პირველი ოფიციალური სამსახური დიდი ხნის წინ, 1995 წელს დავიწყე „აიეტი მაქსში“, საკაბელო ტელევიზია „აიეტთან“ არსებულ სარეკლამო კომპანიაში, ვმუშაობდი გრაფიკ დიზაინერად. მაგ პერიოდში, ძალიან ცოტა იყო, ვისაც კომპიუტერი ჰქონდა. ვსწავლობდი პრაქტიკით და უკვე მქონდა კომპეტენცია. გარდა გრაფიკული დიზაინისა, რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვაკეთებდი, ამაში შედიოდა ვიდეოგადაღებაც, სხვადასხვა რაღაცის აწყობაც და ა.შ. ძალიან კარგი ჯგუფი ვიყავით და იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, რომ საბოლოოდ, მაგ ხაზს გავყევი.
პირველი სამუშაო დღე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, სამსახურში პენტიუმ ერთი რომ ჩამოგვივიდა, ვიდეოს ყურებისას, სრული შოკი განიცადა ხალხმა იმიტომ, რომ პენტიუმი, ზოგადად, პირველად ნახეს და ეს ეგონათ ისეთი რაღაც, სადაც ხალხი შიგნით იჯდა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ როცა ვაწყობდით იმ სტუდიას, კომპიუტერის გაჩენა საქართველოს რეალობაში იყო ჩემთვის პირველი ემოცია და დიდი შთაბეჭდილება, რაც დამამახსოვრდა.
რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს ან მოვლენას, რამაც ჩემზე გავლენა მოახდინა, ასეთი არაფერი ყოფილა იმიტომ, რომ ჩემთვის ყველა ადამიანის აზრი, მეტ-ნაკლებად საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი, ყველა თავისი პერსპექტივით იყურება და იმის შესაბამისი კუთხიდან ასე ჩანს, რაც უკვე საინტერესოა. ამის გათვალისწინებით, ეს მოქმედებს რეაქციაზე, იმ დინებაზე, საითაც მივდივარ და რაღაც ფორმით, ყოველთვის ცვლის ჩემს ცხოვრებას. ბიბი ასათიანი Windfor’s-ის კრეატივ დირექტორი.