ადამიანი ბევრი რამით იცნობა და თუ მუსიკოსია, ლოგიკურად – მისივე მუსიკით. ბეთხოს მუსიკაზე მის ინტერვიუმდე რაც ვიცოდით, ის იყო, რომ იგი ქმნის საოცრად მშვიდ, ბევრნაირი ემოციის მომგვრელ მუსიკას – სწორედ ისეთს, რომელიც საკუთარი თავის ძიებას მოგანდომებს.. ემოციის ამ ტალღების მომგვრელი მუსიკის ავტორი კი, შეიძლება ითქვას, რომ თავის საქმეზე ძალიან შეყვარებული ადამიანია, რომელსაც მუდმივად სურს, საქართველოში მუსიკალური სფერო ვითარდებოდეს.
M: და მაინც, ვინაა ბეთხო?
ემბიენთ არტისტი, პროდუსერი და საუნდ დიზაინერი.
M: როგორ მოხვდით მუსიკის ინდუსტრიაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ამ პროფესიის?
ჩემი აზრით, მუსიკის ინდუსტრია რომ გვერქვას, სულ მცირე გულრწფელობა, დაფიქრება და შრომა გვაკლია ქართულ მუსიკალურ სამყაროში. მუსიკალურ გარემოში ჩემი მოხვედრის მიზეზი იყო მამაჩემი, რომელიც უკრავდა და დღემდე უკრავს ჯგუფ Soft Eject-ში. 13 წლის ასაკში, ალბომის, Nine Mountain Away, ჩაწერაზე წამიყვანა სტუდია “ქართულ ჩანაწერებში” და იქ მივხვდი, რისი კეთება მინდოდა სიცოცხლის ბოლომდე.
M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?
მიმაჩნია, რომ პროფესიით ვარ ხმის რეჟისორი (Sound Engineer) და ეს პროფესია შევიძინე ბევრი შრომით, ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანების მოსმენით, თვითგანათლებით, კითხვით, მილიონი “ტუტორიალის” ყურებით, მოკლედ, ბევრი ხერხია განათლების მისაღებად. მთავარი ის იყო, რომ არასდროს მეშინოდა შეცდომების. ჩემი განათლება იყო ასეთი: სანამ ჩემი ასაკის ადამიანები სტუდენტობის წლებს გადიოდნენ, ბარებში ისხდნენ, სვამდნენ და გრიალებდნენ, მე საკუთრ თავზე მუშაობით და მუსიკის შექმნით სტუდიაში ვაღამებდი და ვათენებდი. ასე შეიქმნა ჩემი პირველი პროექტი Catch The Clouds. ეს პროექტი შეიქმნა 2005 წელს და აქტიურად ვწერდით მუსიკას 2008-2009 წლამდე.
M: შემდეგ უკვე როგორ განვითარდა თქვენი კარიერა? რა მიღწევები გაქვთ, რომელთა გამხელაც გსურთ ჩვენთვის..
ჩემი კარიერა არ შემოიფარგლება ერთი მიმართულებით. ვარ ხმის რეჟისორი, მუსიკოსი, ხშირად კომპოზიტორსაც მეძახიან და ამ წლების განმავლობაში, უამრავ პროექტში მიმიღია მონაწილეობა..
ჩემი მიღწევები:
- პირველ რიგში მუსიკა, რომელსაც ვქმნი Betkho-ს სახელით, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ვერაფერმა დამაკარგინა მისი შექმნის სურვილი;
- ჩემი პირველი მუსიკალური პროექტი “Catch The Clouds”;
- ჩემი და მებო ნუცუბიძის პროექტი The BearFox, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან დიდი სკოლა იყო. უამრავი რამ ვისწავლე ამ პროექტის არსებობის წლებში;
- Mebo Renard-ის ალბომი “Circles”, რომელსაც მე პროდუსინგი გავუკეთე;
- ჯგუფი The Rylans-ის სიმღერები, სადაც ჩემი ხელიც ურევია, როგორც პროდუსერის, და ძალიან ვამაყობ ამით;
- ჩემი პირველი საუნდტრეკი სერიალისთვის “კლინიკა”. ამ ტრეკების მოსმენა ჩემს საუნდქლაუდზე შეგიძლიათ (@Betkho);
- თბილისში პირველი რეტრო გეიმინგ საღამოები Tbilisi Retro Gaming, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ და ბევრი ადამიანი გავართეთ ფესტივალზე, ივენთსა და ხალხმრავალ ადგილას;
- ვიდეო თამაში Medulla, რომელზეც 3 წელი ვმუშაობდით – მუსიკა და საუნდ დიზაინი ჩემი დაწერილი და შექმნილია;
ეს მთელი საუნდ დიზაინერული და მუსიკალური ცხოვრება კი ახლა რეინკარნირდა საქმეში, რომელზეც ბევრი წელი ვფიქრობდი: Heima Production, ჩემი და მებოს კომპანია, სადაც ვქმნით საუნდ დიზაინს, ვწერთ მუსიკას სხვადასხვა ვიდეო კონტენტისთვის, თამაშისთვის, ფილმისთვის და გვინდა, მუსიკოსებს პროდუსინგიც შევთავაზოთ, რადგან ამის გამოცდილება და ცოდნა ნამდვილად გვაქვს.
M: საიდან მოდის ხოლმე თქვენთვის შთაგონება?
ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და მე არ ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ არ ვიცი. რომ ვიცოდე, ძალიან მარტივი იქნებოდა ყველაფერი, და ნაკლებად საინტერესოც.
M: როგორ ფიქრობთ, როგორ ამბებს ჰყვებიან თქვენი ნამუშევრები?
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდე, რას პოულობს ჩემს მუსიკაში მსმენელი.
M: გვიამბეთ თქვენს რომელიმე ალბომზე, თუნდაც “დაისზე”..
პანდემიის დაწყებასთან ერთად, ბევრმა ადამიანმა დაიწყო რაღაცის შექმნა. მეც არ ვარ გამონაკლისი. როცა მთელი ქალაქი სახლებში იყო გამოკეტილი, მე სამსახურში დავდიოდი. სამსახურიც და ქალაქის გზებიც პრაქტიულად ცარიელი იყო. გარდა ამისა, მოხდა ბევრი რამის გადაფასება. კომპოზიციებიც და მათი სახელებიც ემოციური ფაზლია და მისი მოსმენისას, ყველა მსმენელი თავის ნახატს ქმნის.
M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში და როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?
ძალიან დატვირთული გრაფიკისა და ცხოვრებაში უამრავი სიახლის მიუხედავად, ახლა მაქვს სიმშვიდის ეტაპი – დრო, როცა ჩემი თავი ნაპოვნი მაქვს და უკვე ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც ვიცი, რა მინდა ამ სამყაროსგან და რას ითხოვს ის ჩემგან.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე