მოდით, ჯერ 14 წლით უკან დავბრუნდეთ, როცა ბიჭოლა საქართველოში იყო. როგორც გვიყვება, იმ დროისთვის აქ ყველაფერი ჰქონდა… ყველამ იცოდა ბიჭოლას ბალიშების შესახებ და ამან განსაკუთრებული პოპულარობაც მოუტანა, თუმცა ყოველთვის სურდა, რაღაც უფრო დიდი გაეკეთებინა, შეეცვალა. ამიტომ, როგორც კი ეს შანსი დაინახა, ანუკი არეშიძის შეთავაზებას დათანხმდა და უკრაინაში წავიდა. მართალია, მათი თანამშრომლობა ორ წელში დასრულდა, მაგრამ ბიჭოლამ იქ დარჩენა გადაწყვიტა და სწორედ აქედან იწყება მისი უკრაინული კარიერა კი არა, როგორც ამბობს, უკრაინასთან, როგორც სამშობლოსთან მორგების პროცესი:
„ორ წელში მივხვდი, უკრაინა ისე შემიყვარდა და უკრაინელებს ისე შევუყვარდი, რომ იგი ჩემი მეორე სამშობლო გახდა. ქვეყნისგან, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნას ნოსტალგიები კი ახლავს, მაგრამ უკრაინამ იმხელა კომპენსაცია მომცა, რომ პირველად ვიგრძენი ქვეყნის გარეთ სამშობლოში ყოფნა. კიევი ყოველთვის არის და იქნება ჩემი, სამწუხაროდ, ახლა ეს სევდანარევია, მაგრამ მაინც სხვა რწმენით ვარ, მინდა, რომ მალე დადგეს ფეხზე, მალე გაიმარჯვოს, მალე დამთავრდეს ეს საშინელება და დაბრუნდეს ის ლაღი ცხოვრება, რომელიც მანამდე გვქონდა“, — გვეუბნება ბიჭოლა თეთრაძე, რომელიც უკრაინაში 14 წლის წინ წავიდა.
იმ სტრესზე გვესაუბრება, რაც ამ ომმა მოიტანა მის ცხოვრებაში, თუმცა აქვე გამოჩნდა დროც, რომელიც ქართველებისა თუ უცხოელებისთვის ახალი პროდუქტისა და მომსახურების შესათავაზებლად გამოიყენა. ექსკლუზიურად გვიყვება პროექტზე, რომელიც მომავლის რწმენის დაბრუნებაში დაეხმარა, კომოს ტბასთან აბრეშუმის დამზადებასა და Made In Italy პროდუქტს რომ უკავშირდება… და სწორედ ამას ეფუძნება ქართული პრემიუმ ბრენდის Seroba Wine-ისა და Five Mirrors-ის ბარბერშოფის შექმნაც. წინასწარ გეტყვით, ბიჭოლას თქვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი, თუმცა მოდით, ჯერ ამ კითხვით დავიწყოთ:
M: რა უნდა ვიცოდეთ ბიჭოლას შესახებ?
ვარ ბიჭოლა თეთრაძე, 35 წლის, დავიბადე ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში, 5 წლიდან დავიწყე პირველი დიზაინების შექმნა… თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ხშირად მსმენია და ძალიან არ მომწონს, როცა ამბობენ ძალიან გაუმართლაო. გამართლება აქ არაფერ შუაშია, ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა ჯერ ჩემ თავს ვანახო, რა შემიძლია. ამის შემდეგ კი კვლავ რაღაც ახალზე ვიწყებ ფიქრს, მოკლედ, შეუპოვრობა არის ჩემი ხასიათი — ეს მინდა იცოდეს ხალხმა ჩემზე, რადგან ცოტა ზედაპირულად ხდება რაღაცების შეფასება, მითუმეტეს საქართველოში. Რაღაცებს აწერენ ხოლმე, მაგალითად ბედს, მაგრამ რეალურად, ყველას ერთნაირად გვაქვს ბედი და ის ჩვენ ხელშია. შეხედულება, რომ რაღაცა ვიღაცასთან იოლად მოდის, ეს არის პირველი, რაც მინდა ყველამ იცოდეს, რომ კი არ გამიმართლა, არამედ ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ.
M: რა შეცვალა ომმა თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან ტრავმირებული ვარ, ახლა სხვანაირად და სხვა ასაკში გავიაზრე, რა არის ომი. ადრე ჩვენს ტრადიციულ სუფრას სადღეგრძელოთი რომ იწყებდნენ: „მშვიდობას გაუმარჯოს!“, ვერ ვიაზრებდი, რადგან რაღაც ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებდი სამყაროს, ცხოვრებას და ამ უკრაინაში ომის დაწყებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.
ომი რომ დაიწყო, მოსკოვში გადაღებებზე ვიყავი ჩასული, დილით რომ გამაღვიძეს და ეს ამბავი მითხრეს, ინსტაგრამზე სთორი დავდე არა ომს, უკრაინა უნდა იყოს თავისუფალი — მოგვიწია ამ და სხვა მყარი აზრების გამო ქვეყნის რაც შეიძლება მალე დატოვება. ყველაფერზე უარი ვთქვი, რადგან აქ უკვე წითელი ხაზი გადიოდა, როგორი ვარდისფერი სათვალეებითაც არ უნდა შეგეხედა სამყაროსთვის, 2022 წლის 24 თებერვალს დამემსხვა ყველაფერი…
როცა უნდა იფიქრო, როგორ გამოიყვანო მეგობრები ბომბებიდან, როცა გიწევს, სხვას სთხოვო ბარგის ჩალაგება და დაემშვიდობო შენს სახლს, რომ მორბიხარ საიდანღაც შიშით, აი, ამან კარდინალურად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და გამიჩნდა პროტესტიც, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს, არა აგრესიას, არა ომს! შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, უკრაინელ ხალხს მაქსიმალურად გვერდში დავუდგე.
M: როგორც ვიცით, სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში ახალი პროექტის დაწყება დაგეხმარათ…
ომის დაწყებიდან 85 დღე სრულიად გათიშული ვიყავი და შემდგომ ერთი პროექტი წამოვიწყე, მართალია, ბრენდის სახელს ჯერ ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ექსკლუზიურად გეტყვით — მინდოდა გამეკეთებინა ბრენდი, რომელსაც ჩავიცვამდი მე, იქნებოდა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, წარმოება კი მექნებოდა იტალიაში. Made In Italy სულ იყო ჩემი ოცნება და საკმაოდ კარგი სპონსორიც ვიპოვე ომის პერიოდში. ეს ბრენდი არის 100% აბრეშუმი, იმ ქარხანაში მზადდება, რომელშიც ყველა დიდი ბრენდი უკვეთავს აბრეშუმს, იტალიის კომოს ტბაზე ჰექტრებზე აქვთ მასშტაბური წარმოებები… ეს იყო პირველი დიდი პროექტი, რომელმაც დეპრესიიდან გამომიყვანა და დავიწყე ახლის კეთება. ამ ბრენდმა მომცა თავდაჯერება, მომავლის რწმენა და აი, სწორედ ამ პროცესის მიმდინარეობისას 1 წლის წინ თბილისში ჩამოვედი და ჩემი ღვინის ბრენდი დავარეგისტრირე.
Seroba Wine
M: ახლა უკვე Seroba Wine-ზე რომ გვესაუბროთ, როდის და როგორ გაჩნდა ღვინის ბრენდის შექმნის იდეა?
სულ მინდოდა, გამეკეთებინა პროდუქტი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა საქართველოსა და მის ისტორიასთან. ამასთან, მეც ძალიან ცნობილი ვარ ღვინის სიყვარულით, ყველგან ვლაპარაკობ ქართულ ღვინოსა და მის ისტორიაზე. ყველაფერს ვაკეთებ, რათა ქვეყნის სახელი გარეთ გავიტანო და არა იმიტომ, რომ მე ღვინის ბრენდით ფული ვიშოვო.
მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს კონცეპტი და იდეა.
სულ მესმოდა, საქართველოდან მასიურად გადის ღვინო, ეს უნდა იყოს ბიუჯეტური, რათა სხვა ბრენდებს გაუწიოს კონკურენციაო… მე კი მაქვს პრემიუმ ღვინო და არა, დაბალფასიანი. მართალია, ქართული ქვევრის ღვინოებით ცნობილები ვართ, მაგრამ სერობა ფრანგული ტექნოლოგიითა დამზადებული, რადგან ცოტა სხვანაირი მინდოდა, მინდოდა გემოვნური თვისებებით ფრანგული და ევროპული ღვინოების მსგავსი ყოფილიყო, მაგრამ, ამასთანავე, ქართული. ამიტომ, ფრანგი სომელიე მყავდა აყვანილი.
ჩემი ღვინო უკვე იყიდება პარიზში, ბერლინში, ჩეხეთში, ახლა უკვე გაგვაქვს მადრიდში. ქართულ რესტორნებსა და სასტუმროებში ბოლო ერთი წელი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა ძალიან მალე დავემატებით ერთ-ერთ ცნობილ ალკოჰოლის მაღაზიაში საქართველოში.
M: რატომ აირჩიეთ ეს სახელი?
როგორც კი სერობის იდეა მომაფიქრდა, ავდექი და დომეინი ვიყიდე. ხოლო უკვე, როცა ღვინის იდეა წამოვიდა, ვთქვი, რომ ეს სერობა უნდა ყოფილიყო — მაშინვე წარმომიდგა თვალწინ ფრესკა Last Supper, ტრაპეზი, ღვინო, გარემოცვა და დავიწყე ეტიკეტზე მუშაობა. მუკუზანი 2019-ისა და წინანდალი 2018-ის ღვინის ეტიკეტი აკვარელით ხელით შესრულებულია. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაპრინტულია, თუმცა ისეთ ქაღალდზე, რომელიც აკვარელს იღებს, ზედმეტი გრავირებებისა თუ ოქროსფერი დეტალების გარეშე, მაქსიმალურად უბრალოა. მაგრამ მასში არსებული სითხეა ძვირფასი, შესაბამისად, ფასიც საკმაოდ მაღალია.
ის კი არ მინდა, რომ ეს ღვინო ვინმემ შეფუთვის ან ბიჭოლას გამო იყიდოს, არამედ მინდა, რომ ეს თავად ღვინის გამო მოხდეს, რომელმაც საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition მოიგო. უდიდესი კონკურსია 94.5 ქულით მივიღე ვერცხლი და ნახევარი ქულა დამაკლდა ოქროზე, რაც 6 თვის შექმნილი ბრენდისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.
M: ვისთვის შეიქმნა Seroba Wine?
მარტივად რომ ვთქვათ, ღვინო სერობას მომხმარებელი არის, ის ვინც აფასებს ხარისხს. მე მგონია, რომ შევქმენი პროდუქტი, რომელიც ქართულ ტრადიციებს და გემოებს საერთაშორისო სტანდარტებთან აერთიანებს.
Five Mirrors Barbershop
M: საქართველოში ახალი ბარბერშოფიც გახსენით, ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ — როგორია Five Mirrors-ის კონცეფცია?
ბოლო დროს საქართველოში ხშირად მომიწია ჩამოსვლა, შესაბამისად, მე თვითონ დამჭირდა ეს მომსახურება, თუმცა ვერსად მივიღე მაღალხარისხიანი სერვისი. მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ბარბერშოფია, თუმცა არცერთი საუკეთესო. ჩემი კონცეპტი არ არის უცებ ვიღაცას მოემსახურო და მომხმარებელი გაუშვა, ჩვენ ვაყალიბებთ ურთიერთობებს მომხმარებლებთან. უფასოდ ვთავაზობთ სერობას ღვინოს, კონიაკს და ა. შ. მთავარია ადამიანი, რომ მოდის და ელოდება, სასიამოვნოდ გაატაროს ის 10 წუთი, დაჯდეს მოსაცდელ ოთახში, სადაც Playstation-იც დახვდება. გვყავს საუკეთესო მასტერები, გვაქვს იტალიური ინსტრუმენტები, მაღალი ხარისხის პროდუქტები… რადგან დეტალებში არის ხარისხი და არა, უბრალოდ რემონტში.
დიზაინის შემოქმედებითი ხელმძღვანელი თავად ვიყავი, მინდოდა ინტერიერზე არტისტებს ემუშავათ და ამისთვის კერამიკის დიზაინერ ნატა ერისთავს მივმართე. გარე ფასადი სულ ხელით ნამუშევარია. თითოეულ ხელს რომ სარკე უკავია, მშრალ ხიდზე სხვადასხვა გამყიდველთან აგროვებული ჩარჩოებია, მხოლოდ ამაზე მე და ნატა 2 თვე ვმუშაობდით… შიდა ინტერიერს კონცეპტურად ძალიან მოუხდა ოცხელების მამაკაცების სხვადასხვა დროის ნახატები, რა თქმა უნდა, რეპროდუქციით. ეს არის არტ ობიექტი, ადამიანები მოდიან და ფოტოებს იღებენ, რაც ძალიან მახარებს.
M: დაბოლოს, რას ურჩევდით მარკეტერის მკითხველს?
პირველი — ვარდისფერი მარკეტინგისგან თავი შორს დაიჭირონ, რაღაცას თბილისში რომ ამოვიჩემებთ და ყველა ამას აკეთებს… მეტად შემოქმედებითები უნდა იყვნენ და ახალი გზები იპოვონ.
მეორე — ყველაზე დიდ შთაგონებას რაც მაძლევს, რამდენადაც ნარცისულად არ უნდა ჟღერდეს, ჩემი პატარა გამარჯვებებია, რომ მე ეს შევძელი. სტუდენტი რომ ვიყავი, 1 ლარიც რომ არ მქონდა და რომ ვოცნებობდი, იმ დროს რამდენს ვშრომობდი იცით? არაფერი მეთაკილებოდა… ყველას ვურჩევდი, იმას კი არ მიაქციონ ყურადღება დირექტორები არიან თუ არა, არამედ რამდენად მაგრები არიან თავიანთ საქმეში. თუმცა მიმღებლობა უნდა გვქონდეს, რომ იცით რა,
მე დამლაგებელი ვიქნები, შეფი თუ სხვა, მთავარია, ვიყო პროფესიონალი და ჩემი გაკეთებული საქმით ვიღაც გავაღიმო.
მესამე – რწმენა და სიყვარული. საკუთარი თავის რწმენისა და სიყვარულის გარეშე არაფერი ხდება. მაგალითად, ჩემი კონცეპტი არის ის, რომ უნდა იყო ნამდვილი, კეთილი და ამას ვურჩევ ყველას, რომ იყავით საკუთარ თავთან მართლები, გიყვარდეთ იგი, შეიყვარეთ გარშემომყოფები და გარემო. არ დაზოგოთ თავი, იშრომეთ, რადგან კვლავ ვიტყვი, არავის არ გაუმართლა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, უბრალოდ მას სწორი მიმართულება უნდა მივცეთ.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი