ცოტას თუ აქვს იმის ბედნიერება, რომ საკუთარი თავი პატარაობიდანვე აღმოაჩინოს. პერსპექტივა, შუქ-ჩრდილები სწორად განსაზღვროს და მკაფიოდ დაინახოს სურათი, რა სურს.
მახსოვს, ბავშვობაში ზღაპრის წიგნი მქონდა ილუსტრაციებით, ერთ–ერთი ნახატი არ მომწონდა და რატომღაც, გადავწყვიტე, ჩემით დამეხატა ისეთი, როგორიც ჩემს წარმოდგენაში იყო. პროცესი იმდენად მომეწონა, რომ სხვა ილუსტრაციების ჩემებურად ხატვა გავაგრძელე. პირველი, ვინც ეს ნახატი ნახა, ჩემი და იყო. მახსოვს რეაქცია და სიტყვები: „ვაა, რა მაგარია, კიდე დახატე“ – ეს დღე იყო, ალბათ, რამაც გავლენა იქონია ჩემი ინტერესის სფეროებზე, – აბესალომ ყაველაშვილი.
აბესალომ ყაველაშვილი დღესაც წარმოსახვით სამყაროში ქმნის. კონცეპტუალურ ფოტოებს იღებს, აინტერესებს თანამედროვე ხელოვნება და კრისტოფ ჰიუეტის შემოქმედება. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა სააგენტოში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, კრეატიული რეტუშის კეთება მაინც ყველაზე დიდი სიამოვნებაა მისთვის. მოკლედ, ციფრული არტისტი, მიუხედავად იმისა, რომ გონებით, თითქმის ყოველთვის, სულ სხვა სამყაროებში დაფრინავს, მიწაზეც საკმაოდ მყარად დგას – ბოლოდროინდელი გატაცება – CrossFit ექაჩება აქაურობისკენ. M: აბესალომ, მოგვიყევი შენზე… საიდან იღებს სათავეს შენი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება?
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მედიახელოვნების ფაკულტეტი, მულტიმედია დიზაინი. დასაწყისი ძალიან სააინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით, პირველი კურსი. ბევრი სიახლე იყო, ეს ხელს მიწყობდა სწრაფად განვითარებაში.
მეორე კურსიდან ტემპი შენელდა, ნაკლებად საინტერესო გახდა სწავლება, პროფესიული ზრდაც შენელდა, ერთი ადგილის ტკეპნა დავიწყე. ალბათ, ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც მუშაობა უმცროს დიზაინერად დავიწყე, ნახევარ განაკვეთზე. ვიყენებდი ყველა რესურსს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, ძირითადად, ინტერნეტს და ვგრძნობდი, რომ ვვითარდებოდი.
M: ანუ, პირველივე სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სფეროში საქმიანობით მიიღე ხომ? გვიამბე, დღემდე როგორ მოხვედი…
დღემდე, გრძელი და საინტერესო გზა გამოვიარე. რეკლამისა და კომუნიკაციური დიზაინის კარიერა მეორე კურსზე, სარეკლამო კომპანია ID-ში დავიწყე, უმცროს დიზაინერად. სარეკლამო ინდუსტრიაში ჩემი პირველი ნაბიჯები იყო. უბრალოდ, ვუსმენდი და ვსწავლობდი ჩემზე უფრო გამოცდილი ხალხისგან.
პროფესიულად შედარებით თამამი ნაბიჯების გადადგმა adoffice-ში დავიწყე, ალბათ, ამას მეგობრულმა და თავისუფალმა გარემომ შეუწყო ხელი, სადაც უკვე უფროსი დიზაინერი ვიყავი.
შემდეგ იყო Sakideamshenshi, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე დიზაინის მიმართულებით, ასევე პროექტებზე დამოუკიდებლად ფიქრი და მუშაობა ვისწავლე. აქ მუშაობის პერიოდში შევქმენი ფიროსმანის ილუსტრაცია, რომელიც 8 წლის მერეც კი ეფექტურია. „საქიდეამშენიდან“ რომ წამოვედი, არანაირი გეგმა არ მქონდა, უბრალოდ, დაღლილი ვიყავი და გადავწყვიტე, გარკვეული დროით დამესვენა. რამდენიმე თვის მერე Betterfly-დან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საერთაშორისო სარეკლამო კომპანიის DDB-ს წარმომადგენლობას ხსნიდნენ, ეძებდნენ გრაფიკულ დიზაინერსა და არტ დირექტორს. აი ასე, ახალი ენერგიითა და ძალებით დავიწყე საქმიანობა მაშინ.
დღესდღეობით კი, უკვე მე-4 წელია, ფრილანსზე ვარ და საკმაოდ მსუყე პროექტებზე ვმუშაობ.
M: შენი პორტფოლიოდან რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდი?
კომერციული პროექტების გარდა, ჩვენს ინდუსტრიაში სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია პერსონალური პროექტები. ამიტომ, ჩემს პერსონალურ ფოტოპროექტს Inside Out გამოვყოფ, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ფოტოკონკურსის ჯილდო მიიღო და 2 პრესტიჟულ გამომცემლობაში დაიბეჭდა.M: პროფესიულ გავლენებზე რას იტყვი? არსებობს არტისტი, რომლის სტილმა შენს ხელწერაზე ზემოქმედება იქონია?
ადამიანი, რომელმაც ჩემს, როგორც პროფესიონალ რეტუშერად და დიჯითალ არტისტად ჩამოყალიბებაზე მოახდინა გავლენა, Christophe Huet – კრისტოფ ჰიუეტია. მისი ნამუშევრები სტუდენტობის პერიოდში, დაახლოებით, 12 წლის წინ აღმოვაჩინე და ძალიან დიდი გავლენა იქონია. მაშინ მივხვდი, რომ რისი კეთებაც მომავალი წლების განმავლობაში დარწმუნებით მინდოდა, კრეატიული რეტუში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით თითქმის არ მიწევდა მუშაობა სამსახურის ფარგლებში, თავისუფალ დროს, უბრალოდ, ვერთობოდი რეტუშით, ტუტორიალებს ვარჩევდი, ინტერვიუებს ვკითხულობდი, ცნობილი არტისტების ნამუშევრებს ვნახულობდი, რაც საბოლოო ჯამში, პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა.
M: დღეს, ძალიან ბევრი პროფესიონალი, სხვადასხვა სფეროდან, ფიქრობს და ცდილობს, რომ დაშვებული შეცდომების მიმართ მიდგომები უნდა შეიცვალოს… რომ მარცხი დასასრული არ არის და პირიქით, ის გამოცდილებაა, რომელიც ადამიანს შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში ეხმარება. განგიცდია, თუ არა მარცხი, რომელმაც პიროვნულად თუ პროფესიულად გაგზარდა? ერთგვარ ინსპირაციად იქცა?
ნამდვილად დიდი მარცხის, ე.წ. Fail –ის შეგრძნება მქონდა, როდესაც სტაბილურ შემოსავალზე უარი ვთქვი, სამსახურიდან წამოვედი და ფრილანსერობა დავიწყე. რა თქმა უნდა, ჩემი მოლოდინები თავიდან არ გამართლდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ზუსტად ამ შეგრძნების გამო, ფარხმალი არ დავყარე და 1 წელი მივეცი ჩემს თავს, რომ ყველაფერი ისე დამელაგებინა, როგორც თავიდან წარმომედგინა.
M: შეცდომების, რაღაც დილემების გადაჭრის, მუდმივი პასუხისმგებლობების დროს, გვინდა ხოლმე ბავშვობაში დავბრუნდეთ, არა? შენ ყველაზე მეტად რა გენატრება ბავშვობიდან?
მეგობრებთან ერთად ტყეში ხეტიალი, ახალი ადგილების აღმოჩენა და ცხენით ჯირითი.
M: და რაზე ისურვებდი, პასუხი რომ გქონდეს?
არის, თუ არა ჩვენი სამყარო სიმულაცია?
აბესალომის ინტერესებიდან, ყოველდღიური საქმიანობისა და გამოცდილებიდან მოდის, ალბათ, მისი ფილოსოფიური კითხვაც… „არის, თუ არა ჩვენი სამყარო სიმულაცია?“ – ვინ იცის…