციებს და ლექსებს, მაგრამ არასოდეს გამიზიარებია სხვებისთვის. პირველად 2014 წელს, ჩემს დაბადების დღეზე დავუკარი ჩემი მეგობრებისთვის. მათ გამამხნევეს და მირჩიეს, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის მეჩვენებინა ჩემი შემოქმედება.

M: როგორ ფიქრობ, რა არის შენი მუსიკის მთავარი სათქმელი/რას ასახავს იგი?

ბევრი სხვადასხვა შინაარსის ნაწარმოები დამიგროვდა, მაგრამ ძირითადად, ალბათ, ადამიანურ პრობლემებსა თუ სიამოვნებებზეა, დღევანდელ საკაცობრიო პრობლემებზე, სიყვარულზეც, სიკვდილზეც და მარტოობაზე, კიდევ სიკეთეზე და იმ გრძნობებზე, რასაც მუზის მოსვლის მომენტში განვიცდი. ჩემი ერთ-ერთი კომპოზიცია Blood Circulation სადოქტორო თემაზე მუშაობისას დავწერე, ჩემი თემა სისხლის მოძრაობის მათემატიკურ მოდელირებას ეხებოდა და ტექსტი და მუსიკაც თავისით მოვიდა. ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩემი ტექნიკური განათლება ძალიან მეხმარება მუსიკის წერის დროს. მჭიდრო კავშირია მათემატიკასა და მუსიკას შორის.

M: უწოდებდი თუ არა შენს შემოქმედებას რაიმე სახელს?

ჩემი შემოქმედება ჯერ კიდევ ფორმირების და დახვეწის პროცესშია, ალბათ ეს არ არის საბოლოო სახე, რაც უნდა ჰქონდეს, ამიტომ გამიჭირდება სახელის დარქმევა.

M: რა გჭრიდება იმისთვის, რომ ახალი მუსიკა/სიმღერა შექმნა?

მჭირდება, რომ რაიმე მქონდეს სათქმელი თუ ამოსათქმელი. ზოგჯერ ეს შეიძლება წუთებში მოხდეს, ზოგჯერ თვეობით მიმატოვებს ხოლმე მუზები..

M: ვინ იყვნენ მუსიკოსები/არტისტები ვინც შენსა და შენს შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს?

არ ვიცი, ვინ მოახდინა ჩემს მუსიკაზე პირდაპირი გავლენა, მაგრამ არაპირდაპირ გავლენას ჩემს საყვარელ შემსრულებლებს მივაწერდი. მათი სია ძალიან დიდია, თუმცა გავიხსენებდი: The Beatles (John Lennon), Pink Floyd, Janis Joplin, The Doors (Jim Morrison), Oasis, The Verve, Blur (Damon Albarn), Travis, Sixto Rodriguez, Nina Simone, Tom Waits, Johnny Cash, U2, Nirvana, Radiohead, RHCP, Jack Johnson, Massive Attack, Portishead..

M: როგორ ფიქრობ, შენი მუსიკისთვის როგორი ნიადაგია თბილისი?

საქართველო ძალიან მუსიკალური ქვეყანაა, შესაბამისად თბილისიც. თანამედროვე თბილისში ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსია, რომელიც მაღალი დონის მუსიკას ქმნის, შესაბიმისად, ქმნიან ნიადაგს და მოტივაციას სხვა მუსიკოსებისთვის, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ამ საქმეს.

M: ალბომის გამოშვებაზე ხომ არ ფიქრობ?

ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს გარკვეულწილად ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და დროა მოქმედებაზე გადავიდე..

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა