in

Betterfly: 2022 წლის შეჯამება

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს Betterfly-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. მისი ექაუნთ დირექტორი, სალომე შამუგია გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა კომპანიისთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის. 

„2022 წელი ბეთერფლაისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი აღმოჩნდა. ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, ეს იყო თამამი  გადაწყვეტილებების, მუშაობის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მეთოდის დანერგვის წელი.

ჩვენი ინდუსტრიის ბოლოდროინდელ გამოწვევებს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით ვუპასუხეთ, კრეატიული მიმართულება მთლიანად სააგენტოს გარეთ გავიტანეთ და ფრილანს კრეატიულ დირექტორებს და ქოფირაითერებს მივანდეთ. საკმაოდ სარისკოდ ჟღერს, ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე სხვადასხვა მიზეზმა მიგვიყვანა, მათ შორის ერთ-ერთი მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პროფესიონალებთან მუშაობის სურვილი და გამოცდილების ჩვენს პროექტებში გამოყენების ამბიცია იყო.

ამ გადაწყვეტილებას მოყვა ახალი გამოწვევა, რამაც სააგენტოში კიდევ უფრო მაღალი კომპეტენციის სტრატეგებისა და მენეჯერების არსებობის აუცილებლობა გააჩინა, რომლებიც შეძლებდნენ მრავალფეროვან კრეატიულ გუნდებთან ეფექტურ მუშაობას და უზრუნველყოფდნენ პროექტის მართვის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას. გუნდის გაძლიერების მიზნით, კომპანიაში დავამატეთ პოზიცია Creative Lead და გავაძლიერეთ სტრატეგიული და ექაუნთ დეპარტამენტები.

წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფორმაციის პროცესი შედგა. ისეთი საინტერესო ადამიანები შემოვიკრიბეთ, რომელთა ნამუშევრებით მანამდე მხოლოდ დისტანციურად ვტკბებოდით, ახლა კი შეგვიძლია, ჩვენი გუნდის პოტენციურ წევრებად მოვიაზროთ და ჩვენი დამკვეთებისთვის ერთობლივი წარმატებული პროექტები შევქმნათ. ახალი შიდა და გარე გუნდით  მზად ვართ, შევეჭიდოთ გაბედულ ბრიფებს, თუმცა წინასწარ ბევრს არ ვილაპარაკებთ, შედეგებს ერთად დაველოდოთ.

რაც შეეხება პროექტებს, წლის დასაწყისშივე უკვე ნათელი იყო, რა პროექტებზე დაიხარჯებოდა ჩვენი რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ რამდენიმე გრძელვადიანი პროექტის ტენდერში გავიმარჯვეთ და წლის განმავლობაში ვიმუშავეთ მსოფლიო ბანკის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, მშვიდობის კორპუსის საკომუნიკაციო კამპანიებზე.

საერთაშორისო დონორებით დაფინანსებული პროექტების სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან გვახარებს და ამ მხრივაც საინტერესო გეგმები გვაქვს.

აქვე, არ იშურებდნენ ბრიფებს არც კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიები, შევქმენით რამდენიმე ახალი ბრენდი, განვაახლეთ არაერთი პროდუქტი, ხმა მივაწვდინეთ უამრავი სიახლის შესახებ და შევცვალეთ ბევრი დამოკიდებულება.

პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად გართულებული ზოგადი სიტუაციისა, დაგვემატა რამდენიმე ძალიან საინტერესო დამკვეთი, საინტერესო სამომავლო გეგმებით.

დამკვეთების კმაყოფილების კვლევით, რომელსაც პერიოდულად სულ ვატარებთ, გამოიკვეთა, რომ მათთვის მნიშვნელოვან ღირებულებას სწორედ ჩვენი მენეჯერების  სტრუქტურიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა წარმოადგენს, რაც ძირითადად, დავალების და საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და რელევანტური გადაწყვეტების მოფიქრებაში გამოიხატება.

დამოკიდებულებები შევცვალეთ ჩვენს შიგნითაც, თუკი 2020-2021 წლებმა მიგვახვედრა, რომ თურმე დისტანციურადაც არის შესაძლებელი ეფექტური მუშაობა, 2022 წელს აღმოვაჩინეთ, რომ ერთად ყოფნა გვირჩევნია, თუმცა უფრო დემოკრატიული ჰიბრიდული რეჟიმი ავირჩიეთ და აშკარად, ყველა გაცილებით ბედნიერია.

წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2023 წელს და გისურვებთ საინტერესო ბრიფებს, შესაბამის ბიუჯეტებს, გამბედავ დამკვეთებს და მგონი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ, რომ ჩვენი საქმის მიღმაც, მილიონი სურვილია“.

საქართველოში Crowdfunding ასოციაციას მარიამ მიროტაძე უხელმძღვანელებს

ასეთი იყო POSTRED-ისთვის 2022 წელი