in

ბესო კაჭარავამ და Postred-მა „კივილის“ ახალ ფილმზე იმუშავეს

მათ კიდევ რამდენიმე ამერიკული და ბრიტანული ფილმის ფოლი და ხმის დიზაინი შექმნეს

ბესო კაჭარავამ და მისმა გუნდმა, სტუდია Postred-მა, ამერიკისა და ბრიტანეთის კინო ინდუსტრიაში, შეიძლება ითქვას, თავის ადგილი უკვე დაიმკვიდრეს – მათ ახლახან დაამთავრეს მუშაობა ყველასათვის კარგად ნაცნობ, ამერიკული საშინელებათა ჟანრის ფილმ Scream/„კივილის“ახალ, მე-5 ნაწილზე, რომელიც 2022 წელს გამოვა. ასევე – BBC-ის კომედიაზე Together, სადაც მთავარ როლებს ჯეიმს მაკევოი და შერონ ჰოგანი თამაშობენ. ითანამშრომლეს შარშანდელი ტრიუმფატორის, „მინარის“ შემქმნელ გუნდ A24-თან, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: ოსკაროსანი „Moonlight”, „Midsommar“, „Lady Bird“ და ა.შ.  მათ ახალ ფილმში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ჰოაკინ ფენიქსი ასრულებს. ამ პროექტებიდან, ბესო კაჭარავამ და Postred-ის გუნდმა, ზოგისთვის ფოლი შექმნა, ზოგისთვის – ხმის დიზაინი.

Scream/„კივილი“ 5-ის ფოლი Postred-მა შექმნა

ბესო კაჭარავა: საქართველოში რომ დავბრუნდი და ჩემი სტუდია გავაკეთე, იმ პერიოდიდან, ამერიკისა და ბრიტანეთის ბაზარზე გასასვლელად ვემზადებოდი. ყოველთვის ის იყო ჩვენი მთავარი სამიზნე. ქართულთან ერთად, ბევრ საერთაშორისო პროექტზეც ვმუშაობდით. ნელ-ნელა გაგვიცნეს დიდმა უცხოურმა კომპანიებმა და სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა. ამბობენ, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი ნამუშევრები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს.

Together-ის ფოლი Postred-მა შექმნა

კონკრეტულ პროექტებზე მინდა გკითხო, მაგალითად, ამერიკული Scream, BBC-ს Together და A24-სთან ერთად განხორციელებული პროექტი . . . 

საერთაშორისო ფილმების ნაწილი, რომლებზეც მე და ჩემმა გუნდმა, სტუდია Postred-მა ვიმუშავეთ, უკვე გამოვიდა, ნაწილის პრემიერა კი 2021-2022 წლებშია დაგეგმილი. მათ შემქმნელ  კომპანიებთან ადრეც გვითანამშრომლია და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენ მათი ნდობა მოვიპოვეთ, ამიტომ, უკვე ახალ პროექტებზეც მივიღეთ შემოთავაზებები. ზოგი ფილმისთვის ხმის დიზაინი შევქმენით, ზოგ ფილმზე კი, ფოლი არტისტ ბიკო გოგალაძესთან და ფოლის გუნდთან ერთად, ფოლიზე ვიმუშავეთ.

თუმცა, აუცილებლად მინდა ვახსენო ქართული პროექტებიც, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენ ახლახან დავასრულეთ მუშაობა ლევან კოღუაშვილის ფილმზე “Brighton 4th“, რომელიც წელს, „ტრაიბეკას ფესტივალზეა“ წარმოდგენილი. ასევე, ვმუშაობთ ოსკაროსან კინემატოგრაფისტ ფედონ პაპამიქაელთან და Enkeny Films-თან ერთად, მის ახალ ფილმზე „Light Falls”.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

ბოლო პერიოდში, ამერიკასა და ბრიტანეთში საკმაოდ ბევრი პროექტი გავაკეთეთ, იყო როგორც დიდი, ისე ინდი, დამოუკიდებელი და შედარებით, მცირემასშტაბიანი პროექტები. აქტიურად ვთანამშრომლობთ Netflix-თან, A24-თან, Paramount Pictures-თან, The Formosa Group-თან. ახლა ისეთ პოზიციაზე ვართ საერთაშორისო ბაზარზე, რომ კიდევ უფრო დიდ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა გვეძლევა. ძალიან გვიხარია, რომ სახელი Postred საკმაოდ ცნობილია და თუნდაც, ლოს-ანჟელესში მას იცნობენ, როგორც ქართულ კომპანიას, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობს დიდ, საერთაშორისო მოთამაშეებთან კინოინდუსტრიაში.

ნახეთ: იაპონელი ხელოვანის მიერ შექმნილი ხის საოცარი სკულპტურები

ტექნოლოგიები დაზღვევაში – გიორგი ბარათაშვილი