12
Oct
2018

არსებობს ორი ტიპის ადამიანი – ბესო კაჭარავას #აზრები

12 Oct 2018



გუნდისთვის მოტივაციის მიცემა დღემდე ყველაზე რთულ საქმედ მიმაჩნია და მგონია, რომ ყოველ ჯერზე თავიდან იწყებ სწავლას, როდესაც გუნდის ახალი წევრი გემატება. როდესაც ვსაუბრობთ მოტივაციაზე, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ვიპოვოთ ადამიანი, ვისი ამბიციები, მიზნები და მისწრაფებებიც ეთანხმება ჩვენსას. ყველა ადამიანი განსხვავებულია და არ არსებობს იდეალური კადრი, თუმცა, არსებობს ორი ტიპის ადამიანი:

ვინც ქმნის პრობლემას VS ვინც აგვარებს

სასწავლებელს რომ ვამთავრებდი, ჩემს ერთ-ერთ ლექტორს, რომელსაც სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, ვკითხე, რისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება დამწყებ ხმის დიზაინერებს პრაქტიკანტად სტუდიაში მისვლისას. მან მარტივად მიპასუხა: „ჯუნიორის“ პოზიციაზე აჰყავთ კადრი იმ დროს, როდესაც ბევრი საქმეა და ამ საქმის „შავი” ნაწილის დამწყებზე გადაბარებას გეგმავენ. ეს არის დამწყები პროფესიონალისთვის სამსახურის შოვნის ერთადერთი გზა“.

თუ „ჯუნიორი“ არის ის, ვინც პრობლემებს მოუგვარებს გუნდს, მას არ გაუჭირდება თავის დამკვიდრება. მაგრამ თუ „ჯუნიორი“ უფრო მეტ პრობლემას ქმნის გუნდში, ის არა თუ გამოუსადეგარია, არამედ წამგებიანია გუნდისთვის – პროცესი უფრო ნელდება, ვიდრე „ჯუნიორის“ აყვანამდე იყო. ამიტომ, როდესაც იწყებ კარიერას, შენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია უნდა იყოს მათი პრობლემების მოგვარება. სანაცვლოდ უნდა მიიღო ის გამოცდილება და ცოდნა, რასაც სკოლაში ვერ გასწავლიან.

ვინც აკეთებს საქმეს VS ვინც ვერასდროს აკეთებს საქმეს ლოგიკური მიზეზების გამო

ყოველთვის გამოიძებნება გზა საქმის გასაკეთებლად, რამდენად პრობლემატური და რთულიც არ უნდა იყოს დავალება. არასდროს არ მიდის საქმე იდეალურად და ყოველთვის გვხვდება გათვლილი თუ გაუთვლელი სირთულეები. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ყველა ახალი გამოწვევა მოტივაციის მიმცემია და ისწრაფვიან, შექმნან კარგი კონტენტი გარემოების მიუხედავად. მეორე მხარეს არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბევრად მეტი სჭირდებათ მოტივაციისთვის. ყოველი პატარა დაბრკოლება დემოტივატორია და ხშირად დაბრკოლების არარსებობის შემთხვევაშიც ცდილობენ, ხელოვნურად მოიფიქრონ ან შექმნან დაბრკოლება, რომ გაამართლონ, რატომ ვერ შექმნეს ისეთი კონტენტი, როგორიც უნდოდათ.

ვისაც საყვარელი საქმის კეთება უნდა VS ვისაც უბრალოდ სამსახური უნდა

ყველა გუნდი და კომპანია ეძებს „როკსტარს“ (ან პოტენციურ „როკსტარს“) თავის საქმეში. იხარჯება ბევრი ფული და ენერგია „აუთსორს“ ან „ინჰაუს რექრუიტერებში“ რომ იპოვონ კადრი, რომელიც ახალ სისხლს შემატებს მათ გუნდს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალა არის საყვარელი საქმის კეთება. ჩვენი ცხოვრების ნახევარს (ან უფრო მეტს) ვატარებთ სამსახურში და თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს, უბრალოდ, უბედურები ვიქნებით და რთული იქნება მოტივაციის პოვნა. მე ყოველთვის ვცდილობ, ავირიდო ადამიანები, რომელსაც უბრალოდ სამსახური უნდათ და ვიმუშაო ადამიანებთან, ვისაც ამ საქმის კეთება უყვართ. ვიცი, როგორ მივცე ხმის დიზაინზე შეყვარებულ ადამიანს მოტივაცია, რადგანაც მე ასეთი ვარ.

ლაპარაკი VS საქმე

ბევრი ტიპი მოსულა ჩვენთან და გაუშვია ბოლი, თუ რამდენად უყვარს ეს საქმე და როგორ შეუძლია ღამეები ათენოს და ცხოვრება შესწიროს წმინდა ხმის დიზაინის კეთებას. თავიდან, გამოუცდელობით ჩვენც გვჯეროდა და სიხარულით აგვყავდა ასეთი კადრები. აბსოლუტური უმრავლესობით ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ტიპები, ვისაც საქმის კეთება კი არა, საქმის კეთების სიყვარულზე ლაპარაკი უყვარს. ამიტომ, აქტიურად ვეძებთ ადამიანებს, რომელთათვისაც მთავარი მოტივატორი პროფესიონალიზმის საქმით დამტკიცებაა და არა ლაპარაკით. მინახავს ადამიანები, იმაზე მეტი საქმე აუღიათ რომ თავზე ვიდრე შეეძლოთ, გაუთენებიათ ღამეები და გაუკეთებიათ საქმე, რომ დაემტკიცებინათ თავიანთი შესაძლებლობები და მინახავს ადამიანები, ვისაც საათობით ულაპარაკია, რომ შეეძლო ამ საქმის გაკეთება და ბოლოს გამქრალან.

ნიჭიერი და ზარმაცი VS შრომისმოყვარე

საქართველოში ბევრი მშობელი იწყნარებს თავს, რომ მისი შვილი ზარმაცია, მაგრამ – ნიჭიერი. ვთვლი, რომ მსგავსი მიდგომა არის ყველაზე დიდი დემოტივატორი ადამიანისთვის. დღევანდელ გარემოში სიზარმაცე ყველაზე დიდი პრობლემაა და ვერანაირი ნიჭი ვერ გააბათილებს მას კადრის შერჩევისას. იქიდან გამომდინარე, რომ უნარების უმეტესობა განვითარებადია, მე ყოველთვის მირჩევნია ვიმუშაო ადამიანთან რომელიც შრომისმოყვარეა და დავეხმარო მას უნარების განვითარებაში, ვიდრე ვიმუშაო ადამიანთან, ვისაც ბავშვობიდან დააჯერეს რომ სიზარმაცეს არაუშავს, რახან ნიჭიერია. ზარმაცი და ნიჭიერი ადამიანის მოტივატორი მისი ეგოს კვებაა, რისი ენერგია, ნერვები და დრო არავის აქვს, ხოლო შრომისმოყვარე ადამიანის მოტივატორი ახლის სწავლა და საქმეში პროგრესია, რაც ყველა გუნდისთვის მოტივატორია.

ბესო კაჭარავა – ხმის დიზაინერი,

საბოლოოდ ვიტყოდი, როდესაც ადამიანი მოდის შენთან სამუშაოდ, მას უკვე უნდა ჰქონდეს მოტივაცია შენთან ერთად აკეთოს ის, რისი კეთებაც ორივესთვის მნიშვნელოვანია. თუ ეს ნაწილი წესრიგში არ არის, უბ​რალოდ, ძვირი დაჯდება ასეთი ადამიანის მოტივირება და განვითარება.

განხილვა