წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Betterfly-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

2024 წელსაც ვისურვებდით წლის ისეთ დასაწყისს, როგორიც 2023 ში გვქონდა.
მახსოვს, როგორი შემართებით დავიწყეთ თოლიას ნაყინის – „ინდიგოს“ ბრიფზე მუშაობა, თუმცა ვერცერთ, თუნდაც ძალიან თამამ ოცნებაში ვერ წარმოვიდგენდით იმ ადგილსა და გარემოში აღმოჩენას, სადაც საბოლოოდ გადავიღეთ ვიდეორგოლი. საქართველოში რამდენიმედღიანი გადაღებისა და მარტში ზაფხულის თბილი კადრების შექმნის მცდელობის ნაცვლად, მცირე გუნდით მალდივებისკენ გავეშურეთ. მალდივებზე გადაღების იდეა რგოლის რეჟისორს, დათო ბორჩხაძეს ეკუთვნის. მეტრო ფროდაქშენის პროდიუსერები მაშინვე გამგზავრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე გადავიდნენ. საბოლოოდ, ჩვენც დავიჯერეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით და დამკვეთიც გვენდო. „ინდიგოს რგოლის“ კრეატიულ კონცეფციაზე ნინჩო ნემსაძესთან ერთად ვიმუშავეთ.
მალდივებიდან დაბრუნებულებმა წყალი ბაკურიანის „ქალაქების“ კამპანიაზე დავიწყეთ მუშაობა. საქართველოს ქალაქების ილუსტრაციებით შექმნილი ეტიკეტებით დამშვენებული პროდუქტის შესახებ კამპანიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მოვიარეთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქები და თავად დავრწმუნდით კამპანიის გზავნილის სისწორეში, რომ არასდროს არის გვიან უკეთესად გაიცნო შენი ქვეყნის ქალაქები, „რომ გაიცნობ, უფრო შეგიყვარდება“.
წელს, წყალი ბაკურიანის კიდევ ერთ, ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელ და ბრენდისთვის უმნიშვნელოვანეს equity კამპანიაზე ვიმუშავეთ. კრეატიული კონცეფცია მინდია არაბულთან თანამშრომლობით შეიქმნა. მინდიასთან თანამშრომლობა წელს დავიწყეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგად შევთამაშდით
გიორგი პოპიაშვილთან და ნინჩო ნემსაძესთან ერთად ვიმუშავეთ დეველოპერული კომპანია York Towers-ის საიმიჯო ვიდეორგოლზე, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიაზე იყო გათვლილი
ძალიან გვიყვარს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტი, სადაც მაყურებელს მივეცით საშუალება ენახა, თუ ვინ დგას ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დეველოპერული პროექტის „სითიზენის“ უკან. ინტერვიუზე დაფუძნებული ვიდეორგოლი, დიდი ქრონომეტრაჟის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო საყურებელი და ინფორმატიული აღმოჩნდა მაყურებლებისთვის. ეს იყო მეორე პროექტი, რომელზეც რეჟისორ გიორგი მეშველიანთან და ოპერატორ რატი გოგატიშვილთან ერთად ვიმუშავეთ, სამუშაო პროცესი იყო ცალკე დიდი სიამოვნება.
წელს საკმაოდ ბევრი ღონისძიება დავაორგანიზეთ, გამოვყოფდი საქართველოში ახალი, თუმცა მსოფლიოში ცნობილი ამერიკულ-ფრანგული ბრენდის Vilhelm Parfumerie-ს ღონისძიებას, რომელიც საინტერესო ვიზუალური კონცეფციით გამოირჩეოდა და რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბრენდინგის და ზოგადად, დიზაინის მიმართულებით გაკეთებული პროექტებიდან გამოვყოფდი 26 მაისისთვის შექმნილ ვიზუალურ კონცეფციას, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის შეიქმნა და რომელზეც დიზაინერმა, თამთა მალაზონიამ იმუშავა
განსაკუთრებით გვეამაყება პროექტი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ლეიტმოტივად დაყვებოდა ჩვენს სამუშაო პროცესს. ევროკავშირის, შვედეთის საელჩოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი GRETA-ს ფარგლებში, ჩვენი კომპანიის ფუნქცია ბენეფიციარებისთვის მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულებით დახმარება, საკომუნიკაციო მასალების შექმნა, საერთაშორისო გამოფენებისთვის მომზადება იყო. ჩვენივე ორგანიზებით სვანეთში, მესტიაში ჩატარდა 4 წლიანი პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოხდა პროექტის შედეგების შეჯამება.
ბოლოსთვის შემოვინახე ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო პროექტი „მწვანე ბაზარი“, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი და იმედი გვაქვს, რომ იქნება გრძელვადიანი, განვითარებადი პროექტი. ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველას გვაღელვებს, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობადობა ამ პრობლემის მიმართ და შესაბამისად, არ ვიცით ინდივიდუალურ, თუ კორპორაციულ დონეზე როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლანეტის კეთილდღეობაში. „მწვანე ბაზარი“ არის ღონისძიებების პლატფორმა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის გარდა, საგანმანათლებლო ფუნქციასაც იკისრებს. წელს აპრილში პირველი ღონისძიება ჩატარდა. პროექტის იდეა „ვინტილატორის“ დამფუძნებელს, შოკო ჩაჩუას ეკუთვნის. ვინტილატორის და ბეთერფლაის ერთობლივი ძალებით ბევრი თანამოაზრე შემოვიკრიბეთ და კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, მომავალ წელს ახალი ღონისძიებებით და განსხვავებული ფორმატის აქტივობებით დავბრუნდებით.
წელს, მთავარი სიახლე კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებაა. საერთაშორისო კომპანიების პროექტების მომრავლებამ, ცალკე დეპარტამენტის არსებობის საჭიროება გააჩინა, რომელსაც რამდენიმე თვეა ახალი ექაუნთ დირექტორი, სალომე ნემსაძე ხელმძღვანელობს.
უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია აუთსორს კრეატიულ გუნდებთან მუშაობს და ამ მხრივ, ვთვლით, რომ საკმაოდ ეფექტური და საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდა, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ პროფესიონალთან გადავიკვეთოთ მომავალში, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანიისთვის შევქმნათ შედეგზე ორიენტირებული კამპანიები და მეტად გავამრავალფეროვნოთ ჩვენი კომპანიის ნამუშევრების პორტფლიო
მთლიანობაში, პოსტპანდემიური პერიოდის დაძლევის ტენდენცია აშკარად იგრძნობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველას მოგვიწია გარკვეულწილად ადაპტაცია ახალ რეალობასთან, რადგან კომპანიები ბევრად ფრთხილები არიან, როდესაც საკომუნიკაციო ბიუჯეტის გადანაწილებაზე მიდგება საქმე, რაც ჩვენს ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს და ახალი, ალტერნატიული გამოსავლის ძიებისკენ გვიბიძგებს.
ბოლოს მაინც, ყველაზე დიდი სურვილი საინტერესო პროექტების კეთებაა. წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. გისურვებთ შემოქმედებით წვასა და მუდმივ განვითარებას.




















