ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი „ბექას სკოლა” 2016 წლის ოქტომბერში, ბექა ბერიკაშვილმა და ირაკლი ხრიკაძემ დაარსეს. ინოვაციური მიდგომებითა და ფერადი,
თავისუფალი გარემოთი, სკოლა ერთგვარი შუალედია კლასიკურ მოსამზადებელ ცენტრსა და რეპეტიტორს შორის. ბექას რამდენიმე კურსი აქვს და სწავლების მის მიერ შემუშავებულ, ქართულ მოტივებზე მორგებულ მეთოდოლოგიასა და მეგობრულ გარემოს სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლის, ან უკეთესად შესწავლის ნებისმიერ მსურველს. 29 მაისიდან სკოლაში ახალი, სატესტო ექსპრეს კურსი დაიწყება, რომელსაც მთლიანად ამერიკელი პედაგოგი წაიყვანს. „ბექას სკოლის” შექმნისა და ფუნქციონირების დეტალებზე, ასევე, განვითარების სტრატეგიასა და უპირატესობებზე მარკეტერი სკოლის ერთ-ერთ შემქმნელსა და მასწავლებელს – ბექა ბერიკაშვილს ესაუბრა:
M: როგორ გაგიჩნდათ „ბექას სკოლის” შექმნის იდეა?
სახლის პირობებში ვამეცადინებდი ბავშვებს/სტუდენტებს ინგლისურ ენაში. წინა წელს ჩამოვაყალიბე ახალი მიდგომა და გამიჩნდა იდეა, რომ სკოლა გაგვეკეთებინა. ჩემი ამერიკელი მეგობარი – კევინ სალივანი მოვიწვიე საქართველოში და ერთად ვასწავლიდით. შევადგინეთ სწავლების მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც საუბარი და „ლისენინგი” იყო ამერიკელ მასწავლებელთან, ხოლო გრამატიკა და ლექსიკა იყო ქართველ პედაგოგთან. შესაბამისად, ერთ ადამიანს უნდა ევლო ორ მასწავლებელთან. ზოგადი ინგლისურის კურსი, რაც ახლა ერთ-ერთი ძირითადი კურსია „ბექას სკოლაში” ზუსტად ასეთია. მოსწავლეებს აქვთ კვირაში ორი გაკვეთილი, ერთი ამერიკელთან და ერთი ქართველთან.
M: რა უპირატესობები გაქვთ სხვა, ინგლისური ენის სასწავლო ცენტრებთან მიმართებაში?
ჩვენი მთავარი ხიბლი არის თავისუფალი და ახალგაზრდული გარემო, „ქეჟუალ” სტილში. ეს არ არის აკადემიური ცენტრი, აქ სტუდენტები თავისუფლად გრძნობენ თავს, სახლში წასვლა-წამოსვლას თუ ვერ ასწრებენ, ჩვენთან მოდიან ხოლმე, უფასოდ მიირთმევენ ჩაისა და ყავას და აქვე მეცადინეობენ. ვცდილობთ, კომფორტში გვყავდეს სტუდენტი, იმისათვის რომ ხარისხიანად ისწავლოს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ აკადემიური სასწავლო პროცესით, გვაქვს დამატებითი აქტივობები, როგორიცაა კინოჩვენებები, განხილვები, პრეზენტაციები, საუბრები სხვადასხვა თემაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზეა და ამ აქტივობებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია. გარდა ამისა, გვაქვს ვიდეორგოლების სერია „რასაც წიგნებიდან ვერ ისწავლი,” ჩანაწერებიდან, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს თუ რა ტერმინოლოგიით ისაუბროს ფართიზე, რა სიტყვები გამოგადგება სხვადასხვა სიტუაციაში, როგორ უნდა იფლირტავოს და ა.შ.
M: როგორია „ბექას სკოლის” სწავლების მეთოდოლოგია, ასევე, გრაფიკი, ჯგუფურია მეცადინეობები თუ ინდივიდუალური?
„ბექას სკოლაში” ვიყენებთ სწავლების ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიას. ძირითადად, ეს არის კემბრიჯის მეთოდოლოგია, რომელიც ადაპტირებული და მორგებულია ქართველებზე. გაკვეთილები 14:00-23:00-მდე შუალედში ტარდება. გვყავს 3 უცხოელი პედაგოგი. ეს გრაფიკი ხელსაყრელია ყველა სრულწლოვანი ადამიანისთვის, მათთვის, ვინც მუშაობს, სტუდენტია, ან უბრალოდ უყვარს „დილის ძილი”. ჯგუფებში 18-დან 35 წლამდე ასაკის, დაახლოებით, 5-8 მოსწავლეა. გაკვეთილის პროცესი არის ისეთი, რომ ნებისმიერი ასაკის მოსწავლე ერთნაირად ენერგიული და ჩართულია.
M: რა სახის კურსებს სთავაზობთ მსურველებს და რა არის თითოეული კურსის ღირებულება?
ზოგადი ინგლისურის კურსის ფასი იწყება 40$-დან; ამ შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მოდული და არა ორივე. თუ ძლიერია ლექსიკაში და გრამატიკაში, თუმცა, უჭირს საუბარი და მოსმენა, აირჩევს და ივლის მხოლოდ ერთ, ამერიკელ მასწავლებელთან, კვირაში ერთხელ. მეორე შემთხვევაში, თუ ორივეს აირჩევს ფასი იქნება 70$. ეს არის თვიური გადასახადი 8 გაკვეთილში, ზოგადი ინგლისურის კურსისთვის, რომელიც გრძელდება 5 თვე. რაც შეეხება სხვა კურსებს, ახალი შემუშავებული გვაქვს ექსპრეს კურსი. რადგან ეს პროგრამა ახალია და ჩვენც ვტესტავთ, მისი ფასია თვეში 100$, ანუ სრული, ორთვიანი ექსპრეს კურსის ღირებულება შეადგენს 200$. საკმაოდ მისაღები ფასი გვაქვს, რადგან მთლიანად ამერიკელი პედაგოგი უძღვება სასწავლო პროცესს. ასევე, გვაქვს IELTS-ისთვის მოსამზადებელი კურსი, რომლის ფასი არის თვეში 100$ და არის სამთვიანი. გარდა ამისა, გვაქვს კორპორატიული შეთვაზება კომპანიებისთის, მაქსიმუმ 10 კაცისგან შემდგარ თანამშრომლების ჯგუფთან მიდის ჩვენი მასწავლებელი და ადგილზე უტარებს გაკვეთილებს. ასეთი გაკვეთილის ღირებულება არის საათში 50$ ჯგუფისთვის. ჩვენი კურსების შესახებ სხვა, დეტალური ინფრომაცია მოცემულია ჩვენს გვერდზე.
M: როგორ შეუძლიათ მსურველებს კურსებზე დარეგისტრირება და როგორ ხდება ცოდნის დონის განსაზღვრა?
დარეგისტრირება ხდება facebook-ის მეშვეობით, სადაც ავსებენ 120 კითხვიან ტესტს, რომლის შევსების შემდეგ, გვაქვს დამატებითი ინტერვიუ ამერიკელ მასწავლებელთან, რის შემდეგაც, ზუსტად ვსაზღვრავთ მოსწავლის ცოდნის დონესა და შესაბამის კურსს ვთავაზობთ. ეს სისტემა სრულიად მორგებულია სტუდენტებზე, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ორ სხვადასხვა მასწავლებელთან, სხვადასხვა დონის სწავლების პროგრამაზე შეიძლება იარონ.
M: სად მდებარეობს „ბექას სკოლა” და როგორია თქვენი განვითარების სტრატეგია?
„ბექას სკოლა” მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის 55-ში. 29 მაისიდან ვიწყებთ ახალ კურსს, ეს არის ექსპრეს კურსი, რომელზედ დიდ იმედებს ვამყარებთ. ვაპირებთ 2 თვის განმავლობაში შევძლოთ მოსწავლეების ერთი დონიდან მეორეზე გადაყვანა, ყოველდღიური, ერთსაათიანი მეცადინეობებით. გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ საზაფხულო სკოლა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზაფხულში ქალაქიდან ვერ გადიან და პროდუქტიულად სურთ გამოიყენონ ეს დრო.













