in

Bidspace.ge – ქართული ციფრული პლატფორმა, სადაც ბილეთების ყიდვასა და გაყიდვას შეძლებთ

Startauperi
Startauperi

ქართულ ონლაინ სივრცეში ციფრული პლატფორმა Bidspace.ge გამოჩნდა, რომელიც ბილეთების გადაყიდვის პროცესს სრულიად ახლებური მიდგომით აწესრიგებს. ინოვაციური აუქციონის სისტემა საშუალებას იძლევა, ბილეთების ფასი განისაზღვროს არა გამყიდველის სურვილით, არამედ რეალური მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. სტარტაპის იდეა ბაჩო ხითარიშვილს გაუჩნდა, რომელსაც თავადაც არაერთხელ უცდია ბილეთების საყიდლად სანდო გადამყიდველის პოვნა. პროფესიით ფინანსისტმა პირად გამოცდილებაში ბიზნესის პერსპექტივა დაინახა და სტარტაპად აქცია.

მომხმარებლების მთავარი საჭიროება, რომლებსაც პლატფორმა აგვარებს, არის უსაფრთხოება, ნდობა და ფასწარმოქმნის გამჭვირვალობა. პლატფორმაზე შეგიძლიათ შეიძინოთ და გაყიდოთ ბილეთები, ასევე, მონაწილეობა მიიღოთ აუქციონებში. Bidspace სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და პირველი მომხმარებლებიც ჰყავს. დამფუძნებლის მიზანია, პლატფორმის დახმარებით, საიმედო ალტერნატივით ჩაანაცვლოს Facebook-ის ჯგუფები, სადაც ათიათასობით ადამიანია გაერთიანებული. როგორ მუშაობს Bidspace-ის სისტემა და როგორია მისი განვითარების პოტენციალი, იდეის ავტორმა, ბაჩო ხითარიშვილმა გვიამბო.

M: როგორ მუშაობს თქვენი სისტემა და რატომ აირჩიეთ აუქციონის პრინციპი?

იდეა პირადი გამოცდილებიდან დაიბადა. არაერთხელ მომიხდა Facebook-ის „შავი ბაზრის“ ჯგუფებიდან ბილეთების შეძენა და გამოცდილება ხან დადებითი იყო, ხანაც – უაღრესად უარყოფითი – მოვტყუებულვარ მეც და არაერთი სხვა მსურველიც.

დიდი მასშტაბის ღონისძიებებზე კიდევ არსებობს გზები, მაგრამ მცირე თეატრალურ წარმოდგენებსა თუ კონცერტებზე ხშირად საერთოდ ვერ შოულობ ბილეთებს. როდესაც რაიმე პოპულარული ღონისძიებაა, მომხმარებელი იძულებულია, სრულიად უცნობ ადამიანებს ენდოს და რისკი გასწიოს.

ჩვენი პლატფორმა აუქციონის პრინციპზე მუშაობს, რაც მსგავს საერთაშორისო პლატფორმებს შორის უნიკალურია. გადამყიდველს შეუძლია დადოს ბილეთი, განსაზღვროს აუქციონის ვადები და დაადგინოს მინიმალური ფასი. სანამ აუქციონი დაიწყება, შესაძლებელია ბილეთის პირდაპირ გაყიდვა მის მიერ დადგენილ ფასად. თუ ეს არ მოხდა, იწყება აუქციონი და ბილეთი გადაეცემა მას, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

ვფიქრობ, ეს ყველაზე სამართლიანი გზაა, რადგან ბილეთის საბოლოო ფასს განსაზღვრავს არა გადამყიდველი, არამედ ბაზარი – რეალური მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი.

M: ონლაინ ტრანზაქციებში ნდობა მთავარი გამოწვევაა – როგორ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას და ბილეთების ავთენტურობას?

ნდობა მართლაც უმთავრესი საკითხია ასეთ სერვისში. ჩვენ რამდენიმე მექანიზმი შევიმუშავეთ ამის უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში, ვახდენთ მომხმარებლების (განსაკუთრებით გამყიდველების) ვერიფიკაციას – ვითხოვთ პირად ინფორმაციას, ვუკავშირდებით ტელეფონით და ვრწმუნდებით მათ ვინაობაში.

ასევე, გვაქვს შეფასებების სისტემა. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ გამყიდველის რეპუტაცია – რამდენი გარიგება განახორციელა, როგორი შეფასებები აქვს. ეს ყველაფერი ხილულია პროფილში.

დასაწყისისთვის, როცა ჯერ არავის აქვს რეპუტაცია დაგროვილი, ვიყენებთ დამატებით დაცვის მექანიზმებს. ჩვენს წესებსა და პირობებში მკაფიოდ არის მითითებული, რომ თაღლითობის შემთხვევაში ვფლობთ გამყიდველის სრულ ინფორმაციას და სამართლებრივი დევნაც შესაძლებელია.

ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში კარგად ფუნქციონირებადი და სანდო შეფასებების სისტემა ავტომატურად გაფილტრავს არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს ბაზრიდან.

M: როგორ აპირებთ გადართოთ მომხმარებლები Facebook ჯგუფებიდან თქვენს სერვისზე?

პირველი გამოხმაურებები საკმაოდ დადებითია. ორი დღის განმავლობაში, რამდენიმე ათეული ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც სტარტაპისთვის კარგი მაჩვენებელია. ცხადია, არიან სკეპტიკოსებიც, რაც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ადამიანს ჰქონია ნეგატიური გამოცდილება ბილეთების შეძენისას.

ჩვენი მიზანია, თანდათანობით ჩავანაცვლოთ Facebook ჯგუფები. მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფი 144,000 წევრს ითვლის – ეს უკვე მიანიშნებს ბაზრის პოტენციალზე. სტრატეგია მარტივია: ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და მოსახერხებელ პლატფორმას, რომელიც რეალურ ღირებულებას სთავაზობს ორივე მხარეს.

დიდი ყურადღება დაეთმობა მარკეტინგსაც. გვექნება კამპანიები სპორტული ღონისძიებების, თეატრების, კონცერტების მიმართულებით. გვინდა, რომ მომხმარებლები დარწმუნდნენ – ჩვენთან ყიდვა-გაყიდვა უფრო უსაფრთხო, გამჭვირვალე და სამართლიანია, ვიდრე ჯგუფებში.

M: როგორ დაგეხმარათ თქვენი ფინანსური განათლება და გამოცდილება ამ პროექტის დაწყებაში?

თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 7-8 წელი ფინანსების სფეროში ვმუშაობდი – ვიყავი ფინანსური აუდიტორი, თიბისი ბანკის კორპორატიული ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია სტარტაპის წამოწყებისას.

ბიზნესს სხვადასხვა კუთხიდან შევხედე: როგორც აუდიტორმა, რომელიც ამოწმებს, როგორც ანალიტიკოსმა, რომელიც აფასებს და როგორც მენეჯერმა. ეს ყველაფერი საკუთარი პროექტის განვითარებაში მეხმარება.

ვებსაიტის განვითარებაზე პროფესიონალების გუნდი მუშაობდა. მრჩევლების როლში ჩართული არიან ჩემი მეგობრები მარკეტინგისა და ფინანსების სფეროებიდან. ვგეგმავ გუნდის გაფართოებას, როგორც კი მოვიპოვებთ ინვესტიციას ან გრანტს. პირველ ეტაპზე, საოპერაციო პროცესებს თავად ვმართავ.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე, რომელსაც სამსახურის პარალელურად ითავსებთ?

დიდი ხანია მინდოდა რაღაც ჩემი შემექმნა, რაშიც აქტიურად ვიქნებოდი ჩართული და რაც რეალურ ღირებულებას შექმნიდა. ეს პროექტი პირადად ჩემთვის ნიშნავს დამოუკიდებლობას, ინოვაციას და იმის შესაძლებლობას, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში გამოვიყენო.

განსაკუთრებით მამოტივირებს ის, რომ ვცვლით ბაზარს, რომელიც დღეს ქაოტური და ხშირად არასანდოა. გვინდა, გადამყიდველები გავათავისუფლოთ ნეგატიური იარლიყისგან და შევქმნათ სანდო, გამჭვირვალე სივრცე ყველასთვის.

ამ ეტაპზე მაინც ვაგრძელებ ძირითად სამსახურს, სადაც ფინანსური მენეჯერი ვარ. არ არის ადვილი ორივეს შეთავსება, მაგრამ იმდენად მწამს ამ იდეის, რომ ღირს ძალისხმევა. თუ პროექტი ისე განვითარდება, როგორც ვვარაუდობ, შესაძლოა მომავალში სრულ დროს დავუთმო მას.

M: რატომ უნდა დაინტერესდნენ ინვესტორები თქვენი სტარტაპით და როგორ გეგმავთ განვითარებას მომავალში?

ჩვენი სტარტაპი ინვესტორებისთვის რამდენიმე მიზეზით არის მიმზიდველი. პირველ რიგში, ვმუშაობთ რეალური პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც ათიათასობით ადამიანს აწუხებს. საქართველოში მეორადი ბილეთების ბაზარი არის ქაოტური, არაორგანიზებული და სავსე რისკებით. მეორე მცრივ, ჩვენი მოდელი ინოვაციურია – აუქციონის პრინციპი, რომელიც ვნერგავთ, უნიკალურია არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ეს გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას და დიფერენცირების შესაძლებლობას.

განვითარების თვალსაზრისით, მოკლევადიან პერიოდში ვგეგმავთ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ვმუშაობთ პროდუქტის დახვეწაზე და მომხმარებელთა ბაზის გაზრდაზე. დღეს ოთხ მიმართულებას ვფარავთ – თეატრი, კონცერტები, სპორტი და ტრანსპორტი, მაგრამ მათ შიგნით ბევრი ქვეკატეგორიაა, რომელთა განვითარებაც გვაქვს დაგეგმილი.

რაც შეეხება საერთაშორისო ექსპანსიას, ჯერ კონცენტრირებული ვართ ლოკალურ ბაზარზე, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს. ჩვენი აუქციონის სისტემა და უსაფრთხოების მექანიზმები ერთნაირად ეფექტური იქნება ნებისმიერ ბაზარზე, სადაც ბილეთების მეორადი გაყიდვა მიმდინარეობს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა მნიშვნელობა აქვს დიზაინს ცირკულარულ ეკონომიკაში

გრძელი ვიდეოები მეტ ნახვას აღწევს? ახალი დაკვირვება ტიკტოკზე