წიგნის მაღაზიების ქსელი „ბიბლუსი“ მკითხველს ბათუმის სანაპიროზე “ღია ბიბლიოთეკას” სთავაზობს. კომპანიის პიარ მენეჯერის მარიამ წამალაშვილის თქმით, პროექტი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მარიამ წამალაშვილი: ღია ბიბლიოთეკა 20 ივლისს, ბათუმში, სანაპიროზე, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. საღამო კოცონის გარშემო, ახალგაზრდა პოეტის ირაკლი ფაღავას ლექსების ფონზე გაიმართა.
M: რა ჟანრის წიგნებია ბიბლიოთეკაში? უცხოენოვანი გამოცემები თუ არის?
ბიბლიოთეკაში 1000-ზე მეტი დასახელების, შერეული ჟანრის, ქართულ და რუსულ ენაზე, სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილი წიგნია.
M: როგორ და ვის შეუძლია წიგნის გატანა „ბიბლუსის ღია ბიბლიოთეკიდან”?
წიგნის გატანა შეუძლია ნებისმიერ დამსვენებელს, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელსაც ტოვებს, დროებით, სანამ წიგნის დაბრუნებას არ გადაწყვეტს.
M: სანაპიროზე წიგნის კითხვის მსურველები არიან?
„ბიბლუსის ღია ბიბლიოთეკა” ტრადიციულად მესამე წელია ფუნქციონირებს ბათუმის სანაპიროზე. ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს ამ სოციალური შეთავაზებით.
M: რატომ გადაწყვიტეთ სანაპიროზე ბიბლიოთეკის გაკეთება?
ეს არის არაკომერციული, სოციალური პროექტი, რომელიც ისევ და ისევ ემსახურება წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას. ზაფხულის სეზონზე უამრავი ადამიანი არჩევს ლიტერატურას, ქალაქგარეთ წასაღებად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულის ყველაზე აქტიურ კურორტზე თავად შეგვეთავაზებინა ამ ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის ლიტერატურა.