ზოგჯერ, ჩვენ მივუყვებით გზას, რომელიც არ მოგვწონს და ვერ აღვიქვამთ “ჩვენად”. ასეთ დროს, რთულია განსაზღვრო, როგორ მოიქცე, რა არის უფრო სწორი. მაშინაც კი, როცა ვიცით, რა გვინდა, სტერეოტიპებსა და მენტალიტეტთან გვიწევს გამკლავება. მეორე მხრივ, ბევრს უჩნდება ეჭვი, კითხვა – ხომ არ გაუხდება ეს არასტანდარტული ნაბიჯი სანანებელი?! ამ რუბრიკაში გვინდა გიამბოთ ადამიანებზე, რომლებმაც მიიღეს განსხვავებული გადაწყვეტილება და არასოდეს უნანიათ.
ბესო კაჭარავა, Post Red Audio-ს დამფუძნებელი, ხმის დიზაინერი: ზოგადად, ჩემი თაობის დილემა იყო, რომელ უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშაც არ იდგა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, აუცილებლად უნდა ჩავრიცხულიყავი სადმე. არჩევანის საშუალება იყო, თუმცა ძალიან მცირე. უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი ან იურიდიული. საბოლოო ჯამში, ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში, ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც შემდგომ, აღმოჩნდა ევროპათმცოდნეობა. მეორე ფაქტორია ის, რომ 17 წლისას ძალიან იშვიათია, რომ ჩამოყალიბებული გქონდეს, რა გინდა, აკეთო. რა თქმა უნდა, არჩევანი მე გავაკეთე, მაგრამ შემდეგ თეატრალურის სტუდენტებთან და დამწყებ რეჟისორებთან მომიწია ურთიერთობა, თან გიტარაზეც ვუკრავდი, დავდიოდი გადაღებებზე. მივხვდი, რომ არ მინდოდა იმ პროფესიას გავყოლოდი, რაზეც ვსწავლობდი. ყველაზე რთული მომენტიც ეგაა, როცა იმ სტიგმისა და დოგმის წინაშე დგები, რომ “უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა დაამთავრო”. იმ სპეციალობის დიპლომი რომც მქონოდა, რა აზრი ჰქონდა, თუკი არ მეცოდინებოდა სფერო?! მივხვდი – ასე ბევრ რამეზე თუ ვიფიქრე, რა მინდა, ვერასოდეს გადავწყვეტ, მოდი, მე ახლა დავფიქრდები, რისი კეთება მსიამოვნებს და დავისახავ ამ საქმის კეთებას მიზნად. თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ სხვა რამის კეთება მაინტერესებს, არასოდეს ხარ ზედმეტად ბებერი, რომ ახლიდან დაიწყო ყველაფერი. მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი იმის სწავლაში, რისი კეთებაც არ მინდოდა. ამიტომ, უნივერსიტეტის მიტოვება და კანადაში, Vancouver Film School-ში აუდიო დიზაინის სასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, ამის გამო, წინააღმდეგობა შემხვდა ოჯახისგან, იმის გამო, რომ იმ სასწავლებელში ვერ მომცემდნენ დიპლომს და ჩაითვლებოდა, რომ მაქვს გავლილი გადასამზადებელი კურსი. თვლიდნენ, რომ დიპლომი საჭიროა, “რა იცი, რაში გამოგადგეს”… მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ამ სფეროში, ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი მაქვს, ვერ ეგუებიან, რომ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი. თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწონა ჩემმა სურვილმა და მაინც დამიჭირეს მხარი. კანადაში წასასვლელად მჭირდებოდა დამატებითი ფინანსები, ამიტომ ავიღე ძალიან დიდი სესხი, რომელიც იყო კიდეც ერთ-ერთი მოტივატორი, ვყოფილიყავი უფრო მობილიზებული.
კანადაში 1 წლის მანძილზე ვსწავლობდი, შემდეგ რამდენიმე წელი ვმუშაობდი. იქ კარგი ისაა, რომ ლექტორები, რომლებიც ხედავენ შენს მონდომებას, ცდილობენ წინ წაგწიონ, ჩაგრთონ პროექტებში და მეც ასე გავიკვალე გზა, ფაქტობრივად, ჩემი ლექტორები და ჯგუფელები იყვნენ პირველი კლიენტები. საქართველოში დავბრუნდი, ჩემი ძმაკაცის ქორწილში, მეჯვარე ვიყავი. შემდეგ, გავიცანი ლევან ბახია, GDS-ის ადმინისტრაცია – ჯაბა მელქაძე და ლევან დაბრუნდაშვილი, რომლებმაც შემომთავაზეს კარგი პირობები, რომ აქ დავრჩენილიყავი და GDS-თან ერთად დამეწყო ქართული ხმის ინდუსტრიის განვითარება. შევქმენი ჩემი კომპანია და გავაფორმე მემორანდუმი GDS-სთან, კონკრეტული მიმართულების პროექტებზე. ამასთან, გადავწყვიტე, უკვე არსებულ და ახალ უცხოელ კლიენტებთან, აქედან მემუშავა და თან რაიმე ღირებული შემექმნა ადგილობრივად. კომპანიებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობდით, უკვირდათ, რომ საქართველოშიც შეიძლებოდა შექმნილიყო ხარისხიანი აუდიო პროდუქტი, მაგალითად, Paramount-დან რომ დარეკეს, თავიდან მკითხეს, მიკროფონები თუ გვქონდა, არ ელოდნენ, რომ განვითარებულია გარემო. დღესდღეობით, ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი განაცხადი გვაქვს უცხოურ დიდ კომპანიებთან, მაგალითად, პროექტი The Trader, რომელიც Netflix-მა შეიძინა. განა, განსაკუთრებული სერვისების გამო? მათზე შთაბეჭდილება მოახდინა თავად იმან, რომ საქართველოში გაკეთდა ასეთი პროექტი.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, დაკავშირებულია ხმის დიზაინთან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტობის პერიოდში გაწეულმა რისკმა გაამართლა. ბევრი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან წამოსვლა არასწორია. მე ვთვლი, შეგიძლია წამოხვიდე იმ შემთხვევაში, თუ გაქვს სხვა კონკრეტული გეგმა და მიზანი.