in

ბესო ლილუაშვილი – #პირველისამსახური

საკუთარი შემოსავალი 18 წლიდან მქონდა, ხოლო ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური ბათუმის ტელეკომპანია 25-ე არხის საინფორმაციო გამოშვება იყო. 21 წლის ვიყავი, როცა ერთხელ, მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ტელევიზიაში გუნდის ახალ წევრებს არჩევდნენ. იმ დროს არ იყო აუცილებელი ის აკადემიური განათლება გქონოდა, რასაც ორგანიზაცია საქმიანობდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი პროფესიით გერმანისტი ვარ, სტაჟიორად ამიყვანეს. დღემდე მგონია, რომ ჯობია, სხვა პროფესიის იყოს ადამიანი და შემდეგ შეიძინოს ჟურნალისტური უნარები და პროფესიონალურად გააშუქოს კონკრეტული სფერო, ვიდრე იყოს პროფესიით ჟურნალისტი და შემდეგ დაიწყოს სხვა სფეროებში გარკვევა. მოკლედ, საკმაოდ მონდომებული და ენთუზიაზმით სავსე გუნდი შევიკრიბეთ. რასაც ვაკეთებდით კარგად ვაკეთებდით. ერთ მასალაზე ვღებულობდი 7 ლარს, ხოლო ლაივ სინქრონზე – 4-ს. შემდეგ გავხდი წამყვანი და მქონდა შემოსავალი 400 ლარი. ეს იყო 1998-99 წლები, შესაბამისად, ეს თანხა საკმაოდ კარგად ითვლებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი გადაცემის გამო, სადაც აქტიურად ვაკრიტიკებდით იმდროინდელი მთავრობის საქმიანობას, არხი მალევე დახურეს და ტელევიზია წაართვეს მფლობელებს, რაც აღმოჩნდა კიდეც პირველ სამსახურთან დაკავშირებული პირველი სირთულე – პირველი შეჯახება მწარე რეალობასთან. ძალიან რთული იყო, ჩავიკეტე, სამსახურის პოვნაც პრობლემა გახდა, თუმცა, შემდეგ გადავლახე და გავაგრძელე საქმიანობა. ამჟამად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ.

ადამიანები, რომლებსაც არ აშინებთ დაბრკოლებები – Samsung-ი მამაცი სპორტსმენების გვერდით

ფოტოსესია „შავ ბაზარზე” გაყიდვას გადარჩენილ ეგზოტიკურ ცხოველებზე