3
Nov
2017

რა არის მეგა მონაცემები და რას სთავაზობს ACT კომპანიებს ამ მონაცემების ანალიზით?!

3 Nov 2017

მეგა მონაცემები, იგივე  Big Data იმ  ადამიანურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ რესურს მოიცავს, რომელიც საჭიროა მონაცემთა მოპოვების, ორგანიზების, ანალიზისა და ანგარიშგებისთვის. კომპანია ACT-ის მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა ბოკუჩავას თქმით, პირველები იყვნენ, ვინც ბიზნესის განსხვავებული წყაროებიდან გენერირებული მეგა მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა დაიწყეს. ამბობს, რომ მიღებული ინფორმაციის საშუალებით, მოკლე დროში, ბევრად მარტივად და ნაკლები დანახარჯით შესაძლებელია მომხმარებელზე მორგებული პროდუქტისა და შეთავაზების შექმნა.

 

ლაშა ბოკუჩავა: Big Data, თავისი არსით, მოიცავს ყველა იმ  ადამიანურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ რესურს, რომელიც აუცილებელია მონაცემთა მოპოვების, ორგანიზების, ანალიზისა და ანგარიშგებისთვის. თანამედროვე მომხმარებელი გახდა უფრო მომთხოვნი, ინფორმირებული და ნაკლებად ლოიალური. შედეგად, ტრადიციული მიდგომები აღარ არის საკმარისი მათი ქცევის პროგნოზირებისთვის, ხოლო Big Data ანალიზის მთავარი სარგებელი სწორედ პროგნოზირებაა. წარმოიდგინეთ, რომ სხვადასხვა წყაროებიდან (სოც. ქსელებიდან, კვლევებიდან, კომპანიების საოპერაციო საქმიანობიდან და სხვა) მიღებული მონაცემების ანალიზის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ მომხმარებლების სეგმენტაცია და დავადგინოთ რომელია ყველაზე ღირებული მომხმარებელი. ასევე, გავაკეთოთ მათი სამომავლო ქცევის პროგნოზირება, მაგალითად განვსაზღვროთ რომელი ტიპის მომხმარებელი შეიძლება „დაკარგოს“ ბიზნესმა. გარდა ამისა, სტატისტიკური ანალიზი და მოდელირება გვეხმარება Cross-Sell და Up-Sell სტრატეგიის უკეთესად დაგეგმვაში, მისი მეშვეობით შეგვიძლია შევქმნათ სამომხმარებლო კალათა, რომელიც ყველაზე კარგადაა მორგებული კონკრეტულ მომხმარებელზე. და ბოლოს, მარკეტინგისთვის მნიშვნელოვნია მისი ეფექტიანობის შეფასება. ამ მხრივ, ბიზნეს ანალიტიკა ერთ-ერთი საბაზისო ინსტრუმენტია. ანალიზი გვეხმარება მარკეტინგული ბიუჯეტის უფრო ეფექტიან გადანაწილებაში, რასაც საბოლოოდ მივყავართ მარკეტინგული ROI-ს ამაღლებასთან. სისტემური მიდგომით შესაძლებელია ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული მიზნობრივი კამპანიების ეფექტიანობის გაზომვა და ისტორიულ შედეგებზე დაყრდნობით სამომავლო კამპანიაზე გამოპასუხების დონის პროგნოზირება.

M: ვისთვის არის საჭირო მეგა მონაცემების ანალიზი?

ეს მომსახურება არის საშუალო და დიდი კომპანიებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც საცალო ვაჭრობას და მომსახურებას ეწევა, იქნება ეს საფინანსო, სადაზღვევო, სადისტრიბუციო თუ სხვა ტიპის ბიზნესი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანალიზისთვის არ არის აუცილებელი დამატებით მოვიპოვოთ მონაცემები გარე წყაროებიდან. Big Data ანალიზისთვის, შესაძლოა, გამოვიყენოთ შიდა მონაცემები (ისტორიული და ტრანზაქციული მონაცემები), რომელზე დაფუძნებითაც ძალიან ღირებული დასკვნების გამოტანა შეიძლება.

M: რატომ უნდა გამოიყენონ კომპანიებმა ეს პროდუქტი? 

მინდა აღვნიშნო, რომ Big Data ანალიტიკა ბიზნესის განვითარების თანმდევი პროცესია, ჩვენ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ და კომპანიები ფიზიკურად ვერ ასცდებიან მის გამოყენებას. მეგა მონაცემების დამუშავების საშუალებით შესაძლებელია ბევრად მარტივად,  მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯით მომხმარებელზე მორგებული პროდუქტისა და შეთავაზების შექმნა. ამასთან, ანალიტიკა მნიშვნელოვანია ბიზნეს რისკების დაზღვევისა და ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად.

M: დღეს საქართველოში Big Data ანალიზზე მოთხოვნა არის? 

ჩვენ წლებია ვაკვირდებით მსოფლიო ტენდენციებსა და ქართულს ბაზარს. 2016 წელს მივხვდით, რომ ქართული ბაზარი მზად იყო მსგავსი პროდუქტების მისაღებად და 2017 წლის დასაწყისიდან გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. შევქმენით კონკრეტული დეპარტამენტი, სადაც თავი მოვუყარეთ მონაცემთა ანალიტიკოსებს, მონაცემთა ინჟინრებს, სტატისტიკოსებს, მოდელირების სპეციალისტებს და დავიწყეთ Big Data ანალიტიკაზე მუშაობა. ბიზნეს ანალიტიკა „ეისითისთვის” თავისი საქმიანობის ორგანული და ლოგიკური გაგრძელებაა. ზურგს გვიმაგრებს უზარმაზარი გამოცდილება სტატისტიკაში, მოდელირებასა და ბიზნეს კვლევებში, რომელიც დაგვიგროვდა 1000-ზე მეტი პროექტის განხორციელებისას. პრაქტიკულად, არ დარჩენილა სექტორი, ვისთანაც არ გვითანამშრომლია.

M: რა გეგმები გაქვთ მომავალში?

იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ბაზარი ამ მხრივ ჩამოყალიბების პროცესშია, ვფიქრობთ, მის განვითარებაში ჩვენ დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ. ACT-ის წამყვანი კონსულტანტები აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო საქმიანობაში, უკვე ვატარებთ ტრეინინგს მარკეტერებისთვის, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ტრადიციას. სწორედ კვალიფიკაციის ამაღლება არის გზა, რომელიც სექტორს მნიშვნელოვნად განავითარებს. გაზაფხულიდან ვგეგმავთ პროფესიულ ტრეინინგებს სტატისტიკის, ბიზნეს ანალიზის, ანალიტიკური მოდელირების პროგრამებისა და მონაცემთა დამუშავების მეთოდების მიმართულებით. განვითარების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. სწორედ ამ მიზნით ნოემბრის ბოლოს მივემგზავრებით ნიუ-ორკში, სადაც ESOMAR-ის ორგანიზებით ტარდება Big Data World 2017 კონფერენცია. ამ ღონისძიებაზე წასვლის ინიციატივა „ეისითის“ ეკუთვნის. მხარდაჭერისთვის მივმართეთ „აწარმოე საქართველოს“ და მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს როგორც ორგანიზების, ისე თანადაფინანსების თვალსაზრისით. ძალიან გვიხარია, რომ სახელმწიფო იაზრებს რაოდენ მნიშვნელოვანია ინტელექტუალური ბირთვის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის.

 

განხილვა