in

ბიონსემ თმის მოვლის ბრენდი Cécred გამოუშვა!

რაღაც ამბები ბიონსეს ბრენდის შესახებ კი ვრცელდებოდა, მაგრამ უკვე ოფიციალურად, გუშინ ბიონსეს თმის მოვლის ბრენდი Cécred ჩაეშვა — „Cécred ჩემთვის მემკვიდრეობითი პროექტია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტადაა ფესვგადგმული ჩემს წარმომავლობაში, ეს საკმაოდ შორსაა ბიზნესისგან. თმა ჩვენი მემკვიდრეობითი ხაზია, ეს ჩვენი ოჯახის ისტორიაა….

გრემის 32-გზის გამარჯვებული თავის მეწარმეობას დედის თინა ნოულსის დამსახურებად მიიჩნევს. 1980-იან წლებში მას ჰიუსტონში საკუთარ სახლში თმის სალონი ჰქონდა და მოგვიანებით დამოუკიდებელი სივრცე Headliners გახსნა. ფაქტობრივად ბავშვობაში ბიონსეს პირველი სამუშაოც სალონში თმების მოწესრიგება იყო და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი — ბიონსეს დედის ერთ-ერთი მომხმარებელი ოპერის მომღერალი გახლდათ, რომელმაც შთააგონა იგი, საუკეთესო შემსრულებელი გამხდარიყო. Destiny’s Child-თან ერთად პირველი კონცერტებიც სალონში იმართებოდა…

Cécred სულ ახლახან კი ჩაეშვა ოფიციალურად, მაგრამ ამას წინ უძღვის მუშაობის 6 წელი. კომპანიამ ლოს-ანჯელესში საკუთარი სალონი და ლაბორატორიაც ააშენა, რათა პროდუქტის ვარიანტები შეემუშავებინათ და გამოეცადათ. მართალია, ხშირად მსგავს შემთხვევებში ცნობილი სახეების უმეტესობა სხვა ბრენდებთან ერთად თანამშრომლობს, მაგრამ აქ ბიონსემ გადაწყვიტა, ყველაფერი საკუთარ თავზე აეღო. 

ეს ბიზნესი ჩემი გულით იმართება და არა, ბიზნესგეგმით. ყველა თმის ტექსტურა მოითხოვს ტესტირებას, კვლევასა და განვითარებას. ფერადკანიანი ქალები კი უკანასკნელი არიან ამ ტესტირების ფაზაში. ხშირად გვირჩევენ რაღაცებს იმ კვლევებზე დაფუძნებით, რომლებშიც ჩვენ არ ვიყავით ჩართულნი. ეს იმაზე დიდია, ვიდრე მე ან თმა. ახლა კი ჩვენ შევქმენით ის, რაც მოიცავს ჯანსაღ თმას ყველა ქალისთვის, ჩვენი ჩათვლით, — აცხადებს ბიონსე. 

Cécred-ის პირველ კოლექციას Foundation უწოდეს, რომელიც 8 ერთეულისგან შედგება და თითოეულის ფასი 20 დოლარიდან 52-მდე მერყეობს. პროდუქტების დეტალურად სანახავად კი cecred.com-ის საიტს უნდა ესტუმროთ.

მომღერლის გვერდით თინა ნოულსია, კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც მას პროდუქტის განვითარებასა და ფერადკანიან ქალებზე არსებული სტიგმის დამსხვრევაში დაეხმარა — ადრე არ არსებობდა არცერთი პროდუქტი, სადაც მაღალტექნოლოგიური თმის მოვლის საშუალება დამატენიანებელთან და ზეთებთან ერთად იქნებოდა შერეული, ამიტომ, მე ეს ორი ავურიე ერთმანეთში. მითხრეს, რომ ფერადკანიან ქალთა თმას ვერ ექნებოდა ერთდროულად ფერი და პერმი. დავამტკიცე, რომ ეს თეორია არასწორი იყო. ახლა კი Cécred უახლეს მეცნიერებას ეყრდნობა, გამოცდილი რიტუალებით, რომლებიც წინა თაობებისგან გადმოგვეცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბიონსეს პირველი ცდა არ არის ბიზნესში, კვლავ დედასთან ერთად 2000-იან წლებში ამავე ინდუსტრიაში House of Deréon ჩაუშვა. ხოლო 2016 წელს Ivy Park. Parkwood Entertainment-იც მას ეკუთვნის და სწორედ ეს კომპანია ზრუნავს ბიონსეს კონცერტებზე… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთსაც ბიონსეს ფონდზე გეტყვით — BeyGOOD ახლა Cécred Fund-თან დაიწყებს პარტნიორობას და გრანტების სახით ყოველწლიურად 500 000 დოლარს გამოყოფს სალონებისა თუ კოსმეტოლოგიური სკოლებისთვის.

როგორ ვერ ვამჩნევთ სიურპრიზებით სავსე ცხოვრებას?

ნაყინი, როგორც ზამთრის ტკბილეული — Magnum-ის ვიდეორგოლი