in

„ჩვენი მთავარი იდეაა, რომ თუ „ბესტონს“ ირჩევთ, მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდით და რაც მთავარია, დროულად ან კიდევ უფრო ადრე“

„როდის გაქვთ დედლაინი? გუშინ? მაშინ, განაგრძეთ კითხვა…“ /Beston/

ქართულ შემოქმედებით სფეროს, რამდენიმე თვის წინ, პროგრამული ინჟინერიისა & მარკეტინგის სტუდია Beston შეემატა, რომელიც კომპანიებს ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფისა და მარკეტინგული მომსახურების გაწევას ჰპირდება.

„იმ გიჟურ ყოველდღიურობაში, რასაც ახლა მთელი სამყარო გადის, ბრწყინვალედ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის პროექტი, რომლის შესაქმნელადაც მოგვმართავთ,“ – ამბობენ Beston-ში და განსაკუთრებით ამაყობენ, რომ მათი ვებგვერდი Beston.ge შეზღუდული შესაძლებლობის პირებზეა ადაპტირებული და ესაა ერთ-ერთი ღირებულება, რომლის განვითარების ხელშეწყობაც სურთ ბაზარზე.

სააგენტოს დაფუძნება ირმა ელბაქიძესა და მის მეგობრებს დამკვეთთან თანამშრომლობის განსხვავებულმა ხედვამ და შემოქმედებით ინდუსტრიაში საკუთარი ხელწერის შექმნის სურვილმა გადააწყვეტინა. Beston-ის გუნდის წევრები სრულად დისტანციურად მუშაობენ და როგორც გვიამბეს, ამ კომფორტს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უქმნით. დეტალებზე კომპანიის ხელმძღვანელს, ირმა ელბაქიძეს ვესაუბრეთ.

M: თქვენს გამოცდილებაზე გვიამბეთ, როგორია თქვენი კარიერული გზა, რამაც სააგენტოს დაფუძნებამდე მიგიყვანათ?

ირმა ელბაქიძე

პროფესიით, ინგლისური ენის თარჯიმან-რეფერენტი ვარ, თუმცა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მივხვდი, ჩემი პროფესია დიდად აღარ მხიბლავდა და სიახლეების ძიება დავიწყე. მარკეტინგით 2008 წელს „მოვიწამლე“ და მას შემდეგ, ამ სფეროში ვარ. ვმუშაობდი გლობალურ კომპანიებში, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზარზე მომხმარებელთა რეფერალურ ქსელს ვქმნიდი, აქტიურად ვმოგზაურობდი საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებსა და ვორკშოპებზე ჩინეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. ყოველთვის მზად ვიყავი, ნულიდან დამეწყო ყველაფერი და შედეგის მისაღწევად, თავდაუზოგავად მეშრომა. ჩემი ენთუზიაზმი არასოდეს დარჩენილა შეუმჩნეველი. მუდმივად ვეძებ და ვსწავლობ ახალს, უამისოდ კარიერული განვითარება ჩემთვის წარმოუდგენელია. ვმუშაობდი ტურიზმშიც – თავიდან, გიდად დავიწყე მუშაობა და ერთ წელიწადში, კომპანია Rustar Online-ის საოპერაციო დეპარტამენტს ჩავუდექი სათავეში. Beston-მდე, York Tower-ის მარკეტინგის განყოფილებას ვუძღვებოდი, სადაც ნულიდან ავაწყვეთ და განვავითარეთ ეს მიმართულება. შემდეგ, გადავწყვიტე სტაბილურ სამსახურზე უარი მეთქვა და მეკეთებინა ის, რაც ასე მხიბლავს და მაინტერესებს.

M: რა იქცა მთავარ მოტივაციად, კარიერის ამ ეტაპზე, სტაბილურ სამსახურზე უარი გეთქვათ და საკუთარი სააგენტო ჩამოგეყალიბებინათ, ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად?

ადრეული ასაკიდან თავდაუზოგავად ვმუშაობ. ზოგადად, თვითმოტივირებული ადამიანი ვარ. ყოველთვის ვეძებ და ვპოულობ ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, თუ ნამდვილად მონდომებული ხარ. არაერთხელ მივსულვარ კომპანიაში, განვითარების საწყის ეტაპზე და მუხლჩაუხრელი შრომით, სასურველი შედეგიც მიმიღია. ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც ჩემს სამსახურს ვჭირდებოდი და შეუსვენებლად ვშრომობდი. ერთხელაც, როდესაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მივხვდი, ჩვეულ რეჟიმში ვეღარ განვაგრძობდი მუშაობას და მჭირდებოდა ისეთი ყოველდღიურობა, რომელსაც თავად განვკარგავდი. გადავედი ძამის ხეობაში, ჩემს სახლში, საიდანაც დისტანციურად დავიწყე პროექტებზე მუშაობა და პარალელურად, საოჯახო სასტუმროც გავაკეთე. საჭიროებისამებრ, ჩამოვდივარ თბილისში, საქმიან შეხვედრებზე და ძირითადად, ქალაქგარეთ, სრულ სიმშვიდეში ვმუშაობ. გუნდიც ამავე პრინციპით აკეთებს საქმეს – ყველას აქვს მაქსიმალური ნდობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ვიკრიბებით და საქმეს ონლაინ რეჟიმში წარვმართავთ.

სულ მინდოდა შემექმნა ისეთი კომპანია, სადაც მენეჯერები არ სტრესავენ გუნდს და  მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნიან მუშაობისთვის. ალბათ, სწორედ ეს ენთუზიაზმი დამეხმარა, კომპანიის დაარსების საწყის ეტაპზევე, საკმაოდ ძლიერი სპეციალისტები დამერწმუნებინა ჩვენთან თანამშრომლობაში. ჩვენს გუნდში ყველაზე ღირებული თავად ადამიანები არიან – მათი განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დღეს ის დროა, როდესაც კომპანიები თანამშრომლებზე, როგორც ყველაზე ძვირფას რესურსზე, ისე უნდა ფიქრობდნენ და დასტრესვის პოლიტიკიდან ურთიერთპატივისცემისა და მათი შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობისკენ უნდა გადავიდნენ. სწორედ, ამ პრინციპზეა დამყარებული „ბესტონის“ სამუშაო პროცესი.

M: ვის აერთიანებს ბესტონი და როგორ შეიკრიბეთ გუნდი?

კომპანიის შექმნაზე საუბარი მეგობრებმა დავიწყეთ. ყველა ერთ სფეროში ვმუშაობდით, უბრალოდ, სხვადასხვა მიმართულებები გვებარა. შემდეგ, ჩვენ გარშემო გამოცდილი სპეციალისტების მოძიება დავიწყეთ და ძალიან სწრაფად შევძელით გუნდის თავმოყრა.

ძალიან ვენდობით გუნდის თითოეულ  წევრს და მათ კომპეტენციას. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ რჩევებს სამუშაო პროცესში. გუნდის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. უმეტესობა მათგანი დასაქმებულია, ასევე, სხვადასხვა დიდ და ცნობილ კომპანიაში, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს. მარკეტინგის გარდა, გამორჩეულად მინდა აღვნიშნო პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ განყოფილებას მსოფლიო დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობს. 

მე მათთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. კომპანიის დაარსების დღიდან გამოვაცხადე, რომ ყოველი წლის ბოლოს, გუნდიდან ავირჩევთ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის წილის მფლობელი გახდებიან. მინდა, გუნდმა იგრძნოს, რომ ჩვენ მათ ჩვეულებრივ დაქირავებულ თანამშრომლებად არ აღვიქვამთ. ისინი წარმოადგენენ ძალას, რომელიც ბიზნესის გაზრდაში გვეხმარება. ამიტომ უნდა ხედავდნენ, რომ მათი შრომა შესაბამისად ფასდება. ჩემთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი და შემდეგ, სხვა ყველაფერი…

M: თქვენი თვალსაზრისით, რა მიმართულებით საჭიროებდა ბაზარი სააგენტოს სერვისებს და რა შესთავაზა „ბესტონმა“ კომპანიებს განსხვავებული?

დღეს, ძალიან ბევრი სააგენტოა ბაზარზე და სრულიად ლეგიტიმურია, იკითხოთ, რატომ ავირჩიე, მაინც და მაინც, ეს მიმართულება. მე, თავად, როგორც დიდი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს სააგენტოებთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა და ძალიან ბევრ ნიუანსს ვხედავდი, რომლის გამოსწორების შემთხვევაშიც, ბევრად განსხვავებული გამოცდილების შექმნა შეიძლებოდა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანი დამკვეთებთან ეფექტიანი ურთიერთობა და პროცესის სწორად წარმართვაში რეალური ხელშეწყობაა. კლიენტებზე ზრუნვაში ჩვენ ისეთ დახმარებასაც ვგულისხმობთ, როგორიცაა მაგალითად, საკომუნიკაციო არხების მართვის სწავლება, რაც კონტრაქტით საერთოდ არ გვაქვს ხოლმე გათვალისწინებული. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ ამგვარად რაღაც წვლილი შეგვაქვს ბაზრის განვითარებაში, რაც ასე საჭიროა დღევანდელი ბიზნეს-გარემოსთვის. გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონტრაქტით უბრალოდ ვიდეოს დამუშავებაა გათვალისწინებული, მაგრამ მივდივართ და გადაღების პროცესშიც ვერთვებით, რათა სწორი მიმართულება ავიღოთ… ყოველთვის ვცდილობთ, მომსახურებისას იმაზე მეტი გავცეთ, ვიდრე თავიდან დავპირდით. მუდმივად ვართ დამკვეთთან ხაზზე, როცა არ უნდა მოგვწეროს. ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო, როდესაც მისთვის მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრას ცდილობს… და რაც მთავარია, ძალიან ყურადღებით ვართ დედლაინებთან, ყველა პროექტი ბარდება დროულად და დაპირებისამებრ, ხარისხიანად.

M: რატომ უნდა აირჩიონ ბესტონი?

ბესტონს ჰყავს გუნდი რომელიც ქმნის იმ პროდუქტებს, რაც კომპანიის მარკეტინგს სჭირდება, მათ შორის: ბრენდინგი, რებრენდიგი, მარკეტინგული სტრატეგია, მარკეტინგის სრულად მართვა, ციფრული მარკეტინგის სრული პაკეტი, ვებგვერდებისა და აპლიკაციების შექმნა, გრაფიკული და 3D დიზაინი, პროდაქშენი და მონტაჟი, ანიმაცია, კონტენტის შექმნა ნებისმიერი მედიუმისთვის, სოციალური მედიის სრული პაკეტი და ა.შ.

ბუნებრივია, თითოეულ პროექტს უძღვება ექაუნთ მენეჯერი, რომელიც სრულად მართავს პროცესს, რაშიც მეც აქტიურად ვარ ჩართული. ზოგიერთ პროექტს პირადადაც ვუძღვები.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ თუ „ბესტონს“ ირჩევთ, მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდით და რაც მთავარია, დროულად ან კიდევ უფრო ადრე.

ნინო გოგლიძე, Beston-ის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი: „ყველა დამკვეთს ინდივიდუალურად ვემსახურებით. გულდასმით ვეცნობით კომპანიას, მის გამოწვევებს, პრობლემებს… ვფიქრობ, სწორედ ესაა საკვანძო ფაქტორი, რაც ჩვენთან ურთიერთობისას ხიბლავთ და რის გამოც მოგვმართავენ ჩვენ. ასევე, შეუმჩნეველი არ რჩებათ გუნდის პროფესიონალიზმი და მოქნილობა, რაც ამ დროში აუცილებელია. ჩვენ ვხდებით დამკვეთის გუნდის წევრი, რომელიც შედეგის დადებაზეა მომართული. რაც მთავარია, ჩვენს დამკვეთებს ვეხმარებით მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციაში, ცვლილებებთან ადაპტირებაში, რასაც არამხოლოდ გაყიდვების გაზრდამდე არამედ მუდმივი, კმაყოფილი მომხმარებლების დიდ რაოდენობამდე მივყავართ.

M: Beston – რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ სახელს?

სახელზე დიდხანს ვფიქრობდით. საბოლოოდ, როდესაც გადავხედეთ გუნდს, მივხვდით, რომ საუკეთესო შერწყმა გამოგვივიდა – გამოცდილი და გუნდური ადამიანები შემოგვიერთდნენ. სახელიც აქედან წამოვიდა. თან პანდემიის დროს დავფუძნდით, როდესაც ყველაფერი ციფრულ სივრცეში გადავიდა. ამიტომ დავისახეთ მიზნად, საუკეთესოები ვიყოთ ონლაინ სივრცეში.

M: როგორც ახსენეთ, სამომავლოდ, საგანმანათლებლო მიმართულებაში აქტიურად გეგმავთ ჩართვას. რას შესთავაზებთ საგანმანათლებლო ბაზარს განსხვავებულს?

მადლობა ამ კითხვისთვის. სააგენტოზე სანამ დავიწყებდით ფიქრს, საგანმანათლებლო პორტალის შექმნა გვქონდა განზრახული. პროექტზე დავიწყეთ კიდეც მუშაობა, თითქმის მზადაა გასაშვებად და ვფიქრობთ, ახალი წლიდან იხილავს დღის სინათლეს. ამ სივრცეში კიდევ უფრო მეტ პროფესიონალს მოვუყრით თავს, სხვადასხვა სფეროდან ონლაინ სწავლების ახალ მიმართულებას დავნერგავთ. აქვე დავამატებ, რომ ამ პროექტს პირველად აუცილებლად მარკეტერის მკითხველს გავაცნობთ.

 

[R]

BTU – უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო კომპანიებში სამუშაოდ ამზადებს

Brick-ი გალერია თბილისში, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში გამოჩნდა