in

“თუ ოდესმე სატენდერო სერვისს შევქმნიდით, მხოლოდ ერთად!” – ამბავი BID4U-ზე

Startauperi
Startauperi

“2013 წლის იანვარში, რვა თვის ორსული სამსახურიდან გამომიშვეს. ძალიან რთული ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეუღლე. ზუსტად ამ დროს გამიჩნდა იდეა ჩემი გამოცდილება შემეთავაზებინა სხვადასხვა კომპანიისათვის. ჩემს გარშემო კომპეტენტურ ხალხს ვკითხე რას მირჩევდნენ, უმეტესობა სკეპტიკურად მიუდგა ჩემს იდეას, მაგრამ არ დავნებდი,” – ასე დაიწყო ეკა მახარაძემ ფრილანსერობა. ამ სიტყვის მნიშვნელობა, იმ მომენტისთვის, არ იცოდა. უბრალოდ, ადგა და სატენდერო მომსახურების გაყიდვა დამოუკიდებლად დაიწყო. თანდათან პირველი დამკვეთებიც გამოჩნდნენ და სანაცნობო წრემაც ზრდა დაიწყო.

“ბევრი შეცდომაც იყო, მახსოვს მოუწერიათ შეთავაზებაში ასე კი არა, ისე უნდა გეწეროსო, ნელ-ნელა ვხვეწდი სერვისს შეთავაზების ფორმიდან დაწყებული, მომსახურებით დამთავრებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში სატენდერო წინადადების მომზადების ფრილანს პოზიცია შექმნა.”

შემდეგ, ანა ქავთარაძე გაიცნო, ახალ სამსახურში, სადაც კოლეგები კომერციული მიმართულებით მუშაობდნენ. საერთო საქმემ და ხედვებმა მალე დაამეგობრა. ერთმანეთს გამოცდილებასაც აქტიურად უზიარებდნენ და საქმესაც კომფორტულად ინაწილებდნენ. და როდესაც ეკა მეგობარს დიდი ხნის სურვილზე, სატენდერო მომსახურების კომპანიის დაფუძნებაზე ესაუბრა, ერთხმად შეთანხმდნენ – თუკი, ოდესმე მსგავს კომპანიას შექმნიდნენ, ამას მხოლოდ ერთად გააკეთებდნენ. მას შემდეგ, მათი პროფესიული გზები გაიყო, თუმცა, მეგობრებმა მაინც შეძლეს და წლების წინანდელ ჩანაფიქრს, სახელწოდებით BID4U საფუძველი 2019 წლის შემოდგომაზე ჩაუყარეს. უკვე, დღევანდელი გადმოსახედიდან:

“პერსპექტიული ბიზნესია, ნელნელა მზარდი. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ცნობადობის გაზრდას. ახლა უკვე იმეტაპზე ვართ, რომ ჩვენივე კლიენტები გვიწევენ რეკომენდაციებს.

უკვე ცხრა წელია ამ სფეროში ვართ და გამოცდილებამ ისიც გვიჩვენა, რომ ბაზარზე არ არსებობს კადრი ან კომპანია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ტენდერისათვის შეძლებს დოკუმენტების მომზადებას. ყველა სფეროს განსხვავებული სპეციფიკა, ნიუანსები აქვს და განსხვავებული გამოცდილება სჭირდება. ესაა ჩვენი პლუსი, მოვამზადოთ ნებისმიერი ტიპის ტენდერი, იქნება ეს დონორის მიერ დაფინანსებული, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიის გამოცხადებული. ასევე მნიშვნელოვანია ერკვეოდე იურიდიულ თუ ბუღალტრულ საკითხებში, რომ საჭიროებისამებრ სწორი მიმართულება მისცე კომპანიას. ჩვენ მხოლოდ სატენდერო წინადადებას არ ვამზადებთ, ჩვენ ვართ კონსულტანტები, რომელიც ვეხმარებით კომპანიებს სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ტენდერთან მიმართებაში.”

M: რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ სერვისის მიწოდება ბაზრისთვის?

ტენდერებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი ან დირექტორი. აქედან, ზოგი ვერ ერკვევა, რა პროცედურებია საჭირო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ზოგი ერკვევა, მაგრამ დრო არ აქვს. კომპანიების უმეტესობისათვის სრულგანაკვეთიანი სტაფის აყვანა ამ პოზიციაზე არაა გამართლებული, რადგან უმეტესობა კომპანიებისა გარკვეული პერიოდულობით, ან სეზონურად იღებს ტენდერებში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, დისტანციური მომსახურება, ამ მხრივ, იდეალურია დამკვეთი კომპანიისთვის – თანხას იხდის კონკრეტულ მომსახურებაში, კონკრეტულ მომზადებულ ტენდერში.

M: ტენდერის მიმართულებით, რა სერვისები შესთავაზეთ ბაზარს?

ანა ქავთარაძე, ეკა მახარაძე

დამკვეთი შეიძლება იყოს ყველა – მცირე მეწარმიდან დაწყებული, მსხვილი სამშენებლო კომპანიით დამთავრებული. ვთავაზობთ როგორც ერთჯერად მომსახურებას, ისე ყოველთვიურ კორპორაციულ თანამშრომლობას, რაც დამკვეთისათვის საინტერესო ტენდერების მოძიებას გულისხმობს. ასევე, ჩვენი დიდი პლუსია დონორი კომპანიების მიერ დაფინანსებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღების შეთავაზება, რომელსაც აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა აქვს.

M: რა სირთულეებს წააწყდით ბაზარზე თავის დამკვიდრების პროცესში?

სანდოობა და პროფესიონალიზმი. დამკვეთის მხრიდან, ხშირად წამოსულა კითხვები კონფიდენციალობასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ, ჩვენ ვდებთ გაუთქმელობის ხელშეკრულებას, რაც სანდოობის სრული გარანტია. ასევე, როდესაც დამკვეთი მისთვის მნიშვნელოვან პროექტს გიკვეთავს, დარწმუნებული უნდა იყოს შენს პროფესიონალიზმში, თუმცა ჯერ არ გვქონია შემთხვევა, ყველა შესაძლო ეჭვი პირველივე შეხვედრის შემდეგ არ გაგვექარწყლებინა.

M: კომპანია უკვე ერთი წლისაა. ახლა რომ იწყებდეთ, რას გააკეთებდით სხვანაირად?

ბევრი დრო დავკარგეთ საოფისე ინფრასტრუქტურის შექმნაზე. პანდემიის პირობებში, ეს სრულიად არასაჭირო აღმოჩნდა.

M: პანდემიის პირობებში როგორ ოპერირებდით, რა გამოწვევებს წააწყდით პირველ თვეებში?

პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს საქმიანობაზე. შემცირებული მოთხოვნა გადაუდებელი საჭიროების გარდა – ძალიან ცოტა ტენდერი ცხადდებდა, შესაბამისად, მიმწოდებელი კომპანიების რიცხვიც იყო ძალიან ცოტა. ფაქტობრივად, ივლისის თვიდან აღვადგინეთ აქტიურად მუშაობა.

პირველ რიგში, გადავედით სრულად დისტანციურ მუშაობაზე, რამაც საშუალება მოგვცა ხარჯები დაგვეზოგა. თუ მანამდე მომხმარებელი ითხოვდა ოფისში შეხვედრას, პანდემიის შემდეგ მაინც ყველა მიეჩვნია, რომ დისტანციურად მუშაობა ჩვენს სფეროში ისევე ეფექტურად შეიძლება, როგორც ოფისიდან. ჯერჯერობით ამ მიმართულების შეცვლას არ ვფიქრობთ.

M: რა გაძლევთ მოტივაციას, აკეთოთ ეს საქმე?

მოტივაცია თითოეული კმაყოფილი დამკვეთია. ასევე, დამკვეთების მიერ გაწეული რეკომენდაციები რეკომენდაციები. სატენდერო პროცესი გარკვეულად აზარტულია. ჩვენს კლიენტებთან ერთად გვიხარია თითოეული მოგებული ტენდერი. მოტივაციას სწორედ ის გაძლევს, რისი კეთებაც იცი და გამოგდის.

M: როგორია სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ, თანამშომლების დამატება გვინდა. სწორი მენეჯმენტის პირობებში ვფიქრობთ დავამატოთ კადრები, გადავამზადოთ, დავატრენინგოთ. ასევე, ვაპირებთ სატრენინგო კურსების დამატებას, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკულად კუთხითაც.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Facebook-ის ახალი სივრცე სტუდენტებისთვის – Facebook Campus

ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ზე ახალგაზრდა კომპოზიტორების საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში მოხვდა