in , , ,

„თუ შრომა არ გეზარება და მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ“-დათო ჯაში

Startauperi
Startauperi

JashiBetterFly – ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სარეკლამო კომპანიაა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მათ უამრავი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული. მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს „BetterFly”-ს დამფუძნებელ დათო ჯაშთან. მან გაიხსენა, როგორ იქმნებოდა BetterFly. გაგვიმხილა, თუ რა ალტერნატივებს განიხილავდა სახელწოდების შერჩევისას. როგორ გახდა მისი დაარსებული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური საკომუნიკაციო ქსელის DDB გუნდის წევრი. რა დადებითი მხარეები მოჰყვა ამ პროცესს. ასევე, რომელი იყო კომპანიის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი პროექტები. რას თვლის ყველაზე დიდ გამოწვევად ამ სფეროში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

M: როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ მოხვდით სარეკლამო სფეროში?

ალბათ ყველაფერი განათლებიდან იწყება და ჩვენც, სჯობს, ამით დავიწყოთ – პროფესიად ბიზნესი ავირჩიე და ESM-ში ავიღე ბაკალავრის ხარისხი. პირველი სამუშაო გამოცდილება კვლევით კომპანიებში – IPM და ACT – მივიღე. შემდეგ ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში 3 წლის განმავლობაში მარკეტინგის მენეჯერი ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტე საცხოვრებლად ბუდაპეშტში გადავსულიყავი, სადაც ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ავიღე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ჩემ ცხოვრებაში უკვე ბეთერფლაის ერა დადგა.

სარეკლამო სააგენტოში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა. დამკვეთის მხარეს ყოფნის გამოცდილება, ასე თუ ისე. მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სააგენტოს საქმე გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო იქნებოდა. ასეთ დროს არჩევანის წინაშე დგები – ან სხვაზე უნდა დაიწყო მუშაობა, ან ეცადო საკუთარი იდეები განახორციელო და ახალი საქმე შექმნა. გადავწყვიტე, რომ გამომივიდოდა და ასე დაიწყო ჩემი და ბეთერფლაის ისტორია 2009 წელს.

M: როგორ შეარჩიეთ სახელწოდება BetterFly? თუ გახსოვთ, რა ალტერნატივებს განიხილავდით?

სხვათა შორის, დიდ ხანს არ მიფიქრია. რამდენიმე დღე დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. მინდოდა ისეთი სახელი გვქონოდა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელობის მატარებელია. მაგალითად, იყო ვერსია – Bi Cycle – ორმაგი ბრუნვა, რაც ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც ველოსიპედი ანუ მამოძრავებელი მექანიზმი. საბოლოოდ, BetterFly – უფრო ჟღერადი მეჩვენა. მისი მნიშვნელობაც („უკეთესი ფრენა“) ზუსტად შეეფრებოდა სააგენტოს კონცეფციას. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ლოგოს ვიზუალურ მხარეშიც აისახა.

M: მოგვიყევით, როგორ და ვისთან ერთად შექმენით BetterFly? გაიხსნეთ პირველი დაკვეთა.

თავიდან რამდენიმე ადამიანი ვიყავით, რომლებმაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. დაახლოებით ერთ წელიწადში მივხვდი, რომ ჯობდა საქმე მარტოს გამეგრძელებინა და ასეც მოხდა.

4 ადამიანი ვისხედით პატარა ოფისში და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და მომავლის ხედვა გვქონდა, მეტი არაფერი. ამ პერიოდში დაკვეთები, რა თქმა უნდა, სრულიად არაშემოქმედებითი და უინტერესო იყო. ამიტომ, პირველი პროექტების საინტერესო კუთხით გახსენება გამიჭირდება. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ საკუთარი თავის მაგალითზე გეუბნებით – თუ შრომა არ გეზარება და მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ. დღეს უკვე 53 შტატიანი თანამშრომელი გვყავს, უამრავი კონტრაქტორი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია ვართ როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიაში.

ახლა საინტერესო და კრეატიული პროექტიც უამრავი გვაქვს, თუმცა, ჩვენი საქმიანობა ბევრ სფეროს მოიცავს, რომელთაგან ნაწილი საწარმოო-ტექნიკური პროცესია და შემოქმედებით უნარს არც მოითხოვს. სწორედ ამ სტანდარტულმა და ორგანიზებულად შესრულებულმა სამუშაოებმა მოგვცა საშუალება, რომ განვვითარებულიყავით და განსხვავებული, საინტერესო მიმართულებებიც განგვევითარებინა.Betterfly

M: როგორ გახდა BetterFly საკომუნიკაციო კომპანია DDB-ის საერთაშორისო ჯგუფის წევრი? რა არის ამ თანამშრომლობის დადებითი მხარეები?

რამდენიმე წელი ვიბრძოლე, რომ ვყოფილიყავით რომელიმე დიდი გლობალური საკომუნიკაციო ქსელის წარმომადგენლები. ძალიან ბევრ საერთაშორისო წარმომადგენლობასთან გვქონდა შეხვედრები. საბოლოოდ, გარკვეული პარამეტრების გამო DDB შევარჩიეთ.

ცოტა რთულია გლობალურ სააგენტოს აუხსნა, თუ ვინ ვართ, საიდან ვართ, რას ვაკეთებთ. ამისთვის ძალიან ბევრ ქვეყანაში შევხვდი უამრავ ადამიანს და საბოლოოდ, დიდი შრომის შედეგად, წარმატებით გავხდით DDB-ის გლობალური საკომუნიკაციო ქსელის წევრები.

ამის ყველაზე დიდი დადებითი მხარე ისაა, რომ შედიხარ ძალიან დიდ საერთაშორისო ოჯახში, გაქვს მნიშვნელოვანი კავშირები, ნებისმიერ დროს შეგიძლია ქსელის სხვა წევრებს სთხოვო გაგიზიარონ გამოცდილება, ინფორმაცია, რაღაც გასწავლონ.

საერთაშორისო ქსელის წევრობის გარეშე ცოტა რთულია გაღიაროს მსოფლიომ. მაგალითად, როდესაც კომპანია BetterFly პირველად წერს კომპანია The Mill-ს ლონდონში, შეიძლება პასუხი ვერ მიიღო. მაგრამ, როდესაც მათ DDB Georgia უკავშირდება, ის პარტნიორობას აუცილებლად გაგიწევს. სამწუხაროდ, ესაა რეალობა, თუმცა უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მსოფლიო სარეკლამო რუკაზე ჩვენც მოვიპოვოთ ადგილი და გაგვიცნონ.

გარდა ამისა, ბარიერი მოიხსნა დამკვეთ საერთაშორისო კომპანიებთანაც, რომლებსაც მხოლოდ ქსელურ სააგენტოებთან შეუძლიათ თანამშრომლობა. პროცესი ამ მხრივაც გამარტივდა.

M: ყველაზე საინტერესო და წარმატებული პროექტი. ასევე, პროექტი, რომელსაც წარუმატებლად თვლით.

BetterFly-ის ძალიან ბევრი შვილი ჰყავს. რთულია გამოარჩიო, რომელი გიყვარს ყველაზე მეტად. უამრავი ენერგია გვაქვს ჩადებული თითოეულ მათგანში და ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს წარუმატებელი მაგალითებიც, მაგრამ ვთვლით, რომ სწორედ შეცდომების გათვალისწინება გვეხმარება გამუდმებულ წინსვლასა და განვითარებაში.

რაც შეეხება გამორჩეულად წარმატებულ პროექტს, ბოლო პერიოდიდან გამოვყოფდი სოციალურ ქეისს, რომელიც წელს კანის ფესტივალზე გვაქვს გაგზავნილი – ესააWWF-ისდედამიწის დღისადმი მიძღვნილი ციფრული პროექტი – 2065 რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობთ.

M: რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივ სარეკლამო ბაზარზე? რა არის ამ პრობლემის თქვენეული გადაჭრის გზა?

პასუხი ძალიან ტიპურია – ჩემი ფუნქცია ადამინური რესურსის მართვა და პროფესიონალების მოძიებაა – ეს პროცესი ჩემთვის ძალიან რთული გამოცდაა.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა სწორი ადამიანური რესურსის მოძიება და შემდეგ მათი ნიჭისა და პოტენციალისთვის სწორი მიმართულების, გზის მიცემაა.

M: BetterFly-ის მომავლის გეგმები.

სხვა გზას მე ვერ ვხედავ, აუცილებლად წინ უნდა ვიფრინოთ !



Spotlight 2015 შედგა! რეგიონის ყველაზე მასშტაბური მარკეტინგული ღონისძიება!

დაფიქრდი, სანამ გააზიარებ