23
May
2017

კამპანია „აღადგინე“ – ბორჯომის ტყის გადასარჩენად

23 May 2017

50 მილიონი ხე ერთ დღეში – ეს მსოფლიო რეკორდია, რომელიც 2016 წელს ინდოეთში დამყარდა. საქართველოს მიზანი ნაკლებად ამბიციურია, თუმცა ის ქვეყანაში უპრეცედენტოა.

ტყის სრულად აღსადგენად, კამპანია „აღადგინე ბორჯომის ტყე“ 25 აპრილს დაიწყო და ოფიციალური ნაწილი 8 აგვისტოს დასრულდება, თუმცა დარგვები შემოდგომაზე განახლდება. კამპანიის ფარგლებში, 750 000 ხის დარგვა იგეგმება.

„აღადგინე“–ს მთავარი მიზანი საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის გაერთიანებაა, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს დაზიანებული ტყის აღდგენა.

ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანას მეტი ჟანგბადი და ჯანსაღი გარემო სჭირდება, ტყის ბუნებრივად აღდგენა არ ხდება, ამაში თითოეული ადამიანის ჩართულობაა საჭირო, რათა დავეხმაროთ ბუნებას და ხელოვნურად აღვადგინოთ ტყე.

ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილმა ხანძარმა 250 ჰექტარზე ტყის საფარი სრულად გაანადგურა.  განადგურებული ტყე კლასიფიკაციის მიხედვით განეკუთვნებოდა უნიკალურ, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ტყეს, რომლის არსებობა განაპირობებს რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას. ბორჯომის ტყის ამჟამინდელი მდგომარეობა სავალალოა, ნელ-ნელა გაძლიერდება ეროზიული პროცესები, სწორედ ამიტომ ექსპერტების რეკომენდაციებით ტყე უკვე საჭიროებს ადამიანის ჩარევას, რათა მოხდეს ხელშეწყობა და აღდგენითი ღონისძიებების სწორი განვითარება.

დღეის მდგომარეობით, კამპანიას 100–მდე კომპანია და 1000–ზე მეტი ფიზიკური პირი შეუერთდა.

კამპანიაში ჩართვა ძალიან მარტივი და ხელმისწავდომია ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სპეციალურად შექმნილი ონლაინ პლატფორმა – aghadgine.ge საშუალებას იძლევა ნებისმიერმა მსურველმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს მისთვის სასურველი რაოდენობის ნერგის შეძენა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დარგავს, კამპანიის ინიციატორები კი მათ მოუვლიან 5 წლის მანძილზე.

„აღადგინე“–ს ვებგვერზე ყველა მსურველს შეუძლია იხილოს რუკა, სადაც მონიშნულია კამპანიაში მონაწილე ბიზნესების კონტრიბუცია.

განხილვა