ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ბიზნესის გასაფართოებლად, პარტნიორებისა და ახალი კონტაქტების შესაძენად, საზღვარგარეთ წასვლა იყო საჭირო. ეს, თავის მხრივ, დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა. დღეს კი, ბიზნესის გლობალურ მასშტაბებზე გასვლა, ქვეყნის დატოვების გარეშე, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, თუნდაც, სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბიზნესმენი ახალი გამოწვევის წინაშე დგება – სად და როგორ მოიძიოს სასურველი კონტაქტები? როგორ დაიწყოს და განავითაროს საქმიანი ურთიერთობები? BeToBe ქართული სოციალური ქსელია, რომელიც ბიზნესმენებს ერთმანეთთან, საერთაშორისო მასშტაბით, უფასოდ აკავშირებს. როგორ შეიძლება სოციალური ქსელით პარტნიორების შეძენა და როგორ მუშაობს BeToBe-ს პლატფორმა, კომპანიის თანადამფუძნებლებისგან, ვახტანგ ტაბატაძისა და მიხეილ ნემსიწვერიძისგან შევიტყვეთ.
M: თქვენი აზრით, რა პრობლემებს აწყდებიან თანამედროვე ბიზნესმენები, რის გამოც BeToBe-ს შექმნის საჭიროება დაინახეთ?
კონფერენციები და B2B შეხვედრები დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ამ დანახარჯებს შესაბამისი შედეგები იშვიათად თუ მოაქვთ. თუმცა უფრო მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი პროდუქტი, დამზადებიდან რომელიმე უცხო ქვეყნის მაღაზიის დახლზე აღმოჩენამდე, იმდენად ბევრ შუალედურ რგოლს გადის, მისი ფასი საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად, ის კონკურენციას ვეღარ უწევს ადგილობრივად შექმნილ შედარებით იაფიან პროდუქციას, რომელსაც იგივე ბარიერები არ აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გზა პროდუქციიდან უშუალო კლიენტამდე მაქსიმალურად შევუმოკლოთ მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს.
https://www.facebook.com/betobeinc/videos/320295955258153/
M: როგორია თქვენი პლატფორმის მუშაობის პრინციპი?
ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლის საჭიროებები გავითვალისწინოთ და მუდმივად მივაწოდოთ სიახლეები. უმთავრესი პრინციპი ისაა, რომ განვითარების ყველა ეტაპზე უფასოდ შევინარჩუნოთ ყველა ის სერვისი, რასაც დღეს მათ ვთავაზობთ.
რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ნახოს უახლესი შემოთავაზებები, განათავსოს თავისი პროდუქტი, იპოვოს პარტნიორები, დაინტერესების შემთხვევაში ან სხვას თუ დააინტერესებს მისი პროდუქტი დაიწყოს მოლაპარაკება, მიაღწიოს წარმატებას და შემდეგ ჩვენი საშუალებით პროდუქცია მიიტანოს დანიშნულების წერტილამდე. ეს ყველაფერი არის გამარტივებული, გადაზიდვის მომენტამდე სრულიად უფასო და ჩვენი პლატფორმის კომფორტული ინტერფეისი მომხმარებელს ეხმარება მარტივად გაიაროს ეს პროცესი.
M: როგორც ბიზნესი, რამდენად მოგებიანია BeToBe-ის პლატფორმა?
ეს კითხვა ორნაირად შეიძლება იყოს გაგებული და ამიტომ ორივე მხარეზე გიპასუხებთ. როგორც სტარტაპს, ამ ეტაპზე ჩვენ არ დაგვიწყია მონეტიზაცია. ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის შემოყვანა BeToBe-ზე და მათთვის ბიზნეს პროცესების გამარტივება. მომხმარებლის მხრიდან კი ეს პროცესი ძალიან მომგებიანია, რადგან ისინი ჩვენი დახმარებით ზოგავენ მნიშვნელოვან დროსა და ფინანსებს.
M: ვინ ქმნით BeToBe-ს?
“ბითუბის” ბიზნეს გამოცდილების მქონე პარტნიორი და დეველოპერების გუნდი ქმნის. ეს პროექტი მთლიანი გუნდისთვის პროფესიულ არჩევანთან ერთად, ინტერესების სფეროცაა. ძალიან დიდი ცოდნა და ენერგია გვაქვს უკვე ჩადებული ამ პროექტის შექმნაში. პარალელურად, ვმუშაობთ ერთ ლოკალურ პროექტზე, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დავაანონსებთ.

M: როგორ აპირებთ განვითარებას?
“ბითუბი” რამდენიმე თვეა გაეშვა და მას მერე, ყოველდღე ვცდილობთ ადაპტაცია გავიაროთ მომხმარებლების საჭიროებებთან. ამ მიზეზით, ცოტა ხნის წინ დავამატეთ საცალო შეთავაზებების განთავსების ფუნქციონალი. ერთ-ერთი უახლოესი მიზანი და სურვილი კი არის ბითუბიზე სერვისების შეთავაზების საშუალება. ჩვენი მიზანია BeToBe-ზე მსოფლიოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების 20% ვიხილოთ, ჩვენი წარმომადგენლობა კი ქვეყნების 80%-ში იყოს გახსნილი. ეს მოგვცემს საშუალებას “ბითუბის” მიერ შეთავაზებული სერვისების ხარისხი მუდმივად შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი