in

Bickerstaff.734 – შემოქმედებითი სააგენტო უკრაინიდან, რომელმაც Ad Black Sea 2022-ის წლის სააგენტოს ტიტული მოიპოვა

სულ ცოტა ხნის წინ, შავი ზღვის პირას სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2022 დაბრუნდა და შვიდი ქვეყნის 451 ნამუშევრიდან გამარჯვებულებიც დაასახელა, 11 კატეგორიაში. ტრადიციულად, ჩვენ უკვე გაგაცანით ქართული შემოქმედებითი სააგენტოების შედეგები ფესტივალზე. ახლა კი, გიამბობთ სააგენტოს შესახებ, რომელმაც Ad Black Sea 2022-ის საუკეთესო სააგენტოსა და საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტოს ტიტული მოიპოვა. ეს Bickerstaff.734-ია, უკრაინიდან. ომის ფონზე, რომელიც უკვე შვიდი თვეა მათ სამშობლოში მიმდინარეობს, სააგენტომ, ამ ჯილდოს გარდა, ფესტივალზე დამატებით, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მოპოვებაც მოახერხა, ხოლო სხვა 4 კატეგორიაში შორთლისთს დასჯერდა.

სააგენტო Bickerstaff.734 დაარსდა 2020 წელს, კიევში. მისი გუნდი გლობალურ პროექტებზეა ორიენტირებული და უკვე შეძლო უამრავი ჯილდოს მოპოვება, მათ შორის, უკრაინის ისტორიაში პირველად, London International Awards-ზე გაიმარჯვა. გასული შვიდი თვის განმავლობაში, Bickerstaff.734-ის გუნდმა საკმაოდ ბევრი სოციალური კამპანია განახორციელა უკრაინაში. შედეგად, კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ KIAF-ზე უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მოიგო კანის ლომი და D&AD-ის შორთლისთშიც მოხვდა.

უკრაინული პლატფორმა VRK-ის ცნობით, Bickerstaff.734 მესამე ადგილს იკავებს უკრაინულ შემოქმედებით სააგენტოებს შორის, კანის ლომებზე აღებული შედეგებით კი, მან პირველი ადგილი მოიპოვა.

Bickerstaff.734-ის ნამუშევრებს შორისაა „ხორტიცა – საიდუმლო კუნძული“ (Khortytsia – The Island of a Mystery), რომელმაც სააგენტოს 1 ვერცხლი და 2 შორთლისთი მოუტანა. კუნძულის საიდუმლოება დიზაინის საკვანძო მომენტად იქცა. სიმბოლო X გამოსახავს საიდუმლოს, რომელსაც ადამიანები ინდივიდუალური გზით ხსნიან და მათთვის განსაკუთრებულ ისტორიებს პოულობენ ხორტიცას შესახებ.

კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელმაც Ad Black Sea 2022-ის ჟიურის მოწონება დაიმსახურა ეკო-პროექტი Laska Upcycle Merch-ია. უკრაინელმა კრეატორებმა ძველი ტანსაცმელი პლანეტის გადასარჩენ მძლავრ ინსტრუმენტად აქციეს და შეცვალეს მიდგომა, რომლითაც მანამდე კომპანიები ბრენდულ მერჩ-ტანსაცმელს ქმნიდნენ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ არამხოლოდ უკრაინა შეიცვალა, არამედ თავად უკრაინელებიც. მთელი ერი ერთ მუშტად შეიკრა და ფუტკრების იმ გაბრაზებულ სკად იქცა, რომელიც ბოროტ დათვს საკუთარი თავის გადასარჩენად უპირისპირდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია უკრაინული რძის პროდუქტების ბრენდი Galychyna. მისი სახელწოდება უკრაინის ისტორიულ რეგიონს უკავშირდება. ბრენდმა გადაწყვიტა უკრაინელი ერის გაერთიანების სიმბოლოდ ქცეულიყო და საქმეში Bickerstaff.734 ჩაერთო. შედეგად, ბრენდს უკრაინის 14 განსხვავებული სახელწოდება მიენიჭა. პროექტმა 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა Ad Black Sea 2022-ზე და 2 შორთლისთში მოხვდა.

სააგენტოს სხვა გამორჩეული პროექტებია „აღდგომის გიფების შეტევა“ (Easter Gif Attack) და „(რუსული) სამყაროს გარშემო“ (All Around the (Russian) World), რომელმაც Laska Upcycle Merch-ის მსგავსად გაიმარჯვა კრეატიული ეფექტიანობის კატეგორიაში. ეს კამპანიები მიმართული იყო იმ რუსების მიმართ, რომლებსაც არ ესმით (და არ სურთ გაიგონ), რომ სპეცოპერაცია კი არა, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. სააღდგომო „გიფი“ – პარტიზანული აქტივობაა. სააგენტო ომის შესახებ ინფორმაციას იმ „გიფებში“ აინტეგრირებდა, რომლებსაც რუსები სხვა რუსებს უგზავნიდნენ აღდგომის მისალოცად. ხოლო იმ რუსებისთვის, ვისაც მოგზაურობა სურდათ, სააგენტომ შექმნა ვებგვერდი, სადაც დაბომბილ ხარკოვსა და ირპინში მოგზაურობას სთავაზობდნენ.

Salvatore Ferragamo ახალ ლოგოს აქვეყნებს

რას გიმზადებთ თბილისის რიგით მე-14 თეატრალური ფესტივალი?