in

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ახალი აკადემიური დირექტორი ჰყავს — როგორია სამომავლო გეგმები?

ბრიტანულ-ქართული აკადემია ჯერ კიდევ 2006 წლიდან იღებს სათავეს, როგორც ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. ეს არის ადგილი, სადაც ნდობაზე, პატივისცემასა და ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებული გარემო იქმნება ახალგაზრდებისთვის — მთავარი მისია კი მათი მუდმივად განვითარებად გლობალურ სამყაროსთან ადაპტირებაა. და რადგანაც განათლება ასეთ დინამიკურ და სწრაფად ცვალებად რეალობაში წარმატების მიღწევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, უკვე წლებია, BGA ამ მიმართულებით დაუღალავი წარმატებით მუშაობს.

სწორედ ამ იდეების განვითარებას აგრძელებს აკადემიის ახალი აკადემიური დირექტორი, რობერტ ანსვორთი, რომელიც დეტალურად გვიყვება სამომავლო გეგმებსა და ღირებულებებზე. საგულისხმოა, რომ რობერტის კარიერა ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული საგანმანათლებლო სფეროსთან — შესაბამისად, საკმაოდ მრავალფეროვან გამოცდილებას ფლობს. ახლა კი, როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ახალი პოზიციის დაკავება, ვინაიდან არსებობის პირველივე დღეებიდან ბრიტანულ-ქართული აკადემია განსაკუთრებული დადებითი რეპუტაციით სარგებლობს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია ეფუძნება სწავლას, ზრუნვას მოსწავლეებზე და ერთიანობის განცდას

M: რობერტ, ვიდრე უშუალოდ ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესახებ ვისაუბრებთ, თქვენი აკადემიური გამოცდილება გაგვიზიარეთ…

მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რადგან ყოველთვის სასიამოვნოა განათლებასა და სწავლა-სწავლების მიმართ ჩემს ენთუზიაზმზე საუბარი. შეიძლება ითქვას, ჩემთვის განათლება საოჯახო ბიზნესს ჰგავს: ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ დაწყებით და საშუალო სკოლებში; ჩემი და დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მეუღლე კი უნივერსიტეტშია ლექტორი. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემთვისაც გარდაუვალი იყო მასწავლებლობისა და საგანმანათლებლო ხელმძღვანელობის კარიერა.

აკადემიური ბიოგრაფია მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბაკალავრიატის საფეხურზე ლიდსის უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიური მეცნიერების მიმართულებით ვსწავლობდი. შემდეგ უმაღლეს განათლებაში გადავინაცვლე, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის როგორც ინგლისურის, ისე აკადემიური ინგლისურის მიმართულებით სასწავლო პროგრამებს ვხელმძღვანელობდი და ვამუშავებდი.

ამას მოჰყვა რამდენიმე წლის განმავლობაში დაწყებით განათლებაში მუშაობა ლონდონსა და დიდ ბრიტანეთში, ვიდრე ბრიტანეთის საელჩოში უფროსი ხელმძღვანელის პოზიციას დავიკავებდი — მის ფარგლებში საელჩოს ტერიტორიაზე, ანკარაში მდებარე შესანიშნავ სკოლას ვხელმძღვანელობდი. ასევე, აქ შესაძლებლობა მქონდა, მეცნიერებისადმი ჩემს გატაცებას დავბრუნებოდი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ეს სფერო მესწავლებინა, გავძღოლოდი სასწავლო გეგმას და მოსწავლეების შეფასების პროცესს.

ბოლო პერიოდში კი Shell-ში გადავინაცვლე და ბრუნეიში, ბორნეოს ტროპიკულ ტყეებში არსებულ სკოლაში ხელმძღვანელთა გუნდთან ვმუშაობდი და ვეხმარებოდი ოჯახებს, რომლებიც Shell-ში მუშაობდნენ. გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი მაქვს განათლებისა და საგანმანათლებლო ხელმძღვანელობის მიმართულებით; ასევე, ვფლობ საგანმანათლებლო ხელმძღვანელობის სხვადასხვა კვალიფიკაციას.

ხოლო ახლა ძალიან მიხარია, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში აკადემიური დირექტორის პოზიციას ვიკავებ და, ამავდროულად, ულამაზესი საქართველოთი ვტკბები მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

M: როგორ შეაფასებთ აკადემიის განვითარების ამჟამინდელ ეტაპს?

ბრიტანულ-ქართული აკადემია დამსახურებული დადებითი, პატივსაცემი რეპუტაციით სარგებლობს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ ჩემი წინამორბედის — მარიამ შურღაიას წარმატება და შრომისმოყვარეობა, რომელიც მან თავის გუნდთან ერთად გამოავლინა — სწორედ ამან მოიყვანა BGA დღევანდელ მდგომარეობამდე. რეალურად, ყველაფერი, რაც წინ მიიწევს და პროგრესირებს, წარსულ წარმატებას ეფუძნება. ახლა კი გვახარებს ის ფაქტი, რომ წამყვანი IB Diploma სკოლა ვართ საქართველოში და დიდ გამოცდილებას ვაერთიანებთ. მივისწრაფვით, რომ ეს პრაქტიკა ჩვენს ახალ საუნივერსიტეტო და კარიერული მიმართულებით დავნერგოთ. მზად ვართ, ყველაზე ეფექტური გარდამავალი გამოცდილება უზრუნველვყოთ, რათა მოსწავლეებს მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, საუკეთესო უნივერსიტეტებზე წვდომის შესაძლებლობა მივცეთ.

რაც მთავარია, ჩვენ ერთგულად ვზრუნავთ მოსწავლეების განვითარებაზე ისეთი პიროვნული თვისებებისა და ქცევების გაღვივებით, რომლებიც მათ საქართველოს სამაგალითო პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

M: თქვენი ხედვით, როგორია აკადემიური მიმართულების განვითარების პერსპექტივა?

ჩვენი სამომავლო წარმატება ყოველთვის ადამიანებზე იქნება დაფუძნებული. მართალია, ცოტა ხანია, რაც საქართველოში ვიმყოფები, მაგრამ უკვე შევამჩნიე, რომ ქვეყანაში ძლიერი ოჯახური კულტურაა და აქ ურთიერთობებს აფასებენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი გუნდები, რომლებიც ერთად მუშაობენ და ამ დიდ ფასეულობებს გამოხატავენ, ყოველთვის უდიდეს გავლენას იქონიენებ მოსწავლეების სწავლაზე. ვფიქრობ, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოში და უფრო ფართო საზოგადოებაში იქცევა სასწავლო ცენტრად, სადაც ფოკუსი კეთდება ინოვაციურ და აქტუალურ მოდელებზე, როგორც სწავლისა და სწავლების პროცესის მამოძრავებელ ძალაზე.

M: რობერტ, გაგვიზიარეთ, აღნიშნული პოზიციის დაკავება რატომაა თქვენთვის საინტერესო?

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას მკაფიო ხედვა აქვს მომავლისთვის, რომელიც ეფუძნება სწავლას, ნამდვილ ზრუნვას მოსწავლეებზე და ერთიანობის განცდას. ჩემი ამ პოზიციაზე აყვანის პროცესში ცხადი იყო, რომ ლიდერთა გუნდი და სრული პერსონალი ზრუნავს არა მხოლოდ მოსწავლეების აკადემიურ წარმატებაზე, არამედ მათ კეთილდღეობაზეც. ამასთანავე, დავინახე ისეთ სკოლად ქცევის მისწრაფება, რომლის რეპუტაციაც საქართველოს ფარგლებს გასცდება და საერთაშორისო დონეზე დაამყარებს კავშირებს. ეს ზუსტად შეესაბამება ჩემს ხედვას, რომ დღევანდელი სკოლები უფრო ფართო საზოგადოებებში უნდა ჩაერთონ.

გარდა ამისა, ანკარაში მუშაობისას უკვე ვიცოდი ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და BIST-ის შესახებ, მათი შავი ზღვის სკოლების კომუნაში ჩართულობიდან გამომდინარე. ამიტომ ამ მხრივ უკვე გარკვეულ წარმოდგენა მქონდა შექმნილი. საბოლოოდ, საქართველოში, როგორც სახლში, გადასვლის შესაძლებლობა ჩემთვის დიდ ბიძგად იქცა. მიყვარს ეს ფართო რეგიონი, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს ნაწილია და გულწრფელად მოგვწონს თბილისი როგორც საცხოვრებლად, ისე დროის გასატარებლად — ყველა, ვისაც ვხვდებოდით, გვეუბნებოდა, რომ ეს ქალაქი მართლაც ფანტასტიკური ადგილია.

M: როგორია თქვენი გეგმები აკადემიურ განვითარებასთან დაკავშირებით?

მსურს ვნახო, რომ ჩვენი მოსწავლეები უფრო მეტად ჩაერთვებიან ფართო საზოგადოებებში და მათ მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ, რათა ეფექტური სასწავლო თუ საკლასო გამოცდილება მივაწოდოთ. თავის მხრივ, ამაში იგულისხმება მოსწავლეების საკლასო ოთახებს მიღმა არსებულ გამოცდილებაში ჩართვა — იქნება ეს ტურნირები, სასცენო ხელოვნება, ე. წ. რეზიდენტული მოგზაურობები (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ) თუ მოხალისეობა და სხვა სკოლებთან და კომუნებთან თანამშრომლობის გაზრდა.

მინდა ვნახო, ჩვენი მოსწავლეები როგორ მიჰყვებიან საკუთარ მისწრაფებებს და ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ, როგორც სკოლას, ამის უზრუნველყოფა შეგვიძლია.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოსწავლეებს, ყველაზე ახალბედა მოსწავლეებით დაწყებული, წარჩინებული კურსდამთავრებულებით დასრულებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და საქართველოს წარმოჩენისას, შესანიშნავი აკადემიური სტანდარტებისა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის დემონსტრირება შეუძლიათ.

[R]

ლაქტოზის აუტანლობა ბარიერი აღარაა რძის პროდუქტებით სიამოვნებისთვის

„სთარქომ საქართველო” ნამდვილადაა ადგილი, სადაც შეგიძლია იმუშაო თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში” – ნუცა მემარნიშვილი