„სახლიდან მუშაობა“ ეკა მახარაძემ 2013 წელს დაიწყო, როდესაც სრულიად მოულოდნელად, რვა თვის ორსული, სამსახურიდან გამოუშვეს. მაშინ არც იცოდა, რომ ამ საქმიანობას „ფრილანსერობა“ ერქვა და სულ მალე მთელი მსოფლიოსთვის ნაცად პრაქტიკად იქცეოდა. უბრალოდ, ადგა და სატენდერო სერვისების გაყიდვას დამოუკიდებლად შეუდგა. მოგვიანებით, ანა ქავთარაძე გაიცნო, რომელთან მეგობრობამ და პარტნიორობამაც სატენდერო სერვისების კომპანიის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა. ასე გამოჩნდა ბაზარზე BID4U, რომელსაც ათწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტენდერისთვის შეუძლია დოკუმენტაციის მომზადება. თუმცა, გამოცდილებასა და მონდომებას, BID4U-ს მართვისას, თან ახლდა შეცდომებიც, რაზეც ეკა მახარაძე გვესაუბრა.
დასაწყისში:
„მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული გვქონდა სამიზნე აუდიტორია, მათთან კომუნიკაციის შერჩეული ფორმები საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო გახდა სხვა დამატებითი გზების მოძიება, სხვადასხვა სახის შეხვედრა.“
საკვანძო შეცდომები:
„ერთ-ერთ ძირითად შეცდომად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით. დასაწყისისთვის, ეს მარტივი ჩანდა, ბრენდბუქის შექმნაც კი სრულად ჩვენს თავზე ავიღეთ, თუმცა იმ დროს როცა უკვე რეალური შეკვეთები წამოვიდა და საკმაოდ დაკავებულები აღმოვჩნდით, საჭირო გახდა ცალკე გაყიდვებზე მუშაობა. ჩვენი რესურსი არანაირად არ იყო საკმარისი – არსებულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და ახლების მოძიება ერთად ძალიან რთული აღმოჩნდა.
სტარტაპერისთვის საკმაოდ რთული განსასაზღვრია, როდის დაიმატოს კადრი, როდის არის ეს ზედმეტად გაწეული ხარჯი და როდის გადაუდებელი აუცილებლობა. ამ ზღვრის დადგენა ცოტა გაგვიჭირდა და ამან ჩვენს შეკვეთებზე იმოქმედა.
საკმაოდ დიდ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს საფასო პოლიტიკა. თავიდან გვქონდა შემუშავებული მომსახურების ფასები, მაგრამ პანდემიის შემდგომი კრიზისის და ადამიანური ურთიერთობების გამო თითქმის არავისთვის არ გვითქვამს უარი. შედეგად, მივიღეთ დიდი დროსა და ენერგიის ხარჯვა, მიზერული ანაზღაურების ფასად, ან სრულიად უფასოდ. მალე მივხვდით, რომ ეს არ იყო ქველმოქმედება, ადამიანების დახმარება კარგია, თუმცა შრომის ანაზღაურებაც აუცილებელია, ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ საკითხს მივაქციოთ ყურადღება.“
შეცდომები პანდემიისას:
„პანდემიის დასაწყისში, ფაქტობრივად, გავაჩერეთ მუშაობა, რადგან თითქმის ყველაფერი გაჩერებული იყო და მხოლოდ გადაუდებელი ტიპის ტენდერები ცხადდებოდა. მართალია, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, დატვირთვამ საგრძნობლად იმატა და ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე მხოლოდ პირდაპირ გაყიდვებზე იყო ორიენტირებული, დაინტერესდა ტენდერებით, თუმცა რესურსების ნაკლებობისა თუ სატენდერო პროცესებში სრულად გაუთვითცნობიერებულობის გამო, მრავალი შეხვედრისა და კონსულტაციის მიუხედავად, შედეგები არ მოიტანა. ამან ძალიან დიდი დრო და ენერგია დაგვაკარგინა.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი