29
Dec
2019

Betterfly DDB-ის 2019 წელი – #აზრები 

29 Dec 2019

M2


2019 წელი, Betterfly DDB-სთვის, ბევრი ახალი გამოწვევის წარმატებით დაძლევის წელი აღმოჩნდა. დამკვეთების საინტერესო პროექტებთან ერთად, საკუთარ ინიციატივებს შევეჭიდეთ და წლის ბოლოს, უკან მოხედვა საკმაოდ გვესიამოვნა.

ჩვენივე ინიციატივით შექმნილი პროექტების მომრავლების მიზეზი, ზოგადად, ქვეყანაში საზოგადოებრივ – პოლიტიკურად დაძაბული წლის განმუხტვაში, თუნდაც, პატარა წვლილის შეტანის ბუნებრივი სურვილი აღმოჩნდა.

ტურიზმის თემის გარშემო განვითარებული პრობლემების გულთან ახლოს მიტანამ საინტერესო და მრავალმხრივად სასარგებლო პროექტი – workfromgeorgia შექმნა.

პლატფორმის მიზანი მსოფლიოს გარშემო მომთაბარე სამუშაო ძალის –  ე.წ „დიჯითალ ნომადებისთვის“ საქართველოში სამუშაოდ ხელსაყრელი პირობების შექმნა და ამავდროულად, მათთვის ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარდგენაა.

[ამ]  ვებპორტალის საშუალებით, აგერ, უკვე მეხუთე თვეა, სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად, „დიჯითალ ნომადებს“ უფასო სამუშაო სივრცით ვმასპინძლობთ. პროექტის დაწყებიდან, 3 თვეში „დიჯითალ ნომადებისთვის“ მიმზიდველი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში, 74-ე ადგილიდან, მე-5 ადგილზე გადმოვინაცვლეთ, 5 თვის განმავლობაში 10-მა ქართულმა კომპანიამ, 70 ადამიანს ვუმასპინძლეთ, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ დრომდე 33 მუდმივი მასპინძელი კომპანიაა დარეგისტრირებული პლატფორმის პორტალზე და თვიდან თვემდე, მათი რაოდენობა იზრდება.

 

წელს განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა სოციალურ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვითანამშრომლეთ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროგრამის შესახებ შექმნილი კამპანია ერთ-ერთი საამაყო პროექტების რიგშია, რომელიც ახლო მომავალში „ჩაეშვება“.

წელს, კიდევ ერთხელ შევეხეთ ისეთ გამოწვევას, როგორიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დასაცავად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა და რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტის მთავარი დავალება იყო.

დიზაინის მიმართულებით, არა ერთი საინტერესო პროექტი შევასრულეთ და წელი McDonald’s-ის 2020 წლის კალენდრის ილუსტრაციებით დავხურეთ, რომელზეც თორმეტმა ილუსტრატორმა იმუშავა და თორმეტი ერთმანეთისგან განსხვავებული, თითოეული კი თავისმხრივ ძალიან საინტერესო ნამუშევარი მივიღეთ.

საკუთარი გუნდის წარმატებულ ინიციატივებში არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი პროექტი „ერთობა“, რომელმაც ერთხელ უკვე მოახერხა რუტინულ ყოველდღიურობაში სინათლის სხივივით შემოჭრა. ველოდებით თბილ ამინდებს, რომ კიდევ ბევრ ადგილას დავცეთ ერთობის კარავი და უფრო მეტი ადამიანისგან მოვისმინოთ, თუ რა საოცარი აურა დავატრიალეთ.

 

ახალ კლიენტებთან პირველი წარმატებული თანამშროლობა ყველა კომპანიისთვის დამატებითი მოტივაციის მომცემია. Beeline-ის საახალწლო რგოლი თანამშრომლობის სწორედ ასეთი მაგალითია.

 

წელი, ტრადიციულად, შემაჯამებელი Startup Expo-თი დავხურეთ – აქ იყო უამრავი საახალწლო საჩუქრის კორიანტელი, ახალი ნაცნობობა, საინტერესო ისტორიები და რაც მთავარია ბედნიერი ახალბედა მეწარმეები, რომლებისთვისაც ეს ღონისძიება ცნობადობის ამაღლების და პროდუქციის რეალიზაციის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

2020 წელს საკუთარ თავს და მთელ ინდუსტრიას ვუსურვებთ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს და 2020 წლის შთამბეჭდავ შეჯამებას.

 

სალომე შამუგია, Betterfly DDB-ის ექაუნთ დირექტორი

განხილვა