in ,

„აზრზე უნდა იყო, ვინ ხარ. თუ არ იცი, ვინ ხარ და რა გინდა, წარმატებას ვერ მიაღწევ“

„საქართველოში ორი კვირით ჩამოვედი, ჩემი მეგობრის ქორწილისთვის. აქ რომ ვნახე სიტუაცია, რამდენიმე პროექტის გამო ვანკუვერში დაველაპარაკე. ვთხოვე, იქნებ, დისტანციურად ვიმუშავო-მეთქი. დამთანხმდნენ. ჯერ თებერვლამდე ვაპირებდი დარჩენას, შემდეგ ივლისამდე “გადავწიე“.

„აზრზე უნდა იყო, ვინ ხარ. თუ არ იცი, ვინ ხარ და რა გინდა, წარმატებას ვერ მიაღწევ“ – ბესო კაჭარავა, ხმის დიზაინერი 

M: დასაწყისი…       beso Kacharava

აქ დავიწყე, თბილისში. ჩემთვის ვუკრავდი. ბავშვობიდან ვუკრავ გიტარაზე. მოგვიანებით დავინტერესდი ფილმით. რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და ერთ სრულმეტრაჟიან ფილმზე ვიმუშავე. რაღაც დონემდე რომ მივედი, გადავწყვიტე, წავსულიყავი საქართველოდან. სხვადასხვა უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები. რამდენიმე ქვეყნიდან მომივიდა თანხმობა და ავიღე „სკოლარშიპი“. ჩემთვის ოპტიმალური ვარიანტი კანადის Vancouver Film School იყო. ცოტა უცნაური სკოლაა, კინოს სკოლაა, მაგრამ ყველაზე კარგი sound-ისა და 3D ანიმაციის “კლასები” აქვთ. აქ ვსწავლობდი ერთი წელი. 24 საათიანი წვდომა გვქონდა შენობაზე, აპარატურაზე , სადაც შეგვეძლო „მიქსებზე“ გვემუშავა, გვესარგებლა იქაური ხმის ჩამწერი სტუდიებით. ყველა რესურსი გვქონდა, რომ მაგარი რაღაცები გაგვეკეთებინა. რამდენიმე ადამიანმა კლასში გადავწყვიტეთ, სხვადასხვა პროექტებზე მოგვესინჯა ძალები. მათ შორის, სტუდენტობისას, უფასოდაც გვემუშავა. ამ პერიოდში გავიცანი ბევრი რეჟისორი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე უკვე გვქონდა სამსახური. ხედავდნენ ჩემს პოტენციალს. თანაც, ჩემი ლექტორები ინდუსტრიაში მოღვაწე ცნობილი ადამიანები იყვნენ კომპიუტერული თამაშების სხვადასხვა კომპანიებიდან. მაგალითად,   Electronic Arts-იდან. თამაშებისა და ფილმების კომპანიის წარმომადგენლები ცალ–ცალკე აფასებდნენ ნამუშევრებს. მათ შორის იყო კრეიგ ბერქი , რომელიც ყველაფერს თვითონ აკეთებს და უმუშავია „Spider Man” Transformer, No Country for Old Men, ასევე იყო ჯონ ფიში, ერთ–ერთი წამყვანი აუდიო დიზაინერი. მან ბევრი კარი „გამიხსნა“ და შესაძლებლობა მომცა მემუშავა ხალხთან Electronic Arts–იდან და ა.შ.

M: შესრულებული და შეუსრულებელი „მისიები“ . . .

 ყველაზე მეტად სადაც დავიხარჯე, იყო StarCraft–ის ვიდეო. ეს არის პროექტი, სადაც ყველაფერი თვითონ გავაკეთე. ერთი მომენტია, სადაც ბევრი პერსონაჟი ერთად მორბის. ეს ხმაც თავად შევქმენი . რეალურად,  მე და ჩემი მეგობრები „გამოვცემდით“ ამ ხმას. არის ერთი მომენტი, რაღაც მიგორავს, ველოსიპედის ბორბალი გავაგორე და მივსდევდი ქუჩაში. ძალიან ბევრი voice actor მყავდა, 60 ბიჭი და 45 გოგო, რომ რეალურად მიმეღო ის ხმები, რაც ამ პროექტისთვის მჭირდებოდა. საქართველოში რაზეც მიმუშავია, იყო გიორგი აბელაშვილის პროექტი, ძალიან მარტივი პატარა თამაში. პერსონაჟი კარგავს ძაღლს და არის სპეციალური „ფაზლები“, რომლის მიხედვითაც უნდა იპოვო ცხოველი. ეს ადამიანი პროგრამისტია და იმდენად დიდი პროფესიონალია, ასეთი კომფორტი არც აქ და არც ვანკუვერში მუშაობისას არ მქონია. მან მომცა აბსოლუტური თავისუფლება, რაც მინდოდა გამეკეთებინა და ამიტომ შეიქმნა ინტერაქტიული და დინამიური მუსიკა და ხმები. არ მინდა ისეთ პროექტებზე საუბარი, რომელიც, ჩემი აზრით, არ გამოვიდა. ბევრი რაღაც მე არ მომწონს და ვთვლი, რომ ცუდია, მაგრამ სხვები ასე არ ფიქრობენ. მე რომ ახლა რამე ვთქვა, შეიძლება, მერე სხვანაირად შეხედონ.

Beso Kacharava Game

M: ხმის დიზაინი შინ და გარეთ . . .

 ხმის დიზაინი რადიკალურად განსხვდება ფილმსა და კომპიუტერულ თამაშებში. ფილმში უფრო კლასიკური ბიუროკრატიაა. არსებობენ „რანერები“, რომლებიც დაატარებენ „კაბელებს“, ასე იწყებს ყველა და მათ შორის მეც. ეს აუცილებელია. შემდეგ არიან ასისტენტები, რომელებიც მთავარ ხმის დიზაინერს ეხმარებიან, მერე იყოფა –დიალოგის, ხმის რედაქტორები, ხმის დიზაინერები, რომლებიც ქმნიან ამ ხმებს. არსებობენ „ბექგრაუნდების“ ხმის შემქმნელები და „რექორდინგ მიქსერები“, ვინც წყვეტს, უკვე შეკრული ხმიდან ფილმში რომელი უნდა დარჩეს და რომელი – არა და ა.შ. ცნება – ხმის რეჟისორი, მგონი, ბუნებაში არ არსებობს. ეს ფრაზა, ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან. საბჭოთა კავშირში მოგონილია. არ ვიცი, ასე რატომ დაარქვეს. თამაშებში ცოტა სხვაგვარად არის. შეიძლება მუშაობდეს ერთი ადამიანი და ერთი კომპოზიტორი, ან ათი ადამიანი. მაგალითად, Fifa Franchise–ზე მუშაობს 5 ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა ფილმის ხმისთვის და ბევრია თამაშების ხმისთვის. ხმაზე რომ მუშაობ, შეიძლება, ხმის დიზაინის შექმნიდან დაწყებული „ექსელში“ სიტყვების ჩაწერით დამთავრებული ყველაფრის გაკეთება მოგიწიოს. თამაშის „საუნდერი“ უფრო ინტერაქტიულია, არასოდეს არ იცი მოთამაშე რას გააკეთებს. უნდა გესმოდეს პროგრამირება, უნდა იცოდე, როგორ მუშაობს თამაშები, უნდა გათვალო სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც შეიძლება მოთამაშემ აირჩიოს. ფილმი კი უკვე არსებობს და უნდა შეუქმნა კარგი ხარისხის ხმა. ინტერაქცია და ფიქრი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არ გიწევს. თვითონ ინდუსტრიას რაც ეხება, აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც ძალიან მომეწონა და ისეთებიც, რომლებიც პირიქით. ხალხი, რომელსაც რეალურად აქვთ დიდი რესურსი, მაგრამ საერთოდ არაფერს აკეთებს მის გამოსაყენებლად. ვთქვათ, აქვთ ასიათასობით დოლარის აპარატურა და არაფერს ქმნიან. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეს რესურსი არ აქვთ, მაგრამ თუნდაც, ერთი პატარა „ლეპტოპით“ შეიძლება ძალიან მაგარი პროდუქტი შექმნან.

 M: Freelancing …

საქართველოში ძალიან ბევრი Freelancer-ია, ოღონდ თავადაც არ იციან. „ელიავას“ ბაზრობაზე რომ ხალხი დგას და მსურველებს სხვადასხვა ხელობას სთავაზობენ, ისინიც Freelancer–ები არიან. ზოგადად, Freelancer არის დაქირავებული პროფესიონალი, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, ამ საქმეს აქვს თავისი „პლიუსი“ და „მინუსი“. კარგი არის ის, რომ არასოდეს არ მუშაობ ერთ კონკრეტულ კომპანიაში. ბევრ ადამიანთან გიწევს მუშაობა. რაც, მეორეს მხრივ, შეიძლება, უარყოფითი მხარეც იყოს, მუდმივად ადაპტირება გიწევს. Freelancing შეიძლება ხან ძალიან კარგი იყოს ფინანსური თვალსაზრისით, ან პირიქით. არის პერიოდი, მაგალითად, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, როცა ძალიან დატვირთული ხარ და გაქვს ბევრი საქმე. საზღვარგარეთ როგორ არის იმაზე ვლაპარაკობ, თორემ  ჩვენ, ამ კუთხით გამოცდილება არ გვაქვს. იანვარი – თებერვალი, ძირითადად, დასვენების თვეებია. შესაბამისად, ეს აისახება შენს შემოსავალზეც. როცა კონკრეტულ პროექტზე არ მუშაობ, შემოსავალიც არ გაქვს, Job Security არ გაგაჩნია. თუმცა,კარიერას თუ კარგად წარმართავ, კლიენტი ყოველთვის გეყოლება. ყოველთვის იქნება ხალხი, ვისაც შენ დასჭირდები. ამასთან, უნდა იყო ყოველთვის სწრაფი, უნდა უგებდე ადამიანებს, რომ მუშაობა მოახერხო. Freelancer-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სანდო ადამიანი ხარ. 70% იმისა, გექნება თუ არა სამსახური, დამოკიდებულია რამდენად კარგად ეწყობი გუნდს, რამდენად მოსწონხარ მათ. ჩემი აზრით, წარმატების მხოლოდ 30% –ს განსაზღვრავს პროფესიონალიზმი. მოწონებაში ვგულისხმობ, რომ გუნდს არ უქმნი პრობელმას, არსებობენ problem maker – ი და problem solver- ი ადამიანები. მე ვცდილობ, ეს უკანასკნელი ვიყო. ვთვლი, რომ ის ადამიანი ვინც ხმაზე მუშაობს, ზუსტად ასეთი უნდა იყოს, რადგან, როცა ფილმში ან თამაშში ძალიან კარგი ხმა არის, არასოდეს არავინ ამბობს, „ რა მაგარი ხმაა“ . მაგრამ თუ არ მოეწონათ, მაშინვე ამბობენ, „რა ცუდი „საუნდი“ იყო“ . თუ პუბლიკამ არაფერი თქვა ხმაზე, ე.ი, ძალიან მაგარი ნამუშევარია და თუ გააკრიტიკა, ცუდია.   Freelancer-ისთვის მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები. ხშირად, ჩემს დამკვეთებთან და პარტნიორებთან ბარში ლუდს ვსვამ, სხვადასხვა ღონისძიებებზე დავდივარ. აუცილებელია, მათთან გქონდეს ურთიერთობა. დღეს იმდენი პროფესიონალია და იმდენად დიდი კომპეტენციაა გარშემო, ყველაფერი დადის იქამდე, რამდენად კარგი ადამიანი ხარ პიროვნულად. ხალხი იმდენად მარტივად ავიწყდებათ და ახალი ადამიანების პოვნა იმდენად ადვილია, რომ მუდმივად უნდა იტრიალო მათ გარშემო. ერთი პარტნიორი მყავდა, რომელიც ჩემი აზრით, ჩემზე ბევრად კარგი პროფესიონალი იყო. თუმცა, ის ყოველთვის იჩაგრებოდა პროექტებისა და ფინასების მხრივ. რაიმე ახალ პროექტს რომ ვიწყებდი, სულ ვცდილობდი მის ჩართვასაც. თავად კი ასე არ იქცეოდა და ბოლოს ვიფიქრე, რომ თუ არ სურდა ჩემთან და ჩემი გუნდის სხვა წევრებთან ერთად მუშაობა, რატომ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ასე. ყოველთვის უნდა იცოდე გაყოფა. ამასთან, გუნდში ყველას აზრი უნდა გაითვალისწინო. ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და იყო ორგანიზებული. კიდევ ერთი პარტნიორი გვყავდა, რომელიც მართლა ძალიან კარგი კომპოზიტორია, მაგრამ Deadline –ები მისთვის არ არსებობდა. არც მისი კარიერა განვითარდა ისე, როგორც საჭირო იყო. ასევე,უნდა გესმოდეს ადამიანების. საქმე სულ უფრო მეტი იქნება, მეტ ფილმს გადაიღებენ, მეტ თამაშს შექმნიან და ა.შ. არ უნდა იდარდო იმაზე, რომ არ გყავს ცნობილი და წარმატებული ბიძაშვილი. თვითონ უნდა დაელაპარაკო ყველას, გამოიჩინო თავი როგორც პროფესიონალმა. საქართველოში Freelancing-ის განვითარება ახლა იწყება. კიდევ Freelancer-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პიარი და ყველა ნაბიჯის მარკეტინგულად გათვლა. ის ყიდის პროდუქტს. ეს მისი სერვისია. აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვებ გვერდი, რომ ყველას შეეძლოს მისი პროექტების ნახვა. არ ჯდება ეს ძვირი და თანაც ინვესტიციაა, რომელსაც აუცილებლად „ამოიღებს“. დასავლეთში მარკეტინგი არის ყოველდღიური ცხოვრება. ხელოვნებაა და არა მხოლოდ ციფრები. მნიშვენლოვანია წარმოაჩინო შენ როგორი ხარ. პირველად რომ დიდ კომპანიაში გასაუბრაზე მივდიოდი, გზაში ჩემი ლექტორი შემხვდა, რომელიც ძველი პანკია, ის ძალიან ცნობილი ხმის დიზაინერია, რომ დამინახა პიჯაკით და შარვლით მივდიოდი, მითხრა, ასე რომ მიხვიდე არც დაგელაპარაკებიანო. მირჩია, გამოიცვალე და ტატუ გამოაჩინეო. შენ როგორც „გააპიარებ“ საკუთარ თავს, ისე მიგიღებენ. გარშემო უნდა იცოდნენ რა მოგწონს და რა არა. „თარგეთინგი“ უნდა გააკეთო და „შენ“ ამის მიხედვით უნდა წარმოაჩინო შენი თავი. სხვადასხვა შეხვედრებზე, კონფერენციებზე სანამ წავიდოდი, წინასარ ვიცოდი ვისთანაც მინდოდა შეხვედრა, ვიგებდი მათ შესახებ ინფორმაციას, რა მოსწონდათ, რა- არა, რითი ამაყობდნენ. შემდეგ კი ვესაუბრებოდი. ასეთ შეხვედრებზე ეკონტაქტები ადამიანებს, იცნობ მათ, ამისთვისაა ყველაფერი მოწყობილი. თბილისში შევამჩნიე, რომ მსგავს „ივენთებზე“ ხალხი იმას ელაპარაკება, ვისაც იცნობს. მაშინ სადაა „ნეთვორქინგი“, რაც ასე მნიშვნელოვანია ? და აუცილებლად უნდა ვთქვათ Linkedin-ზე. მგონია, ეს ქსელი აქტიურად უნდა აითვისონ საქართველოში. დაწერონ თავიანი გამოცდილების შესახებ. დამსაქმებელიც და პროფესიონალებიც მოგებულები დარჩებიან. განსაკუთრებით, ვისაც საზღვარგარეთ, საერთაშორისო პროექტებში უნდა მონაწილეობა.

M: მუშაობისას ყოველთვის მნიშვნელოვანია …

 რომ გყავდეს გუნდი. ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს დასაწყისში, წავიდეს და კარიერა აიწყოს. ახლა საქართველოში არ მყავს გუნდი, რაც ძალიან, ძალიან სამწუხაროა და არ მსიამოვნებს. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ თავს ვიქებ ან ვინმეს ქვევით „ვაგდებ“. მაგრამ ჩემი სამუშაო სტილი, მგონია, რომ განსხვავდება ზოგადად, ქართული სამუშაო სტილისგან. ჩემი ხედვა სამუშაო სტილისადმი განსხვავებულია სტერეოტიპული ქართული ხედვისგან. ძალიან მომთხოვნი ვარ და მინდა, რომ სწრაფად ბევრი რამე გაკეთდეს. მინდა, დეტალებს მიექცეს დიდი ყურადღება. შეიძლება, პატარა წვრილმანზე ერთი ამბავი „ავტეხო“. არ ვამბობ, რომ არ არსებობს ასეთი ხალხი, ვინც ჩემს რიტმს „აუწყობს“, მაგრამ მე არ ვიცნობ და დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. არ მგონია, ჩემთან მუშაობა შეუძლებელი იყოს. მე იმდენად დიდ თანხას ვითხოვ საქართველოსთვის, რომ როდესაც თანხმდებიან ჩემთან მუშაობას, ნიშნავს, რომ იმ ადამიანისთვის ხმის დიზაინი ძალიან მნიშვენლოვანია. ყველა პროექტს ჰყავს პროდიუსერი, „დეველოპერი“. როცა ისინი ინვესტიციას დებენ, რომ პროდუქტი შევქმნა, თვითონაც ჰიპერ აქტიურიები და მომთხოვნები არიან, უნდათ მაქსიმუმი გავაკეთო. თამაშების მწარმოებლების კუთხით საქართველოში ამ მხრივ პრობელმა არ არის, ისინიც ძალიან შრომის მოყვარეები არიან, მაქსიმუმს „დებენ“ შედეგის მისაღებად. მქონდა ასეთი გამოცდილება საქართველოში. მაგალითად, სტუდია „სარკე“, მიმუშავია ლევან ბახიასთან. მისმა გუნდმა გამაოცა პროფესიონალიზმითა და შრომისმოყავრეობით. ძალიან არ მიყვარს, როცა მუშაობის პროცესში ვინმე „გარე თემით“ იჭრება. ჩემ თვალ წინ ვანკუვერში ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან, რომელიც მოვიდა და გვკითხა როგორ ხართო, მაშინ როცა ჩვენ „ვმიქსავდით“. ამასთან, მგონია, რომ საჭირო არის წარმოსახვა და ფანტაზია. თუნდაც, ჩემს სამუშაო ოთახში, სახლში მოწყობილ მინი სტუდიაში ბევრი არაფერია. მაგრამ, ეს არაფერს ცვლის. მთავარია, შეძლო და არარეალურიდან რეალისტური რაღაც „გამოიყვანო“. iPhone–ის თამაში რომ ნახოთ, არასად არ არის რეალისტური გრაფიკა. Angry Birds რომ ავიღოთ, ხარ გაბრაზებული ჩიტი და „ლაგატკით“ უნდა ისროლო. ამის ხმა ბუნებაში არ არსებობს და ეს უნდა შექმნა. ხშირად მეუბნებიან, შენთვის მარტივია, კანადაში ისწავლე და ჩვენ, ვისაც არ მოგვეცა საშუალება, რა ვქნათო. იქ უნივერსიტეტში ვერასოდეს მასწავლიდნენ ასეთ კონკრეტულ რამეს. რაც Vancouver Film School-ში მასწავლეს, იმის 1%–ც არ არის, რასაც რეალურად ვაკეთებ. ფანტაზია არის უსასრულო. „დეველოპერს“ რა მოუვა აზრად, არასოდეს იცი. სკოლაში ვერ გასწავლიან, თუ სადმე შეგხვდა გაბრაზებული ჩიტი, უნდა გააკეთო ასეთი ხმა. ეს თავად უნდა შექმნა. გარდა ამისა, საჭიროა იცოდე ტექნიკა, პროგრამები, როგორ მიიღო მაქსიმუმი და ის ხმა შექმნა, რომელსაც ჩაიფიქრებ. ეს უკვე დროზეა დამოკიდებული და თავდადებაზე. რაც უფრო მეტს იწვალებ თავიდან, მით უფრო ადვილი იქნება მომავალში შენი საქმიანობა. „კაბელების“ თრევით თუ არ დაიწყებ, არავინ დაგსვამს და პირდაპირ სრულმეტრაჟიან ფილმს არავინ გაგაკეთებინებს. საქართველოში ბევრს შევამჩნიე ამბიცია, რომ უნდა თავიდანვე კარგ თანამდებობაზე იყოს და „მაგარი რაღაცები“ აკეთოს. ეს არარეალურია.

Game 2

 „ როცა ადამიანები ამა თუ იმ პროფესიას სასაცილოდ აღიქვამენ, ე.ი. ამ პროფესიაში კადრების ნაკლებობაა…“

უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება. ვთქვათ, როდესაც გეუბებიან, რომ უნდა გააკეთო ხმა, ყველა დანარჩენ დეტალზე შენ უნდა იფიქრო. რეჟისორს კი აქვს თავისი ხედვა, მაგრამ მან არ უნდა იფიქროს, როგორ გიჟღერს კონკრეტული ხმა. შემდეგ უნდა შეგეძლოს, რომ ეს გადაწყვეტილება ახსნა. არ არსებობს ვარაუდი. თუ რაღაც არ იცი, ე.ი. არასოწრია. ზოგადად, ერთხელ უნდა დაფიქრდე ადამიანი და გადაწყვიტო, მზად ხარ თუ არა იმისთვის, რომ გექნება ბევრი სხავდასხვა შემოთავაზება და ამაზე გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევს. ეს თავიდანვე გააზრებული უნდა გქონდეს და ყოველ შემოთავაზებაზე აღარ დაგჭირდება ხელახლა ამ ყველაფრის გადატანა. შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდაზე გახდეს საჭირო „კი“ ან „არა“ უპასუხო. შეკითხვებზე, რასაც იცი რომ დაგისვამენ, მანამდე უნდა გქონდეს მომზადებული პასუხები. აზრზე უნდა იყო, ვინ ხარ. თუ არ იცი ვინ ხარ და რა გინდა, წარმატებას ვერ მიაღწევ. არსებობს პროფესიები, რომელიც ნელ– ნელა იკიდებს ფეხს. საქართველოში რატომღაც  ყველა იურიდიულს, პოლიტოლოგიას ამთავრებს. მერე ყველა ცდილობს რაიმე არასამთავრობოში იმუშაოს. მგონი, 10 კაცზე ერთი არასამთავრობო მოდის.   მეც პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდი ილიას უნივერსიტეტში, სანამ ვანკუვერში წავიდოდი და 14 საგანი „დამრჩა“. ლექციების მაგივრად გადაღებებზე დავდიოდი. იქ კი საუკეთესო შედეგებით დავამთავრე სწავლა. შენი აკადემიური სტატუსი არაფრის განმსაზღვრელი არ არის. არასოდეს, არც ერთ დამკვეთს ჩემთვის არ უკითხავს, რა მქონდა დამთავრებული, ისიც კი მირჩიეს, მანამადე რომ ვსწავლობდი ეგეც არ მეთქვა. დღეს ამ სფეროში არავის აინტერესებს რა გაქვს დამთავრებული, ყველას აინტერესებს რა გაქვს გაკეთებული. ამას წინათ მკითხეს, ნოტების ცნობა იციო? მართლა არ ვიცი. მე არ ვარ მუსიკოსი. ნოტების ცნობა იცის ყველა კონსერვატორია დამთავრებულმა. ცოტაა ის , ვისაც შეუძლია დაწეროს კარგი მუსიკა ფილმისთვის ან თამაშისთვის. ბევრად უფრო მარტივია მოძებნო ადამიანი, ვინც შენ შექმნილ მუსიკას „გადაგიწერს“ ნოტებში, ვიდრე ის, რომ იპოვო კარგი კომპოზიტორი. კიდევ ერთ რამეს ვამჩნევ. საქართველოში უმეტესობამ ზუსტად არ იცის მომავალში რა უნდა. მე 14 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ მინდოდა მუსიკასთან მქონოდა კავშირი. 16 წლისამ ზუსტად ვიცოდი, რომ ხმის დიზაინზე მინდოდა მუშაობდა და როცა კანადაში წავედი იქ ვნახე ფრაზა „თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, ყოველი მომდევო დღე უნდა დაიწყო იმაზე ფიქრით თუ რა უნდა ქნა, რომ უკეთ გააკეთო საქმე და ყოველი ღამე დაამთავრო იმაზე ფიქრით, თუ რა გააკეთო, რომ უკეთესი გახდე შენს საქმეში. გულში უნდა ჩაიხედო და გადაწყვიტო, რა არის შენი საქმე და რა გიყვარს ყველაზე მეტად. თუ საქმეს ასე აირჩევ, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ეს შენი ოჯახისთვის, წარმატება გარანტირებულია. როცა ადამიანები ამა თუ იმ პროფესიას სასაცილოდ აღიქვამენ, ე.ი. ამ პროფესიაში კადრების ნაკლებობაა. ხშირად მსმენია, „შენ ხმის დიზაინს სერიოზულად უყურებ“? მე მიპასუხია, რომ კი, იმიტომ რომ მე თვეში 4 000 დოლარზე მეტი მაქვს შემოსავალი და დაფიქრდი იმაზე, რომ არასერიოზული პროფესია არ არსებობს. ადამიანმა სერიოზულად რომ შეხედოს იმას, რაც ადრე არასერიოზული ეგონა, შესაძლოა, საქმის მხრივ და ფინანსურადაც, უფრო მეტს მიაღწიოს.

 M: ხვალ . . . ზეგ .. .

ხშირად მისვამენ სამ შეკითხვას. „როდემდე რჩები აქ?” , „აქ რა გინდა?“ და „რას აპირებ მომავალში?“ . მთავარია, იყოს პროექტი , რომელიც იქნება ჩემთვის საინტერესო როგორც თემატურად, ასევე ფინასურად. თუ ვინმე ჩემგან რაიმე მაგალითს აიღებს, მინდა იცოდეს, რომ შენი გაკეთებული საქმე ფინანსურადაც უნდა დაფასდეს და მხოლოდ ტაშის დაკვრით არ უნდა შემოიფარგლოს. აუცილებელია, საქართელოში შემსრულებელმაც და დამკვეთმაც გაიგოს ეს. კონკრეტულად სად ვიქნები ხვალ ან ზეგ არ ვიცი. იმაზეა დამოკიდებული, სად მექნება უფრო მეტი კონტრაქტი, რამდენად დამთანხმდება კომპანია ვანკუვერში, რომ დისტანციურად ვიმუშაო. ასეთ დროს ბევრი იურიდიული და სხვა სახის პრობლემა იქმნება. სიმართლე გითხრათ, ვანკუვერში აღარ მინდა დაბრუნება. იქ ჩემთვის ზედმეტად სიწყნარე და წესრიგია. თან ვფქრობ, რომ საქართველოში ცხოვრება უფრო იაფი და მარტივია. მგონია, უკეთესია აქ იყო და აქედან შეეცადო სხვებთან კონტაქტის დამყარებას.

სერენა ვილიამსი Beats By Dre-ს ახალ რეკლამაში

25 ოქტომბერს – “ჰაიდელბერგცემენტის” სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი“ მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად