Behance-მა წლის რჩეულ ნამუშევრებს კვლავაც მოუყარა თავი მთელი მსოფლიოდან. Best Of Behance-ის მუდბორდში, UX/UI დიზაინის სააგენტო The Image-ის ნამუშევარიც აღმოჩნდა. ქართული სააგენტოს პროექტი ერთი მარტივი კითხვით დაიწყო – „როგორი იქნებოდა დღევანდელი ყველაზე პოპულარული პლატფორმები 1980-იან წლებში შეიქმნებოდა?“. შედეგად, თანამედროვე ციფრული პლატფორმები, როგორიცაა Netflix, Spotify, Tinder და ChatGPT 80-იანი წლების კომპიუტერული ინტერფეისების პიქსელური გრაფიკით, ნოსტალგიური ესთეტიკითა და რეტრო განწყობით გამოხატეს. მუდბორდის სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
„Behance-ის კურატორებმა მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ სულ რაღაც 211 რჩეულ პროექტს შორის, Best of Behance 2025-ის კოლექციაში ჩვენი ორი ნამუშევარიც მოათავსეს.
ეს აღიარება მთელი გუნდისთვის უდიდესი პატივია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კრეატიულობას, თავდადებასა და ხედვას, რაც ჩვენს მიერ შექმნილ თითოეულ პროექტს ახლავს თან. წინ კიდევ უფრო საინტერესო და სიახლეებით სავსე 2026 წელი გველოდება,“ – ამბობენ The Image-ის გუნდში.











