14
ივლ
2017

ბაჩო მებურიშვილი – Betterfly და მომავალი

14 ივლ 2017

ბაჩო მებურიშვილი საკომუნიკაციო სააგენტო Betterfly-ში 9 წლის მანძილზე, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო 4 წელი კი კრეატიული დირექტორი იყო. ცოტა ხნის წინ, მან კომპანია დატოვა. ამბობს, რომ ამ სფეროში რჩება და ბევრი საინტერესო შემოთავაზება აქვს. თუმცა, სამომავლო გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობს.

BOG PLUS

 

ბაჩო მებურიშვილი: პირველად რომ მივედი Betterfly-ში,  სულ რამდენიმე თვის გახსნილი იყო, მხოლოდ 5 კაცი ვმუშაობდით. შესაბამისად, საქმეც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო. სტანდარტული ფორმულით დავიწყეთ – რამდენიმე თვე სტაჟიორი ვიყავი,  შემდეგ „გავიზარდეთ“  და მეც  პროექტების მენეჯერი გავხდი. კიდევ გავიდა ცოტა ხანი  და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჯერ კრეატივის, მოგვიანებით კი ფროდაქშენის გუნდები, რითიც Betterfly ახალ საფეხურზე გადავიდა. ძალიან საინტერესო იყო თითოეულ ამ ეტაპში მონაწილეობა. სხვა განყოფილებებთან ერთად, (ივენთები, ექაუნთები, მედია, მენეჯმენტი, ტექნიკური ჯგუფი და ა.შ.) შევძელით, 5 კაცისაგან შექმნილი სააგენტო  საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიად გვექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მომიწია მუშაობა. ზოგთან დიდი ხანი, ზოგთან უფრო ნაკლები … სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია . . .  ისე მოხდა,  რომ  სულ ვსწავლობდი, რამდენიმე ინსტიტუტის შემდეგ, პირდაპირ Betterfly-ში  ამოვყავი თავი. . . ფაქტობრივად,  ჩემი „პირველი სიყვარული“ იყო . . .

M: ალბათ, არის თქვენთვის გამორჩეული პროექტები . . . 

რთულია, ასეთ დროს იყო ობიექტური. მაგრამ, შევეცდები, ჩამოვთავლო 10 პროექტი, რომლისთვისაც ღირდა ეს ყველაფერი. . .  დავიწყეთ „ლიკანით” . შემდეგ იყო Mcdonald’s – ამ შემთხვევაში გვაინტერესებდა, მივიღებდით თუ არა ისეთ ხარისხს, რომ ვერ გაგვერჩია ქართული ვიდეო რგოლი უცხოურისაგან; „თეგეტა მოტორსი“, „ბორჯომი 125“; Corso Italia; ჰერენჰოიზერი – ანუ, შანსი გვემუშავა იმ წელს ოსკარზე ნომინირებულ ოპერატორთან, რომელმაც აგვიხსნა, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს, ყველაფერის მიღწევა შესაძლებელია; Old Irish – ყველაზე გემრიელზე, გემრიელი მუშაობა რეჟისორთან, ოპერატორთან, მხატვართან და ა.შ.;  WWF  იყო პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნებით; Mcdonald’s Happy Day’s – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის; დროის მანქანა – პროექტი, რომელიც იმდენად შეგვიყვარდა, რომ კადრებს ვერ შეველიეთ და ცოტა დიდი გამოგვივიდა, ქრონომეტრაჟით.

M: ალბათ, იყო, თქვენი აზრით, ნაკლებად წარმატებული პროექტებიც . . . 

დიახ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის მანძილზე,  რაც Betterfly შემოქმედებითი მიმართულებით გააქტიურდა, იყო როგორც დიდი, ისე პატარა შეცდომები. ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად, გამოუცდელობა. როგორც შენი, კონკრეტული ერთი ადამიანის, ისევე მთელ სფეროში. საქართველოში ხშირად ხდება, რომ პროექტზე რომელზეც მუშაობ, შესაძლოა, მსგავსი ტექნოლოგიის პროდუქტი ჯერ არც იყოს შექმნილი შენს ქვეყანაში. შესაბამისად, სწავლობ საკუთარ შეცდომებზე. ასევე, ძალიან, ძალიან, ძალიან ხშირ შემთხვევაში, შეცდომებს ს პროექტისთვის გამოყოფილი არასწორი ვადები (როგორც ფიქრის, ასევე განხორციელების პროცესში) განაპირობებს. ასეთ დროს, თითქმის, შეუძლებელია, სრულყოფილი შედეგის მიღწევა. და ა.შ. მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებშიც, მხოლოდ ხელის შემშლელ ფაქტორებზე გადაბრალება, სწორი არ იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.

M: რატომ დატოვეთ კომპანია?

ადრე თუ გვიან, ხომ ყველაფერი მთავრდება?! ამიტომ,  ეს ეტაპიც აუცილებლად უნდა დასრულებულიყო… ვფიქრობ,  ამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა დავაგვიანე კიდეც . . .

M: სად გააგრძელებთ  საქმიანობას?

ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არის რამდენიმე ძალიან საინტერესო შემოთავაზება . . .  ამავდროულად, არის ოცნებები და მიზნები, რომლებსაც რუტინა და ყოველდღიური პრობლემები მავიწყებდა. ალბათ, ყველაფერი შემდეგ თვეში გაირკვევა.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

სამომავლო გეგმები ისევ ჩვენს სფეროს უკავშირდება.

განხილვა