in

ბიბი და ლოლოს მხიარული სამყარო ბავშვთა განვითარებისა და შემეცნებისთვის

21- საუკუნეა. პატარები და მოზარდები ეკრანებთან სულ უფრო მეტ დროს ატარებენ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ორწლიანი პანდემიის პერიოდში ბავშვები ტელევიზორსა თუ კომპიუტერს კიდევ უფრო მიეჯაჭვნენ. ამ ვირტუალურ სივრცეში ისინი ათასობით შინაარსის მასალას ეცნობიან, რომელთა შორისაც ცოტაა ისეთი, რომელიც მათ განვითარებასა და შემეცნებაზე იქნება ორიენტირებული. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ეცნობოდნენ მათ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილ კონტენტს, ის იყოს გასაგები ყველა ბავშვისთვის და მშობელიც ჩართული იყოს შვილისთვის ვიდეომასალის შერჩევაში.

ორგანიზაცია World Vision საქართველო 20 წელია მუშაობს მრავალფეროვან პროგრამებზე, რომლითაც ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებასა და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, რომელიც არის ინკლუზიური, ტოლერანტული და თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ყველას. ორგანიზაციის მთავარი მიმართულებებია: ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, ბავშვის ადრეულ ასაკში განათლება და განვითარება, ახალგაზრდების გაძლიერება. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია თანამშრომლობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან, ახორციელებს აღმზრდელმასწავლებლებისა და მშობლების მუდმივ გადამზადებას ბავშვის განვითარების მიმართულებით. World Vision აქტიურად არის ჩართული საქართველოს კანონის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ განხორციელების პროცესში.

ერთერთი ბოლო პროექტი, რომელზეც დღეს გესაუბრებით და რომელიც World Vision-მა შექმნა, არის საბავშვო ანიმაციური სერიალი ბიბი და ლოლო, რომელიც განკუთვნილია 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასაკობრივი ჯგუფი პირობითად არის გათვლილი და, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ანიმაციის ყურება 9-10 ან მეტი ასაკის მოზარდისთვის არ შეიძლება. ეს არის ერთი დიდი ციკლის შემადგენელი მოკლე, ეპიზოდური სერიები, რომლებიც სპეციალურად შერჩეულ თემებს მოიცავს. ეს თემები ბავშვის განვითარებასა და მისთვის გარკვეულ საკითხებზე ცოდნის მიცემას ემსახურება, ასევე პრობლემების გადაჭრასა და დაფიქრებას იმ ყოველდღიურ რუტინაზე, რომლის გავლაც მცირეწლოვანს უწევს სამყაროს ათვისების პროცესში. ვიდეოსერიებზე World Vision-ის გუნდთან ერთად Blackbird studio- იმუშავა. მისი პირველი სეზონი უკვე მზადაა და მას ფართო საზოგადოება მალე იხილავს ორგანიზაციის Youtube არხზე. მანამდე კი, ერთი ეპიზოდის ჩვენება ექსკლუზიურად ჩვენც შეგვიძლია.

გადავწყვიტეთ, თავად შემქმნელებისგან გაგვეგო, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ბავშვთა განვითარებისთვის და როგორ შეიკრა მთლიანად პროექტი. ჩვენს კითხვებს პასუხობენ: ნეიროფსიქოლოგი, პროექტის მენეჯერი და ავტორი მარიამ ხვადაგიანი, World Vision-ის კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი თეონა ნავდარაშვილი და სცენარის ავტორი, ანიმატორი ფაბიან გუამანი ალდაზი.

თეონა ნავდარაშვილი:

M: როგორ გადაწყდა ანიმაციური სერიალის გაკეთება?

COVID 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ონლაინ სწავლება მიმდინარეობდა, ბავშვები და მოზარდები კიდევ უფრო მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტში და იღებდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.  ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გაირკვა, რომ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები უმეტეს დროს უყურებდნენ ანიმაციებს, მულტიპლიკაციურ ფილმებს და საბავშვო გადაცემებს.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, World Vision საქართველომ გადაწყვიტა, შეექმნა გასართობსაგანმანათლებლო ანიმაციური სერიალიბიბი და ლოლო, რომელიც ეფუძნება სოციალურ ისტორიებს და  მოიცავს სხვადასხვა თემაზე აგებულ მოკლე სიუჟეტებს. ვინაიდან ბავშვის განვითარება, შემეცნებითი, ემოციური და დამოუკიდებელი უნარების ხელშეწყობა მშობლის ერთერთი მთავარი საზრუნავია, სწორედ ამ უნარჩვევების განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული  სოციალურ ისტორიაზე დაფუძნებული ანიმაციური სერიალი.

M: ვინ არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს ანიმაციაზე, რა გამოცდილება აქვს ამ სფეროში?

ანიმაციაზე მუშაობდა World Vision საქართველოს გუნდი და Blackbird studio- გუნდი. აღსანიშნავია, რომ ანიმაციის კონცეფცია შეიქმნა World Vision საქართველოს გუნდის მიერ, სადაც აქტიურად იყო ჩართული  ბავშვის ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების ექსპერტი. მუშაობის პროცესში ჩატარდა გამოკითხვა მშობლებში, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული. საწყის ეტაპზე მიმდინარეობდა მუდმივი შეხვედრები მშობლებთან, ბაღების/სკოლების პედაგოგებთან და აღმზრდელებთან, რომელთა მხრიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზეც მოხდა ანიმაციის ეპიზოდების შინაარსის დამუშავება.   

ანიმაციის ავტორები არიან: გამოცდილი რეჟისორი, სცენარის ავტორი და ანიმატორი ფაბიან გუამანი ალდაზი და ნეიროფსიქოლოგი, სოციალური ისტორიების ავტორი, მარიამ ხვადაგიანი

მარიამ ხვადაგიანი ნეიროფსიქოლოგია, ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობის 17-წლიანი გამოცდილებით. 6-7 წელია თანამშრომლობს World Vision საქართველოსთან და ამჟამად ანიმაციების პროექტს ხელმძღვანელობს. რამდენიმე წელი მუშაობდა ჩვენს პროექტებში ჩართულ მშობლებთან და მათი გაძლიერების მიზნით ატარებდა ტრენინგებს პოზიტიური მშობლობის მიმართულებით. მარიამი არის ჩვენ მიერ გამოცემული წიგნის “განათლება უკეთესი მშობლობისთვის” ერთ-ერთი ავტორი და ასევე რამდენიმე სოციალური ამბის ავტორი, მათ შორის ნიკო და ვირუსის, რომელიც ასევე პანდემიის დროს შეიქმნა World Vision საქართველოს მიერ და გავრცელდა  თბილისისა და რეგიონების  ბაღებსა და სკოლებში. 

ფაბიანი არის ეკვადორელი რეჟისორი და სცენარისტი. მას აქვს შექმნილი ანიმაციური სერიალები ეკვადორისთვის. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა De él Frontera მოიპოვა CNCINE კინემატოგრაფიული პრომოუშენის დაფინანსება. 2016 წელს, ის მონაწილეობდა ANDIMATION Animated Projects Incubator-ში, რომელიც ორგანიზებული იყო დანიის ანიმაციის სკოლის მიერ და მისი ნამუშევარი Ugamú, რომლის რეჟისორიც იყო, საუკეთესო სატელევიზიო სერიალად დასახელდა. იმავე პროექტით 2018 წელს მან გაიმარჯვა Andean ანიმაციური პროექტების კონკურსში. ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის ჩვენს ანიმაციურ სერიალზეც.

პროფესიონალი და  გამოცდილი გუნდი დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა ამ ახალ ინოვაციურ პროექტს, რომ შექმნილიყო ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა საინტერესო და ადვილად აღსაქმელი ბავშვებისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიბი და ლოლოს ახმოვანებენ მათივე ასაკის ბავშვებიბიბის ახმოვანებს 7 წლის ნოი გამსახურდია, ხოლო ლოლოს ასევე 7 წლის ლილე ხვისტანი. ბავშვებისთვის ეს იყო პერსონაჟის გახმოვანების პირველი გამოცდილება, რის მიუხედავადაც მათ შესანიშნავად გაართვეს საქმეს თავი.

მარიამ ხვადაგიანი:

M: რა არის ანიმაციების მთავარი სათქმელი და ძირითადი ხაზი, რომელსაც მიჰყვება?

როდესაც ბავშვი ანიმაციებს უყურებს, ის იმეორებს ქცევას. თანამედროვე ანიმაციები ძირითადად ორიენტირებულია ბავშვის ყურადღების მიპყრობაზე. კადრების სწრაფი ცვლა და ფერთა სიმკვეთრე სწორედ ამაზე მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვს, მისთვის საყვარელი და ნაცნობი ფორმით, ის რეალობა ვაჩვენოთ, რომელიც მას მოეწონება და დაეხმარება ისე, რომ ეკრანს არ მიეჯაჭვოს. სწორედ ამიტომაა თითოეული ეპიზოდი სულ 4-5 წუთიანი. თუმცა  მიუხედავად მოკლე სიუჟეტისა, იგი ეფუძნება სოციალური თხრობის პრინციპებს –  აქვს კონკრეტული მიზანი, ანიმაციის მსვლელობისას ხდება კონკრეტული საკითხის განხილვა,  გამოსვალის ძიება და ბოლოს მოგვარება.

ანიმაციების მთავარი იდეა ისაა, რომ დაეხმაროს ბავშვებს ახალი უნარების გამომუშავებაში, გარკვეული თემების ერთმანეთთან დაკავშირებაში, ანიმაციის გმირებში საკუთარი თავის აღმოჩენაში. ვცდილობთ, დავსახოთ რაღაც საკითხი და მასთან მიმართებით ვაპოვნინოთ გადაჭრის გზები.

თემატიკა ძირითადად შემდეგია: ჰიგიენის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი/კვება, კონფლიქტის მოგვარება, შიშის დაძლევა, ხელოვნებისა და მუსიკის გამოყენებით გრძნობების/ემოციების გამოხატვა, გარე აქტივობები, როგორც სამყაროს აღქმის უნიკალური გამოცდილება, სტრესის მართვა.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ანიმაციას მშობლებმაც უყურონ?

ზოგადად, როდესაც ადრეული ასაკის ბავშვი დროს ატარებს ეკრანთან, სასურველია, რომ მშობელი ყოველთვის იყოს მის გვერდით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მართოს ეკრანთან გატარებული დრო; მეორე: დაეხმაროს ბავშვს მის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული კონტენტის შერჩევაში. ვინაიდან ჩვენი ანიმაციები ბავშვისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურ თემებზეა, მნიშვნელოვანია მშობელი მასთან ერთად უყურებდეს ანიმაციას, რათა შემდეგ აწარმოოს დიალოგი ანიმაციაში წარმოდგენილ საკითხებზე. დიალოგის ინიციატორი შესაძლებელია იყოს ბავშვი ან მშობელი. დიალოგის ინიცირება შესაძლებელია დაიწყოს კითხვების დასმით: რა გააკეთა ბაჭიამ? შენ როგორ აგვარებ ხოლმე კონფლიქტს? ან თავად მშობელმა თქვას, მეც მეშინოდა ბავშვობაში სიბნელის, შენ ? და ა.. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ანიმაციაში წარმოდგენილი საკითხების ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ სურს ბოსტნეულის ჭამა, შევახსენოთ: “გახსოვს რა თქვეს ბაჭიებმა, რისთვის არის სტაფილო კარგი?“  სწორედ ამიტომ, ყველა ეპიზოდის ბოლოს მოცემულია რჩევები მშობლებისთვის. ბავშვებს აქვთ გარკვეული შიშები, პრობლემები, რომელთა გადალახვაც მარტოებს უჭირთ, ზოგი არც ამბობს ამას ხმამაღლა, რადგან ერიდება. ანიმაცია ბავშვსაც და მშობელსაც საშუალებას აძლევს, ისაუბრონ გარკვეულ საკითხებზე და მშობელი დაეხმაროს მას ნებისმიერ ამ საკითხში. 

M: ანიმაცია ჟესტურ ენაზეც ითარგმნება. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას სხვებმაც მიაქციონ ყურადღება და უფრო მეტი ქართული ანიმაცია იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის?

ქართულ ჟესტურ ენაზე ბავშვებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი არსებობს, თუ არ ჩავთვლით კონკრეტულ პლატფორმაზე განთავსებულ ორ უცხოენოვან ანიმაციას. ყრუ ბავშვებისთვის, რომლებიც ჟესტურ ენას იყენებენ, უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საბავშვო გადაცემა და ანიმაცია ითაგმნებოდეს ჟესტურ ენაზე და ისინი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე სატელევიზიო მაუწყებლობის დროს. თუმცა, სამწუხაროდ, ჟესტურ ენაზე მხოლოდ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი შინაარსი ითარგმნება, რაც ყრუ ბავშვების  განვითარებისთვის ძალიან არასახარბიელოა. ვინაიდან ჩვენ მიერ გადაღებული ანიმაციები წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურსს, აუცილებელია, ის იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ჟესტურ ენაზე ანიმაციის თარგმნაში ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ყრუთა კავშირი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

ყველა პლატფორმას მოვუწოდებ, რომ ყურადღება მიაქციონ ჟესტურ ენაზე თარგმნას, რადგან ამის გარეშე ჩვენ, ფაქტობრივად, განვითარების გზას ვუჭრით სმენადაქვეითებულ ბავშვებს.

ფაბიან გუამანი ალდაზი:

M: ერთი კითხვა შიდა პროცესზეც დავსვათ: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ანიმაციური სერიალის შექმნა და რა არის საჭირო კარგი პროდუქტის მისაღებად?

თავიდან როდესაც World Vision-ის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა, ძალიან გაგვიხარდა, რადგან ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა და მინდოდა, საქართველოშიც შემექმნა ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციები. ამიტომ სიხარულით დავთანხმდი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ეპიზოდების შენიაარსზე, გმირების შერჩევაზე, მუსიკისა და სიმღერების შექმნაზე. ეს დიდი კომპლექსური, სასიამოვნო და არც ისე მარტივი პროცესი იყო, რომელშიც ჩართულები იყვნენ ბავშვებიც და მშობლებიც. ანიმაციის შექმნის დაწყებიდან ჩაშვებამდე ვითვალისწინებდით მათ აზრს, იქმნებოდა სხვადასხვა ვარიანტი და შემდგომ მათი უკუკავშირის საფუძველზე შედიოდა ცვლილებები.

World Vision-ისგან წინასწარ განსაზღვული გვქონდა 6 თემა, რაზე დაყრდნობითაც შევქმენით 6 სცენარი. სცენარის წერისას ვითვალისწინებდით რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: აუცილებელი იყო, რომ შინაარსი მცირეწლოვანი აუდიტორიისთვის სრულიად გასაგები ყოფილიყო, რომ დიალოგები ბავშვებისთვის ახლობელ ენაზე აგვეწყო, სათქმელი მაქსიმალურად მოკლედ გადმოგვეცა და წინასწარ განსაზღვრულ ქრონომეტრაჟში – 4 წუთში ჩაგვეტია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სცენარში თითოეული სიტყვა თუ მოქმედება სიღრმისეული ანალიზის შემდეგ ხვდებოდა, რადგან ჩვენი პატარა აუდიტორია განსაკუთრებით ფაქიზი და საფრთხილოა.

ზოგადად, ანიმაციის შექმნა ხანგრძლივი და უაღრესად შრომატევადი პროცესია. თავდაპირველად ვწერდით სცენარს, რომელსაც რამდენიმე კვირის მანძილზე ვცვლიდით და ვხვეწდით. სცენარის დასრულების შემდეგ, ვქმნიდით ანიმატიკს. ამ პროცესის პარალელურად ჩვენი კომპოზიტორი, გიორგი გამსახურდია წერდა მუსიკას, რასაც განსაუთრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, რადგან სიმღერები და მელოდიები მოკლე და ბავშვებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენს პატარა მაყურებელს ბიბისთან და ლოლოსთან ერთად სიმღერის სურვილი გაუჩნდეს. აგრეთვე მიმდინარეობდა ბავშვებთან რეპეტიციები, რადგან ბიბისა და ლოლოს ბავშვები ახმოვანებენ. აუცილებელი იყო ხმის ჩაწერამდე მათი მომზადება, რაშიც უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვით მათ მშობლებს, რომლებიც ბავშვებს რეპეტიციებსა და ხმის ჩაწერაში ეხმარებოდნენ. მას შემდეგ, რაც ხმას ჩავიწერდით, ვიწყებდით სრულიად ციფრულ ანიმაციას, რომელიც 3 კვირის განმავლობაში იქმნებოდა. უშუალოდ ანიმაციის დასრულების შემდეგ ხმის რეჟისორი ერთვებოდა პროცესში და ამგვარად სრულდებოდა ეს პროცესი.

პატარა მაყურებელსა და მათ მშობლებს ბიბი და ლოლოს გაცნობა სპეციალურად ამ სერიალისთვის შექმნილ youtube არხზე შეუძლიათ. საწყის ეტაპზე თვეში ორჯერ დაიდება ახალი ეპიზოდები. შემქმნელები გვეუბნებიან, რომ კიდევ უამრავი თემის იდეა არსებობს, რომელიც მსგავს ფორმატში შეიძლება მიაწოდონ ბავშვებს, ამიტომ დიდი იმედი აქვთ, რომ ახალი წლის შემდეგ მეორე სეზონის შექმნის საშუალებაც მიეცემათ პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მხარდაჭერით.

 

[R]

წარმატებული ხელმძღვანელები კარგი ქოუჩები არიან

ჰუმანოიდმა რობოტმა ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ისაუბრა